Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის გვჭირდება რეკორდი?


გუშინდელი დღე საეტაპო იყო ჩვენი ბლოგის ცხოვრებაში. კომენტარების რაოდენობით მოვხსენით საქართველოს ინტერნეტსივრცეში ჩემთვის ცნობილი ყველა რეკორდი – საკუთარიც და სხვისიც. გუშინდელ დღემდე კი „ჩემპიონი“ იყო ბატონი გია ნოდიას სტატია „რა გაიტანს თავებიდან სტალინს?“, რომელმაც Facebook–ზე 20 დღის განმავლობაში (6 აგვისტოდან 26 აგვისტომდე) 471 კომენტარიანი დისკუსია გამოიწვია.

ჩემმა ბლოგმა, რომლის სათაური უცხო ადამიანებს არაფერს ეუბნება და, თავისთავადაც, გვარიანად ბუნდოვანია – „შაბიამნის ზოდზე და უფრო მთავარზე“ – ჯერ ნელ-ნელა მოიზიდა კომენტარები, მერე – უფრო სწრაფად, მერე – კიდევ უფრო სწრაფად და, ბოლოს, გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს, კომენტარების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

რაზეა ეს ბლოგი? ორი სიტყვით ამის თქმა შეუძლებელია, ისეთზეც არაფერზე. ბლოგერებს დიდი ინტერესი არც გამოუჩენიათ „შაბიამნის ზოდის“ მიმართ, მთელი კვირა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საზოგადო თემებზე ვსაუბრობდით და თან გზადაგზა ერთმანეთს ვახსენებდით, რომ რეკორდს ვუახლოვდებოდით. ცოტა კი მაწუხებდა ციფრებზე გამოკიდება და კომენტარების თვლა, მაგრამ არ დამიმალავს, რომ თან მიხაროდა. წუხელ უცებ გამინათდა გონება და მივხვდი, რატომ მახარებდა ეს რეკორდი: 500 კომენტარით აშკარად გადავაბიჯეთ იმ ზღურბლს, რომლის იქით ჩვენი ბლოგის იგნორირება არაბუნებრივი და არასწორი იქნებოდა სახელისუფლო თუ მასთან დაახლოებული წრეებისთვის.

ჰოდა, დღესვე, საღამოს პირს, ბლოგზე სიმონ ჯანაშია გამოჩნდა საკუთარი სახელით და გვარით; ვანო მერაბიშვილისადმი მიძღვნილ წერილში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება ეჭვის ქვეშ დააყენა, თავისი სათქმელი დატოვა და წავიდა... შემდეგ ისევ დაბრუნდა და ისევ წავიდა... ზუსტად ვიცი, შორს არ წავა. თუ ბატონი სიკო არა, ხვალ და ზეგ ვინმე სხვა გამოჩნდება – ან საკუთარი სახელით, ან ანონიმურად – და შეეცდება, ჩვენს ბლოგს ოპონირება გაუწიოს.

არადა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწორედ ეს იყო პრობლემა: რომ საზოგადოებრივი დისკუსიის კულტურა დაგვენერგა და რომ ამ დისკუსიაში როგორმე ხელისუფლება ჩაგვერთო. პრეზიდენტი სულ ცდილობდა, რაც შეიძლება ვიწრო წრეში მიეღო გადაწყვეტილებები და საზოგადოება ამ პროცესისგან მთლიანად გაემიჯნა. ცდილობდა და მიზანსაც აღწევდა. ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ თოქ-შოუშიც კი აღარ დადიოდნენ, რომ ხალხისთვის აეხსნათ, რას და რატომ აკეთებდნენ. ან რაში სჭირდებოდათ, ვინ იყო განმკითხავი და პასუხის მომთხოვნი! სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტიანი ნაბიჯები ის მოტივი იყო, რომელიც ამართლებდა 80%-ით ერთპარტიულ პარლამენტს, მორჩილ სასამართლოს, დადუმებულ მედიას და კიდევ, რა ვიცი, რას აღარ. საკმაოდ უნარიანად ააწყეს ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებების მიღებაში ხელისუფლებას ხელს არავინ უშლის, არც კითხვებზე პასუხს სთხოვს ვინმე, არც თავისი პოზიციის დასაბუთებას, არც ამომრჩევლის დარწმუნებას, არც შეცდომების აღიარებას და გასწორებას.

ასეთ გარემოში მართვა რომ ადვილი და კომფორტულია, ყველა მიხვდება, მაგრამ მე ამაში ცოტა ხნის წინ პრაქტიკულად დავრწმუნდი. ახლა ერთ ამბავს გიამბობთ. წელიწადზე მეტია, ქართველი ჟურნალისტების ნაწილი პროფესიული ეთიკის ქარტიაზე ვმუშაობთ. რეგიონებში დავდივართ, ჩვენი იქაური კოლეგები თბილისში ჩამოდიან, ევროპელ და ქართველ ექსპერტებთან ვათანხმებთ ტექსტის თითოეულ სიტყვას და სამოქმედო მექანიზმების თითოეულ დეტალს. სულ მალე დადგება დღე, როდესაც ქარტიას ხელს მოვაწერთ და მონიტორინგის საბჭოსაც ავირჩევთ. თავიდან ბოლომდე ამ საბჭოზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ქარტია და რა გამოვა ჩვენი ერთობლივი, დამქანცველი შრომისგან. არადა, საბჭო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებით უნდა ავირჩიოთ. ამ არჩევნებში ის ჟურნალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც ქარტიის ამბავი ყურმოკვრით იციან და ისინიც, რომლებმაც თავისი დროის და ენერგიის დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს მოახმარეს. ყველას თითო ხმა გვაქვს. და ამ ახლად შემომატებულმა კოლეგებმა, დიდი შანსია, მთელი იდეა წყალში ჩაგვიყარონ. არადა, უარს ხომ არ ვეტყვით? პირიქით, გვიხარია მათი დაინტერესება ეთიკით და პროფესიული სტანდარტით. თან გული გვისკდება – რას მოგვიტანს დემოკრატიული არჩევნები? როგორი იქნება საბჭო? ვინმე სპეციალურად ხომ არ აამღვრევს წყალს? ამ იდეის ინიციატორები უმცირესობაში ხომ არ აღმოვჩნდებით?

არადა, იცით, რა ზუსტად შემიძლია იმ 9 ჟურნალისტის გვარის ჩამოწერა, რომლებიც ოპტიმალურად კარგ საბჭოს შექმნიდნენ? – კომპეტენტურ, სამართლიან და პატიოსან საბჭოს. ოღონდ, ეგ არის, რომ ქართველი ჟურნალისტების მიერ არჩეული კი არა, ჩემი პირადი საბჭო გამოვიდოდა. ამ ერთხელ. ფეხზე დასაყენებლად. რომ შეგვძლებოდა. ორი წლის შემდეგ – კი ბატონო – ჩაგვეტარებინა დემოკრატიული არჩევნები!

ოო, რა კარგად გავუგე მიხეილ სააკაშვილს!

მაგრამ, მისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცი, რომ არ შეიძლება. ისიც ვიცი, რომ იმ საბჭოში მე არ ვიქნები, რადგან ჩემი პირმშოსავითაა – რომ დაიბადება, დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს. ჰოდა, კი ვღელავ, მაგრამ სხვა გზა არ არის – ვისაც ავირჩევთ, ავირჩევთ. თუ ვართ მზად, რომ ნორმალური საბჭო ავირჩიოთ, გვექნება უკეთესი ჟურნალისტიკა. თუ არა და – არა. სხვა შემთხვევაში, ჩვენც ჩაგვითრევს ის მოჯადოებული წრე, სადაც დანიშნულს არჩეული ჰქვია, წაგებულს – მოგებული, ავტოკრატიას – დემოკრატია და ყველაზე ნელ გზას – ყველაზე სწრაფი გზა.

არათუ იქით ვერ უნდა ჩაგვითრიონ, პირიქით, ჩვენ უნდა გადმოვძალოთ აქეთ – ჩვენი 500 კომენტარი (ამ წუთისათვის უკვე 554!) ამ მოჯადოებული წრის განჯადოების ერთ-ერთ ფორმულად უნდა ვაქციოთ. იმდენად მნიშვნელოვანი სადისკუსიო სივრცე უნდა შევქმნათ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული წრე, ჩვენს დისკუსიაში ჩაერთონ – ან შეგვეკამათონ და ან დაგვთანხმდნენ. იქნებ, იმასაც მივაღწიოთ, რომ ხან შეგვეკამათონ და ხან დაგვთანხმდნენ. ეს თუ შევძელით, ბოლო ექვს წელიწადში რაც არ მომხდარა, აქ, ამ ბლოგში მოხდება.

ამისთვის კი ღირს ჩვენივე რეკორდების გაუმჯობესება, თქვენი და ჩემი ღამისთევა და თავდადება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG