Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აღარ მენდობა გიგა ბოკერია


ჩემთვის რომ ეკითხათ, ყველაზე მეტად რა აკლია დღევანდელ საქართველოს, ვიტყოდი – თავისუფლება და ნდობა.

ზუსტად ვიცი, ნდობა რატომ ვახსენე. ჟურნალისტი ვარ და არ იყო ადვილად მოსასმენი, როდესაც ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა, მანამდე უცნობმა დარბაისელმა ქალბატონმა მითხრა: ჟურნალისტი ჩემთვის საბჭოთა პერიოდის მილიციონერივითაა, რომლისაც კიდეც მეშინია და რომელიც კიდეც მეზიზღებაო. იმის შემდეგ, „სირცხვილის დერეფნებზე“ რომ ლაპარაკობენ ხოლმე, სულ ის ქალბატონი მახსენდება.

თუმცა, არ გამიკვირდება, ამის წამკითხავმა ადამიანმა მაინც რომ თქვას: თავისუფლების დეფიციტი – დიახ, მაგრამ ნდობის დეფიციტი რა სახსენებელიაო? რაც გვჭირს, იმისგან გვჭირს, რომ ნდობის ფაქტორს უზომოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთო.

მართალიც არის. ერთი მხრივ, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი პირად ნდობაზეა აკინძული; მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიებიც ერთი პირის მიმართ ნდობის რადიუსზე თავმოყრილი ადამიანების ერთობაა.

და რაგინდ გულმოდგინედ ავწონ–დავწონო, მაინც მიჭირს შეფასება, ჩვენს ქვეყანაში დღეს უნდობლობა უფრო დიდი პრობლემაა თუ ნდობა. პრინციპში, ნდობაც და უნდობლობაც ერთი და იმავე პრობლემის ნაწილია.

რამდენიმე წლის წინ ბრიტანული ეთიკური ჟურნალიზმის ერთ-ერთი ბურჯისგან, დენ ვან დერ ვატისგან მოვისმინე ჩემთვის მეტად შთამბეჭდავი განმარტება, რომ „ნდობის საფუძველია სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად“. ამ სიტყვებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა არა იმდენად ნდობა-უნდობლობა, რამდენადაც სტანდარტი, რომელიც არ არსებობს – არც პროფესიებში, არც ურთიერთობებში, არც ზოგადი ქცევის წესებში.

ეს გარდამავალი პერიოდის თავისებურებაა – ძველი სტანდარტები დაგმობილია, ახალზე შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. შესაბამისად, სტანდარტად მიიჩნევა ის, რაც გავლენიანი პირების ცნობიერებაში ყალიბდება, როგორც წესი და რიგი. სწორედ ამ ვირტუალური სტანდარტის მიღება–არმიღება აყალიბებს დღევანდელ საქართველოში პიროვნებებს შორის ნდობასაც და უნდობლობასაც.

მე ვენდობოდი გიგა ბოკერიას, ვიდრე ჩვენ შორის იდგა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტი: უნდა დაიცვა ადამიანის უფლებები, იზრუნო უმცირესობებზე, იბრძოლო შენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. გიგა ბოკერიაც მენდობოდა, რადგან მეც – მის მსგავსად, საერთო სტანდარტის ჩარჩოში – უკეთესი საქართველოსთვის ვშრომობდი, როგორც შემეძლო.

ორიოდე წლის წინ დიდი ხნის უნახავი გიგა „რუსთავი 2“-ის სტუდიაში შემხვდა და ერთადერთი წინადადება მითხრა: „არაფერში არ გეთანხმები!“.

გამიკვირდა. ვერ მივხვდი, რას ვამბობდი ისეთს, რომ არაფერში მეთანხმებოდა. ახლა ვხვდები: მაშინ იგი უკვე ცხოვრობდა სხვა, ახალი სტანდარტით, რომელმაც თანდათან სულ დაგვაშორა ერთმანეთს. ფიზიკურადაც დაგვაშორა, რადგან დღეს შეუძლებელია, გიგა ბოკერია და მე რომელიმე ტელევიზიის სტუდიაში ერთად აღმოვჩნდეთ: სადაც მე მიწვევენ, იქ ის არ დადის და სადაც ის დადის, იქ მე აღარ მიწვევენ.

რა არის ეს ახალი სტანდარტი, რომელმაც ერთმანეთის მიმართ გიგას და ჩემი ნდობა სრულად ჩაანაცვლა პრეზიდენტის ნდობით მის მიმართ და მათი უნდობლობით ჩემ მიმართ? გიგა ბოკერია ამას, ალბათ, სახელმწიფო ინტერესების დაცვას დაარქმევდა (რისთვისაც მე აშკარად მოუმზადებელი აღმოვჩნდი!). ჩემი აზრით კი, ეს ახალი სტანდარტი არის ერთგულება პირადად მიხეილ სააკაშვილის მიმართ და პრეზიდენტის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენს „ძველ ცხოვრებაში“ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანის უფლებების თავდადებული დამცველი გიგა ბოკერია „ახალ ცხოვრებაში“ ოლეგ მელნიკოვის დამცველი გახდებოდა. ამგვარი მძიმე ტვირთის ზიდვა ბოლო წლებში ბევრმა ისეთმა ადამიანმა ისურვა, რომელთანაც ადრე დიდი ნდობა მაკავშირებდა.

ზუსტად არ ვიცი, რა შესძინა ახალმა სტანდარტმა ჩემს ძველ მეგობრებს: ძალაუფლება? ფული? საკუთარი თავის რწმენა? იმას კი ვხედავ, რომ ეს ტვირთი ნებაყოფლობითი აღარ არის და აღარც მხოლოდ პრეზიდენტის უშუალო გარემოცვას ეხება. რაც დრო გადის, მიხეილ სააკაშვილის ერთგულების სტანდარტის დაცვა აუცილებელი ხდება მოსამართლისთვისაც, პოლიციელისთვისაც, გამგებლისთვისაც, ბიზნესმენისთვისაც, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელისთვისაც, მომღერლისთვისაც, მხატვრისთვისაც, მწერლისთვისაც და ჟურნალისტისთვისაც.

მაგრამ ახალი სტანდარტი ჯერ კიდევ ტოვებს თავისუფალ სივრცეებს.

მე, მაგალითად, პრინციპულად არ ვიცვლი სტანდარტს და ნდობის ვექტორს, რადგან არ მინდა, დარბაისელ ქალბატონს, სკოლის პედაგოგს, მილიციონერად ვეჩვენებოდე. რაკი მაინცდამაინც ამ არჩევანის წინაშე დამაყენეს, რომ ან პრეზიდენტი უნდა მენდობოდეს და ან უცხო პედაგოგი ქალი – რომელსაც ჩემგან მხოლოდ სიმართლის მოსმენა უნდა – იძულებული ვარ, პრეზიდენტის ნდობა დავთმო.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ, ამ არჩევანის გამო ახალი სტანდარტის დამცველებს უკვე მიჩენილი აქვთ ჩემთვის ადგილი საეჭვო ღირებულებების „მობნელო“ ელემენტებს შორის. ამაზე მეღიმება, რადგან ჯიუტად არ მჯერა, რომ ჩემი რომელიმე არჩევანით სახელმწიფო ინტერესებს ვლახავ.

და მაინც, ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ შემეკამათოს – თავად გიგა ბოკერიას ან ვინმე სხვას – სიამოვნებით ვიწვევ აქ, „იანეთში“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG