Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უი, ეს რა დამიწერია!


”რა დაემართა გვახარიას?” - უკითხავს ერთ ჭკვიან კაცს ჩემი ბლოგის წაკითხვის შემდეგ (”პედრო ალმოდოვარიდან ზვიად გამსახურდიამდე”). ამას კიდევ არა უშავს - მხოლოდ იკითხა. მაგრამ გამოჩნდნენ ისინი, ვინც უაღრესად საინტერესოდ ახსნა გვახარიას მეტამორფოზა: ხელისუფლების დაკვეთაა - ”ზვიადისტები” უნდა აქო, რუსები ლანძღო და ამით ”გასუდარსტვენიკობა” (რუსულად ამბობენ რატომღაც) და, შესაბამისად, სააკაშვილი გაამართლოო.

რა შავ დღეში ჩამაგდო ამ პატარა ბლოგმა?! როგორ უნდა გამემართლებინა თავი? როგორ დამემტკიცებინა, რომ ”მონანიება -1” დღეს არ მომხდარა?

მაგრამ ღმერთი რისთვისაა, სწორედ შავ დღეებში თუ არ გამოგიწოდა დახმარების ხელი? სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე 1999 წლის ბოლო დღეებში, ”დილის გაზეთისთვის” დაწერილი კომენტარი ”გურამ პეტრიაშვილის საახალწლო მონატრება”, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ 1987 წელს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა პლენუმზე, მას შემდეგ, რაც თქვენმა მონა-მორჩილმა (ვგიჟდებიი ამ გამოთქმაზე!) სერგო ფარაჯანოვზე გურამ პეტრიაშვილის სტატიას”ფაშიზმის აღორძინების მცდელობა” უწოდა, ბატონმა გურამმა ისეთი მუშტი გაუქანა ამ თქვენს მონა-მორჩილს, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა გვახარიამ გონება დაკარგა. მერე კი დაიფიცა, რომ არასდროს იქნებოდა იქ, სადაც პეტრიაშვილია.

ახლა კი სტატია. აბა, ვიმსჯელოთ, შეიცვალა თუ არა საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება 1999 წლის ბოლო დღის შემდეგ?

გურამ პეტრიაშვილის საახალწლო მონატრება

ამას წინათ, ჩვენი რადიოსთვის სიუჟეტს ვამზადებდი ქართველი აბსტრაქციონისტების პირველ ჯგუფურ გამოფენაზე, რომელიც 1987 წელს გაიმართა თბილისში. პრესას გადავხედე და გურამ პეტრიაშვილის რეცენზიას გადავეყარე. ჩემი ცხოვრების ყველაზე დაუძინებელი ოპონენტი მხატვრებს მოუწოდებდა ”ხატეთ ქართული მუხა და ქართული იები!”. მისთვის არავის უკითხავს, როგორია ეს ”ქართული მუხა”, რა განასხვავებს მას თუნდაც მოლდავურისგან. მკითხველები პეტრიაშვილის წერილის სულ სხვა ნაწყვეტმა აღაშფოთა: ”ირგვლივ ყუმბარები რომ არ სკდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი არაა”.

”ეს პროვოკაციაა!” - გაიძახოდნენ ჩემი ნაცნობ-მეგობრები. ჯერ კიდევ არავის სჯეროდა, რომ ცოტა ხანში საქართველოში მართლაც გასკდებოდა ყუმბარები და პროვოკაციას, უპირველესად, ის ხალხი წამოეგებოდა, რომელსაც ქართული მუხის და ქართული იის განსაკუთრებულობის სჯეროდა.

70 წელი გვქმნიდნენ და რამდენიმე წელიწადში როგორ შევიცვლებოდით? ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ რუსეთის ხატისგან ვერ გავთავისუფლებულიყავით - ხან ”გველოცა” რუსეთზე, ხანაც დაგვეწყევლა ყველაფერი რუსული. უფრო სწორად, ზოგს დაეწყევლა, ზოგს დაელოცა რუსეთი, რათა შემდეგ ეს ორი მხარე, ორივე ქართული, ერთმანეთს შეტაკებოდა და ყუმბარებიც გაეხეთქა. ასეთი რუსოფობიითა და რუსოფილიით ხვდება ქართული საზოგადოება მეორე ათასწლეულს.

ფრანსუა ტრიუფო ფრანგი ისტორიკოსებისგან, ფსიქოლოგებისგან, სექსოლოგებისგან მოითხოვდა, შეესწავლათ ოკუპაციის ”სექსუალური ასპექტები”, რათა დაედგინათ, რამ განაპირობა ფრანგების აბსოლუტური უმრავლესობის სექსუალური ვნება დამპყრობლის მიმართ. ”პარიზისისთვის ნაცისტი-დამპყრობელი ყველაზე სასურველი სექსუალური პარტნიორი გახდა - წერს ტრიუფო - ისე, როგორც ვამპირის მსხვერპლს უყვარს სისხლისმწოველი, როგორც მაზოხისტი კარგავს ჭკუას სადისტზე - თან სძულს, თან ნეტარებას განიცდის... ესაა დამცირებით აგზნებული სხეული, რომელსაც სხვაგვარი ნეტარება უკვე ვეღარ წარმოუდგენია”.

საქართველოში დღეს, ჩრდილოეთის მზეზე გაზრდილი პოლიტიკოსები გაზის სამათხოვროდ კვლავ მოსკოვში დაიარებიან (არაა გამორიცხული, ისევ კონიაკებით), ე.ი. სასიცოცხლო ენერგიას იმას სთხოვენ, ვისგანაც მტრის ხატს ქმნიან. ახალგაზრდები ნაკლებად ფარისევლობენ. ამიტომაც, მაშინაც კი, როცა რუსეთი ომალოს ბომბავს, საქართველოს მოსახლეობას გაზის გადაკეტვით ემუქრება, ჩვენი თინეიჯერები სიამოვნებით უსმენენ რუსული ესტრადის ჰიტებს, ცეკვავენ და მღერიან რუსული ანსამბლების რეპერტუარზე.

არ შეგვიძლია ვამპირთან გამომშვიდობება?

დეკემბრის მიწურულს ვერაფრით დავმალეთ დროებით დათრგუნული ვნება რუსული შოუ-ბიზნესისადმი. ჩვენი ჟურნალისტები, განსაკუთრებით ”რუსთავი 2”-ში, ამჯერად ჟურნალ ”პლეიბოის” რუსული გამოცემის რედაქტორის, არტიომ ტროიცკის საქართველოს დედაქალაქში ვოიაჟით აღფრთოვანდნენ. ასეთი გრანდიოზული მიღება თბილისში კატია რიჩარელის და ვანესა რედგრეივს არ ღირსებიათ. იქნებ იმიტომაც, რომ იგივე რედგრეივი (”კომუნისტი ყოფილა ეს ქალი!” - ამბობდნენ ქართველი სნობები დიდი მსახიობის საღამოს შემდეგ) არ ცინიკოსობდა, არავის დასცინოდა, ჭკუას არ გვასწავლიდა. რედგრეივი მოსკოვიდან არ ჩამოსულა!

აი, ტროიცკიმ კი ძალიან გაახარა ყველა, მიუხედავად იმისა, რომ გაზი არ ჩამოუტანია. ის კი არა, რომელიმე მუსიკალური ჯგუფის ჩამოყვანაც დაენანა. თან ახლდა მხოლოდ საეჭვო გემოვნების მოდელიორი რაფ სადაროვი, რომელიც, ტროიცკის განცხადებით, ”აცმევს ქალებს”, განსხვავებით თავად ტროიცკისგან, რომელმაც აღიარა, რომ მისი ხელობა ”ქალების გახდაა”.

როგორც ხედავთ, მეორე ათასწლეულის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისს ეწვივნენ რუსული შოუ-ბიზნესის ის მესვეურნი, რომელთაგანაც ერთს უნდა გაეშიშვლებინა ქართველი გოგონები, მეორეს კი თავისი სამოსით შეემკო. ქართული ტელევიზია დეტალურად გვიჩვენებდა ტროიცკისთვის, საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე საბანაო კოსტიუმებში გამოწყობილ გოგონებს და შეზარხოშებული ”ცოცხალი” ტროიცკის სანახავად მოსულ თბილისელ ახალგაზრდებს, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდნენ თავიანთ კერპს და შინ (ცივ და ბნელ სახლებში) დასალევად ეპატიჟებოდნენ.

მაგრამ ”პლეიბოისთვის” ტროიცკიმ თბილისელი, მაგრამ ეთნიკურად არაქართველი გოგონები შეარჩია. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მსოფლიოში დღეს რუსული ტანი, რუსული ხორცია მოდაში. თუმცა დაგვპირდა, რომ კიდევ ჩამოვა საქართველოში, ანუ ქართველ გოგონებს მისცა დრო იმისთვის, რომ მათ ”რუსული ტან-ფეხი” დაიყენონ.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ტროიცკის ამ ვიზიტმა პირადად მე გურამ პეტრიაშვილი მომანატრა. ისევ მერჩივნა, მის ”იებსა და მუხებზე” გავბრაზებულიყავი, ვიდრე მშვიდად მეყურებინა, თუ როგორ მოსწონთ ჩვენს ახალგაზრდებს მონობა, როგორ სიამოვნებთ, როცა უხამსობას უსმენენ. ტროიცკი ასეთ პატივს, ასეთ მიღებას საფრანგეთში, ან თუნდაც ბალტიისპირეთში ვერასდროს მოესწრებოდა. იგი ჩამოვიდა ”იაფი ხორცის” შესარჩევად. მათ კი, ვინც მორალს გვიჩიჩინებს, ადვილად გადაიტანეს ეს, ეგრეთ წოდებული ”კასტინგი”. ისინი მხოლოდ რომის პაპის ვიზიტის გამო ქმნიან პანიკას. ”თვითმყოფადობას დაგვაკარგვინებსო”, ამბობენ... აქვე გამოგიტყდებით, რომ ვინაიდან ქართული საზოგადოების შვილი ვარ, რუსოფილიისა და რუსოფობიის ამ ერთობას მეც ვგრძნობ საკუთარ თავში. ამიტომ რომელიმე სულიერ მამას ტროიცკის ვიზიტის წინააღმდეგ მხოლოდ მორალისა და რელიგიის პოზიციიდან რომ გაელაშქრა, ”პლეიბოის” რუსული გამოცემის შეფის დაცვა მომიხდებოდა და მაშინ კამათი გახდებოდა შესაძლებელი. კამათი იმაზე, თუ რა არის ფარისევლობა და რა არის გემოვნებისა, კულტურის კრიზისი, რა არის მორალი და რა არის მონობა... და რადგანაც ტროიცკის წინასაახალწლო ვიზიტს კრიტიკულად არავინ გამოეხმაურა, მე ძალიან მომენატრა ბატონი გურამი. ოჰ, რას ვიკამათებდი მასთან ”ქართულ იებსა და მუხებზე”! და ქართველ გოგონებზე, რომლებიც დღეს რუსულ ტან-ფეხზე ოცნებობენ!

1999 წლის 30 დეკემბერი
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG