Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრა


„არა, ნამდვილად არის ია ანთაძის ბლოგი თავშესაფარი! მიუსაფარისთვის, დევნილისთვის, დაკარგულისთვის, გზადაბნეულისთვის, დაღლილისთვის, გულადისთვის, მამაცისთვისაც, დაჭრილისთვის, ღამენათევისთვის ან დღენათევისთვის, სისხლისგან დაცლილისთვისაც, ტკივილისგან ღონემიხდილისთვის, იმედად მყოფებისთვის და უიმედოებისთვისაც, ბოლოსდაბოლოს (:)) მებრძოლებისთვის... დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია - ია, ხომ არ გადაიქცევით დრაკონად... უკაცრავად, მაგრამ სხვაგვარად ვერ ვთქვი...“ – ასეთი გზავნილი მივიღე გუშინწინ ღამით ბლოგზე (ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan 09.09.2009 00:43).

ამ გზავნილმა ღრმად ჩამაფიქრა.

როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე.

ბლოგური ცხოვრება მეტად თავისებური რამ არის. ადამიანი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ეხები, სრულ წყვდიადშია – თანამოსაუბრის არც სახელი იცი, არც გვარი, არც ასაკი, არც საქმიანობა, არც სქესი... და მის მიმართ სწორედ ზემოთ აღწერილი აღქმა გიყალიბდება: სიმპათიურია, ჩემი მხარდამჭერია; ან უსიმპათიოა, ყოველთვის მიპირისპირდება; კარგია, რომ გამოჩნდა, გამოვცოცხლდი; ცუდია, სანადიროდ რომ მიდის, მოვიწყენ.

ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.

და ამ ფიქრებში გამახსენდა, რომ როდესაც ერთმანეთს დავეკითხეთ, თუ რა იყო ჩვენი მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, არაერთი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა ცნებამ „უსამართლობა“. არადა, მხოლოდ ახლა ვფიქრობ: სამართლიანობა იქ იწყება, სადაც ვაცნობიერებთ, რომ ადამიანი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს; სადაც ვაღიარებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს უფლება აქვს, იყოს ის, ვინც არის. და თუ სამართლიანობის ეს შინაარსი, ეს ხარისხი მიუღებელია, ყველაფერი დანარჩენი ფარისევლობაა.

როგორც ამ ფიქრებში მივხვდი, ადამიანის დასანახად უნდა დაშორდე მას, დაივიწყო შენი პირადი დამოკიდებულება მის მიმართ, დაძლიო აკვიატებული იდეები. და სწორედ ბლოგის წყვდიადში უნდა ცადო, დაინახო ადამიანი. თუ გინდა, რომ სამართლიანი იყო, ასე უნდა მოიქცე.

მე ეს ერთხელ გამომივიდა და ერთხელ არ გამომივიდა.

ბლოგერს, სახელად „უცხო“, თხუთმეტი წელია, ვიცნობ. ის ჩემ გარემოში ეპიზოდურად ჩნდებოდა, როგორც (ჩემთვის) სიმპათიური ადამიანი. მაგრამ მე მას ვერ ვხედავდი. ჩვენი ნამდვილი შეხვედრა ბლოგში შედგა, როდესაც წყვდიადში დავინახე ის სიჯანსაღე, ის ხიბლი, ის ნაპერწკალი, რაც „უცხოს“ ნამდვილ ბუნებას ახლავს.

„კავკასიოლოგის“ და ჩემი ურთიერთობის ისტორია ყველამ იცით, ვინც ჩვენს ბლოგს კითხულობთ. ამოვიჩემე, ნოდარ ლადარია არის-მეთქი და – რამეს კი არ ვერჩოდი – მისი არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა. ის კი სულ გვერდით იყო, მარწმუნებდა, მთხოვდა, მეხმარებოდა... მაგრამ მე მას ვერ ვხედავდი, მის მაგივრად ვხედავდი ლადარიას, რომელთან შეხვედრა არა და არ მინდოდა. ჩვენი შეხვედრა არ შედგა.

არადა, ყველანაირი დრამატურგია შეხვედრებისგან შედგება. სიამოვნებით დავწერდი ერთ ბლოგს „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შეხვედრებზე. მათი ამბების კითხვაზე მეტად არაფერი მიყვარს. თავს ვერ ვიკავებ, ერთი შეხვედრა რომ არ გაგახსენოთ. გამარჯვებული გმირები, ნესტანთან ერთად, არაბეთში ბრუნდებიან. მამისტოლა მამაკაცი, არაბეთის ძლევამოსილი მეფე, ბოლოს და ბოლოს, ხვდება ქალს, რომლის გამოც მან მწარე დღეები გაიარა, მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა კი დარდით და მოლოდინით სავსე წლები გალია. და, აი, როგორ ხედავს როსტევანი ნესტანს (რას სწვდება მისი მზერა) – „ეტყვის: მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!/ შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,/ მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,/ თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.“

კიდევ უფრო გამაოგნებელი შეხვედრა მაგონდება – სახარებიდან. უდაბნოდან დაბრუნებული იესო გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვება და ორ ძმას ხედავს, სიმონს და ანდრიას. ბადეებს ისვრიან ზღვაში, რადგან მებადურები არიან. ეუბნება: მომყევით და ადამიანთა მებადურებად გაგხდით. ძმები ბადეებს ტოვებენ და იესოს მიჰყვებიან. აი, ეს არის ნამდვილი შეხვედრა: როდესაც არა მხოლოდ იესო ხედავს სინათლეს მებადურ ძმებში, არამედ ისინიც მაშინვე ხედავენ იესოს.

არ მგონია, რომ ამ შეხვედრაში რაიმე დრამატურგიაა. პირიქით – ეს არის დრამატურგიისგან სრულიად დაცლილი შეხვედრა, როდესაც სამი ადამიანი სრულფასოვნად ღირებულია ერთმანეთისთვის და, იმავდროულად, სრულფასოვნად თავისუფალია ერთმანეთისგან – სიყვარულით გათავისუფლებული.

აი, ეს ყველაფერი დრაკონად გადაქცევის საფრთხეზე ფიქრში გამახსენდა. და მივხვდი: არა მხოლოდ ძნელია, არ გახდე დრაკონი, როდესაც ადამიანები გენდობიან; არა მხოლოდ სხვებს ემართებათ ეს ჩვენ ირგვლივ; არამედ – ეს მე თვითონ დამემართა.

ძვირფასო ბატონო ალექსანდრე, მთელი ჩემი პატიოსნებით გეუბნებით, რომ არ მინდა გადრაკონება. მინდა, დავინახო თითოეული თქვენგანი. მინდა, შეგხვდეთ!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG