Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კავკასიური სახლი” ცარცის წრეში


ცხინვალში გამომავალი გაზეთის, ”21-ე საუკუნის” რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ახალი ინიციატივით გამოდის - მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის დე ფაქტო და დე იურე რესპუბლიკების ხელისუფალთ, გამოყონ თითო კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ”სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო რესპუბლიკის” შესაქმნელად. თავდაპირველად აქ, ცხოვრებოვის აზრით, შეიძლება აშენდეს ერთი კარგი სასტუმრო, რომელიც მნიშვნელოვნად დაუზოგავს ფულს საერთაშორისო ორგანიზაციებს (ე.წ ”სამხრეთკავკასიურ შეხვედრებს” რომ აწყობენ. როგორც წესი, ევროპაში), მერე კი ეს მიწა იქნებ თავისუფალი ვაჭრობის ზონადაც გამოცხადდეს... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხინვალელი ჟურნალისტი მოითხოვს აშენდეს ”კავკასიური სახლი” - სივრცე, რომლის არა ზუსტი, მაგრამ მიახლოებითი ასლი, სხვათა შორის, დიდი ხანია არსებობს თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე (მიუხედავად იმისა, რომ რაც თავი მახსოვს, ნაირა გელაშვილის ”კავკასიურ სახლს” ხან ერთი ხელისუფლება ერჩის და ხან მეორე).

ასეთი ”რესპუბლიკა” ძალიან წაადგებოდა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის კინოფესტივალს, რომელიც წელს მესამედ იმართება. მის დამფუძნებლებს და საბჭოს წევრებს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გვეხარჯება ”ნეიტრალურ ტერიტორიაზე” შეხვედრებზე, რადგან, აფხაზები ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას, აზერბაიჯანელები - სომხეთში (და პირიქით). გასული წლის აგვისტოს შემდეგ ოსებსაც გადაეკეტათ გზა თბილისისკენ. უფრო მეტიც, ჩვენი ფესტივალის საბჭოს წევრი, ცხინვალელი ლირა ცხოვრებოვა ”რუსთავი 2”-მა ლამის ფეესბეს აგენტად წარმოგვიდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს, დღესაც რომ არ ეთაკილება ჩვენთან ქართულად ლაპარაკი, საერთოდ აღარ ჩამოესვლება თბილისში. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი მაინც ყარაბაღელები არიან; სტამბოლში (სწორედ ეს ქალაქი გახდა ჩვენი ფესტივალის ჟიურისა და ორგანიზატორების შეხვედრის ადგილი) მოსახვედრად, მათ მანქანით უნდა გაიარონ ”კლაკნილი გზა”, დაახლოებით 5 საათი, სტეფანაკერტიდან ერევნამდე და მერე ელოდონ ერევანი-სტამბოლის თვითმფრინავის ჩარტერულ რეისს, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ ჩარტერულია, ან გაფრინდება და ან არა.

ჩვენი ფესტივალის დამფუძნებელთა და ორგანიზატორთა მორიგ შეხვედრაზე, მას მერე, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ანომალიაა კავკასიელი ხალხი სტამბოლში ხვდებოდეს ერთმანეთს, ადამიანის უფლებათა ერევნელმა დამცველმა, გიორგი ვანიანმა გაგვახსენა თემურ ცხოვრებოვის ინიციატივა - ჯუჯა სახელმწიფოს შექმნა იმ კავკასიელებისთვის, ვისთვისაც მთავარი ღირებულება ადამიანია და არა ტერიტორია, ვისაც არასდროს მონდომებია ომი ამ ერთდროულად ღვთაებრივ და დაწყევლილ მიწაზე და ვინც სრულიად დარწმუნებულია, სამხრეთკავკასიელ ხალხებს ცალ-ცალკე ვერც ნატოში შესვლა უშველით და ვერც რუსეთის მფარველობა, ვერც ენერგეტიკული მილსადენები და ვერც მდიდარი დიასპორა დასავლეთში, რომ სამხრეთ კავკასიის აყვავება შეუძლებელია, თუ ამ რეგიონში - თანაც ყველგან, და არა რომელიმე ერთ კუთხეში, არ იქნება მშვიდობა... თუ ისევ ვიცხოვრებთ იმ ილუზიით (თუმცა ”ილუზია” მეტისმეტად რბილი სიტყვაა, მგონი), რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის დაპირისპირება მომგებიანია საქართველოსთვის.

მახსოვს, როგორ შევჩივლე ჩემს ფრანგ მეგობარს პარიზში 1994 წელს, როცა გავიგე, რომ საფრანგეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისთვის... გამაგებინე, რატომ უჭერს ამათ მხარს დასავლეთი ასე აშკარად, ჩვენ კი ისევ საბჭოთა კავშირად აღგვიქვამს-მეთქი. იმიტომ, რომ ესენი ერთმანეთს არ ეომებიანო. ჰო, შეიძლება სულაც არ კარგავენ ერთმანეთზე ჭკუას, მაგრამ ურთიერთობებს ერთმანეთთან არ არკვევენო.

არა, მშვიდობიანი კავკასიური სახლის მომხრეები სხვებზე უფრო კეთილშობილები როდი ვართ. არც კავკასიაში და არც სხვაგან, არ მეგულება ადამიანი, ომი და სისხლისღვრა რომ მოსწონდეს.

არ უნდა იყოს ეს სურვილი კეკლუცობა. უფრო პირიქით, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ "კავკავშირის" იდეა სრული უტოპიაა და რომ ომი და დაპირისპირება შეიძლება არც ამ ჯუჯა სახელმწიფოს აცდეს.

თანაც, ეს საბჭოთა გამოცდილება გვიშლის ხელს. გვეშინია, ისევ იმ "ინტერნაციონალიზმის" მსხვერპლნი არ გავხდეთ. ხომ გახსოვთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, იმის საჩვენებლად, როგორი ტოლერანტულები ვართ, თბილისში უზარმაზარი სარეკლამო ფარი რომ გამოვკიდეთ? "კავკასია ჩვენი სახლია" - გვახსენებდნენ ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და სხვათა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები.

ეს სარეკლამო ფარი-ფრესკა სტალინური ეპოქის სტილში იყო დახატული - სოცრეალიზმის მეთოდით - ერთგვარი ფოლკლორიზებული მასკარადის სახე იყო, რომელსაც ყველა დასცინოდა.

სხვათა შორის, 1932 წელს სტალინმა ჰოლივუდში გააგზავნა კინემატოგრაფისტთა სოლიდური დელეგაცია, რომელსაც ჰოლივუდის მითები უნდა შეესწავლა. ამის მერე შეიქმნა ე.წ. "სტალინური ჰოლივუდი", რომლის ერთ-ერთი ეგზოტიკური გმირი კავკასიელი გახდა. ივან პირიევის ფილმში "მეღორე ქალი და მწყემსი" სტალინური იდეოლოგიის ცინიზმმა უკვე კულმინაციას მიაღწია - დაღესტნელ მწყემსს მოსკოვში რუსი მეღორე ქალი შეუყვარდება! მეღორის პროფესია, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ აირჩიეს; კომუნიზმი უარყობს "ქრისტიანისა" და "მუსლიმის" გაგებას!

მოკლედ, უკვე გვაქვს გამოცდილება, უარი ვთქვათ კომუნისტურ უტოპიაზე. არ გამოვიდა ეს ამბავი! ადამიანს ყოველთვის ეშინოდა "უსახლოდ" და "უმისამართოდ" დარჩენის, ამიტომაც გაუწია წინააღმდეგობა საბჭოთა ხალხის ერთიან ოჯახში ძალით შეთრევას.

მაგრამ ერთია "შეთრევა" და მეორეა ადამიანის ნებაყოფლობითი არჩევანი და იმ სივრცეში გაერთიანების სურვილი, სადაც ხალხს აღარ შეეშინდება იდენტურობის დაკარგვისა. ესეც უტოპიაა?

და თუკი უტოპია ნიშნავს "ადგილს, რომელიც არ არსებობს", რატომ არ შეიძლება ჩვენ შევქმნათ ეს ადგილი? თუ ის იარსებებს, უტოპიაც აღარ იქნება უტოპია! მით უმეტეს, რომ ამ კავკასიური კავშირის "რეპეტიცია" არაერთხელ მოუწყვიათ მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დამცველებს; აღმოჩნდა, რომ ნეიტრალურ ტერიტორიებზე ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები არა მარტო კარგად ვუგებთ ერთმანეთს, არამედ გვსიამოვნებს კიდეც ერთად ყოფნა. აღმოჩნდა, რომ "განსხვავებულთა ერთიანობის" რაღაც საოცრად ლამაზი სახეა ეს - "კავკასიური სამოთხე" (მტრის თვალს რომ არ დაენახვება) კავკასიური ეთნოსებით, რომლებიც ზუსტად იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რამდენადაც ჰგვანან ერთმანეთს. ახლა საჭიროა, რომ განსხვავებულთა ერთიანობის ეს სახე სხვებმაც დაინახონ. სხვებმაც უნდა იგრძნონ, რაოდენ საინტერესო ხდება ცხოვრება, როცა "შენიანებში" ხარ, მაგრამ არ გწყინდება, რადგან ეს "შენიანები" განსხვავებულები არიან - გამდიდრებს და გაძლიერებს ყოველ მათგანთან შეხება.

ჰო, მაგიის სახელმძღვანელოებში ამოიკითხავთ, რომ ცარცით შემოხაზული წრე საუკეთესო საშუალებაა თავის დასაცავად. მაგისტრების მტკიცებით, ამ საზღვარზე გადმოსვლას ვერავინ ბედავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG