Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავანებე თავი მოწევას, ანუ 11 სექტემბერი


დავით კაკაბაძე თუ ნიკო ფიროსმანაშვილი?

რატომღაც ეს შეკითხვა მაგონდება, როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლის წლებს ვიხსენებ.

სტუდენტები ერთმანეთს ვეკითხებოდით ხოლმე და ასე ვადგენდით, ვინ არის "ჩვენიანი" და ვინ არ აზროვნებს ჩვენნაირად.

"კაკაბაძისტებს" საშინლად გვაღიზიანებდა ფიროსმანის კულტი. განსაკუთრებით "ფიროსმანისტების" არგუმენტები - "კაკაბაძე ტვინით აკეთებდა ყველაფერს, ფიროსმანი კი გენიოსი იყო, თვითნაბადი და ალალი". კაკაბაძის ფანები უმცირესობაში ვიყავით. სიტყვები "თვითნაბადი" და "ალალი", მგონი, მას მერე შემძულდა.

გოგი ხოშტარიამ გაგვაცნობიერებინა მერე, რომ ფიროსმანის, როგორც "თვითნაბადი მხატვრის", "ლოთი ნიკალას", ეს სახე ვიღაც-ვიღაცებს მისი ეგზოტიზაციისთვის დასჭირდათ. ასე უკეთ გაიყიდებოდა მისი სურათები. სინამდვილეში ფიროსმანის ყველა ტილო შრომის, წვალების, საკუთარ თავთან ბრძოლის, თუ გნებავთ, ლოცვის ნაყოფია (აბა ვინა თქვა, რომ ლოცვა შრომა არ არის?).

არადა, როგორ უყვართ საქართველოში "თვითნაბადები", არა? რაღაცნაირ, გამორჩეულ მესიებს ხედავენ გაუნათლებელ, მაგრამ საქმის მკეთებელ ხალხში. ჩვენში "თვითნაბადებს" და "ალალებს" მუდმივად აქვთ შანსი, გადაიქცნენ პოლიტიკურ ფიგურებად, თავიანთ გემოზე ატარონ მასები. მათ შორის ინტელექტუალები, რომელთაც უტვინო და იმბეცილი ხშირად "ალალი" და "თვითნაბადი" ჰგონიათ.

სადაც არ წაიყვანს, წაყვება. დააჯერებს, რომ გზა, რომელიც აირჩია, აუცილებლად მიიყვანს ტაძრამდე.

მაგრამ ეს უცნობი და ნაცნობი "თვითნაბადები" იქით იყოს. დავით კაკაბაძეს დავუბრუნდეთ.

მთელი ცხოვრება ზომავდა, მგონი. ეძებდა, იკვლევდა, წერდა, ანგარიშობდა. რაღაც განსაკუთრებული ვნებით ეძებდა იდეალურ პროპორციას... ჩვენს ხუროთმოძღვრებაში ნახაზობა მარტივ, სწორ და სიმეტრიულ ფორმაშია დაცულიო, წერდა.

"ნახაზობას" უწოდებდა ბუნებასა და ხელოვნებაში იდეალურ ზომას და სწორედ ბუნების მიბაძვას, ბუნების გააზრებას, თუ გნებავთ "გამოანგარიშებას" მოითხოვდა მხატვრებისგან.

ასეთი ხელოვანი საქართველოში პოპულარული როგორ გახდებოდა?!

ხშირად ვფიქრობ ამაზე და მაინც ვერ ვხდები, როდის დავკარგეთ ზომის ეს გრძნობა, ასე აშკარად გამოხატული ჩვენს ხუროთმოძღვრებაში, მუსიკაში... ვინ დაგვაკარგვინა? მონღოლებმა? თურქებმა? რუსებმა? კომუნისტებმა? რატომ გადაიქცნენ, მაგალითად, ქართული კინოს ლამის მთავარ პერსონაჟებად "ალალი იდიოტები", ხან პეპელას რომ დასდევენ ეკრანზე და ხან კიდევ რას? ვინ მოკლა ჩვენში ფიქრის მოყვარული კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად უკიდურესობა, ზომიერების დაკარგვა, ისტერიკა აშინებს?

და თუ ეს კაცი უკვე მოკლულია (მგონი, მამარდაშვილი იყო უკანასკნელი), თუ ყველაფერი ზედმეტი, გადაჭარბებული, მთელი თავისი ირაციონალურობით, ინფანტილიზმით, ისტერიკით, ჩვენი ყოფისა და კულტურის ატრიბუტი გახდა, ისღა გვრჩება, ჩვენსავე სასიკეთოდ გამოვიყენოთ ეს "ზომაფობია".

მაგალითად, დავანებოთ თავი მოწევას.

სიგარეტი არც ფულია, არც ქალები ("ნაშები") და არც შვილები ("გამრავლდით!" - აბა, ამაზე უკეთესი დალოცვა თუ არსებობს?)... ფულში, ნაშებსა და ჯილაგში დახრჩობა ყველაზე სასიამოვნო სიკვდილია ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

ხომ გახსოვთ, წლევანდელი ახალი წელი თავისუფლების მოედანზე? პაჩკა-პაჩკა დოლარები ცვიოდესო, გვიმღერეს... თანამედროვე გურჯის ნატვრა გაგვიმხილეს - არაფერი ვაკეთო, ხელი, ფეხი, ტვინი (და კიდევ, ვინ იცის რა აღარ!) არ გავანძრიო, მაგრამ დოლარები ცვიოდეს, ფიფქებივით...

მაგრამ რამდენადაც ბევრი ფული, ნაშების (ფელინის "რვანახევარივით") და შვილების გარემოცვაში ყოფნა ნეტარებაა, იმდენად მომაკვდინებელია ბევრი სიგარეტი.

როგორც კი ეს გავიაზრე, ეგრევე ძალით დავიწყე მოწევა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუკი ყველაფერი ბევრი სასიამოვნოა, ვითომ სიგარეტმა რა დააშავა-მეთქი?

არა, თავიდან არც გამიაზრებია, რომ ექსპერიმენტს მივმართავდი. უბრალოდ, შარშან, აგვისტოში, ძალიან ბევრი მოვწიე. ომის დღეებში სამ-სამ კოლოფზე გადავედი. სიგარეტს სიგარეტზე ვუკიდებდი და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, სერჟ გინზბურგის ბედი არ ამცდებოდა, ერთადერთი კაცისა, რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა სიგარეტით...

სხვები, ლამაზი მწევლები: კერი გრანტი, ჰემფრი ბოგარტი, მარლენი... იგივე ანი ჟირარდო "როკოში"... რაღა ბალეტი და რაღა ესენი, სიგარეტით ხელში. მაგრამ გინზბურგი უსაშველოდ არაესთეტიკურია. ეგრევე ჩააქრობ სიგარეტს, კვამლით დაფარულ მის ყვითელ თვალებს რომ დაინახავ.

არაა საჭირო ალან კარის წიგნის კითხვა. უყურეთ გინზბურგს და რაც შეიძლება ბევრი მოწიეთ. დახრჩობამდე! გარწმუნებთ, ზომიერების დაკარგვა სიგარეტის გადაგდების საუკეთესო საშუალებაა. ბოლოს და ბოლოს დადგება კათარზისის წამი - ნიკოტინით მოწამლულ ტვინში ნაპერწკლიდან იფეთქებს ალი... ანუ აზრი: "მორჩა, მომბეზრდა! ახლა დროა, ჩემი ნებისყოფა გამოვცადო!"

და გამოვა, აუცილებლად გამოვა. პროპორცია მოგენატრებათ, როცა ჭარბის სიყვარული აბსურდად იქცევა. ტარკოვსკის გმირს დაემსგავსებით "სოლიარისიდან"; შემოივლით ყველას და ყველაფერს, "იბანავებთ ბევრში" და მუხლმოდრეკილი დაუბრუნდებით "პროპორციას". ამის მერე აუცილებლად იგრძნობთ სამყაროს მშვენიერებას - ცუდ და კარგ სუნებს, ცუდ და კარგ გემოებს... შეიძლება იმათ გულწრფელობაშიც შეგეპაროთ ეჭვი, ვისაც მანამდე "თვითნაბადად" მიიჩნევდით.

მოკლედ, თავიდან დაიბადებით. გარწმუნებთ!

ახლა კი მთავარი.

33 წლის მწეველმა სიგარეტი ზუსტად ერთი წლის წინ, 11 სექტემბერს გადავაგდე.

ძალიან საინტერესო წელი იყო ჩემთვის. საკუთარი ნებისყოფით კეკლუცობისა და სიამაყის წელი.

ახლა გაიწმინდა სხეული და ძალიან, ძალიან მომინდა მოწევა.

ღამე მშვიდობისა!

P.S.: ეს კი იავნანას სახით. საუკეთესო ფილმი მწევლებზე, რომლებიც ბევრს ეწეოდნენ, მაგრამ ზომის გრძნობა არ დაუკარგავთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG