Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯექსონი აღარაა - გვაცალეთ ცხოვრება!


„სადილი ბალახზე“, რომელიც ოგიუსტ რენუარის ვაჟმა, ჟან რენუარმა 1959 წელს გადაიღო, დიდი მაესტროს ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ფილმად ითვლება.

მე ძალიან მიყვარს.

სურათის გმირი, პროფესორი ალექსისი, ორი იდეის ერთგულია - ევროპის გაერთიანების და ხელოვნური განაყოფიერების, რომლითაც შესაძლებელია „ჯანმრთელი, საღი, უნაკლო არსების გამოყვანა“. პროფესორი აპირებს, იქორწინოს გერმანელ ბიძაშვილზე, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესის დიდი პროპაგანდისტია. მაგრამ ყველა მისი იდეა ინგრევა, ყველა მისი პროექტი განუხორციელებელი რჩება - პროფესორ ალექსისს... ერთი სოფლელი გოგო შეუყვარდება. ბუნება აქ იმარჯვებს ცივილიზაციის ტექნოლოგიაზე, რომელმაც, რენუარის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამყაროს დაყოფაზე ვერტიკალის მიხედვით, ე.ი. იმისდა მიხედვით, თუ ვის როგორი ადგილი აქვს მოპოვებული საზოგადოებაში. პროფესორი უარს ამბობს გაერთიანებული ევროპის პრეზიდენტის პოსტზე. ფილმის რეჟისორი, ჟან რენუარი, კი პირდაპირ აღიარებს, რომ არ სჯერა ტექნიკური პროგრესის. უფრო სწორად, არ სჯერა, რომ მეცნიერების განვითარებამ შეიძლება რეალური სარგებლობა მოუტანოს კაცობრიობას.

რენუარმა-შვილმა თითქოს „გაიმეორა“ ის, რასაც, ფაქტობრივად, ფერწერაში ქადაგებდა მამამისი. ფილმში „სადილი ბალახზე“ ჟან რენუარმა გაგვახსენა, რომ სიცოცხლეში ყოველი წამი განუმეორებელია; ყოველ წამს თავისი სინათლე, თავისი ფერი, თავისი ხმა ახლავს და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეძლებს, ბოლო მოუღოს ამ მრავალფეროვნებას: ვერც პოლიტიკა, ვერც მეცნიერება, ვერც თანამედროვე ტექნოლოგიები.

„რატომ? ევროპა ხომ გაერთიანდა? ე.ი. რენუარის წინასწარმეტყველება მაინცდამაინც არ გამართლდა“ - იტყვით თქვენ. შეიძლება მეცნიერების უახლესი მიღწევებიც ჩამოთვალოთ... შეიძლება რენუარზე არანაკლებ ავტორიტეტული ხალხიც გაიხსენოთ - თუნდაც, ჟან ბოდრიარი - რენუარის თანამემამულე, ფილოსოფოსი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტექნიკური რევოლუციის პროცესში ადამიანი ბოლოს და ბოლოს იკითხავს, ვინაა იგი - მართლა ადამიანი თუ მხოლოდ და მხოლოდ კლონი?

ბოდრიარისთვის პროგრესის ერთ-ერთი გამოხატულება მაიკლ ჯექსონი იყო - „ჩვილი-ღმერთი“, „ჩვილი-პროთეზი“, ყველა წარმოსადგენი მუტაციის ემბრიონი, რომელმაც, ფრანგი ფილოსოფოსის თქმით, დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ერთი რასის თუ სქესის კუთვნილებისგან განთავისუფლება... ანუ, ევროპა თუ გაერთიანდა, სამყარო თუ ერთიანდება, თუ მაკდონალდსის „კატლეტი“ აბსოლუტურად ერთნაირია ოსაკასა თუ ჩიკაგოში, პეკინსა თუ მურმანსკში, რატომ არ შეიძლება რასების, სქესების გაერთიანება? ადამიანების გადაქცევა მაიკლ ჯექსონის მსგავს არსებებად, ბოდრიარის სიტყვებით - „ჰერმაფროდიტებად ფრანკენშტაინის სტილში“?

კი, როგორ არ შეიძლება! ყოველი ჩვენგანი დღე-ღამის რაღაც ნაწილს ხომ ატარებს უკვე ვირტუალურ გარემოში? ვირტუალურ-ანონიმური ურთიერთობა ინტერნეტფორუმებში, უფრო მეტიც, ვირტუალურ-ანონიმური სექსიც კი ჩვეულებრივი ამბავი ხდება (როგორც ამბობენ, შიდსის ეპოქაში ყველაზე უსაფრთხო)... ჰოდა, თუკი ყოველი ჩვენგანი უკვე მუშაობს და ერთობა ამ ხელოვნურ სივრცეში, რა არის უცნაური გენდერულ და რასობრივ „მიქსში“, რომელიც მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სხეულისგან შექმნა? რატომ გვიკვირს მაიკლ ჯექსონის სურვილის, გაეყინა თავისი სხეული, როცა ადამიანთა არცთუ ისე მცირე ნაწილს გულის სიღმეში იმედი აქვს, რომ არასდროს მოკვდება... რაღაცას მოიგონებს მეცნიერება!

მანამდე შეიძლება სხეულის გაკაჟება-გალამაზებით შევიქციოთ თავი, ანუ ვებრძოლოთ ჩვენს სხეულს, ჩვენს სახეს. სხვები მოვატყუოთ და თავიც მოვიტყუოთ.

მაიკლ ჯექსონის მოულოდნელმა სიკვდილმა და იმ შოუმ, რომელიც სახელგანთქმულ შოუმენს მოუწყვეს სიკვდილის შემდეგ, ოდნავ შეგვაშინა და ჩაგვაფიქრა. აღმოჩნდა, რომ სხეულის გაუმჯობესების იდეა თავის თავში მოიცავს საპირისპიროს - სხეულის დანგრევისა და დაშლის ვნებას. აღმოჩნდა, რომ ბუნება (როგორ მოძველებულად ჟღერს ეს სიტყვა, არა?) ისევ არ თმობს ძალაუფლებას და ისევ სასტიკია მაშინ, როცა მას არაფრად აგდებენ. აღმოჩნდა, რომ „სადილი ბალახზე“ ჟან რენუარის გენიალური ფილმია, თავისებური კინოწინასწარმეტყველება ადამიანისა, რომელმაც „ზომის“, პროპორციის, ბუნების ღვთაებრიობას მთელი შემოქმედება მიუძღვნა და მთლიანად განდევნა კინოდან მოგონილი, ხელოვნური, ყალბი.

მაგრამ მაიკლ ჯექსონის მოულოდნელი სიკვდილი, შესაძლოა, სულაც არ იყოს მაგალითი იმისთვის, ვისაც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების ეშინია. სწორედაც რომ პირიქით; დასკვნა, რომელსაც ჯექსონის ბიოგრაფები, ჟურნალისტები, კულტუროლოგები, ფილოსოფოსები, მღვდლები პოპ-ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ აკეთებენ - „თავი დაიღუპა თავისი ამპარტავნობით“ - იმდენად კატეგორიულია და იმდენად ტირაჟირებული, რომ ჩნდება ეჭვი: ხომ არ ცდილობს ცივილიზაცია, თავისი დანაშაული მსხვერპლს - ე.ი. მაიკლ ჯექსონს გადააბრალოს? მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი ჯექსონის დესტრუქციული ვნებებით ახსნას?

საკუთარი სახის უარყოფისა (პირდაპირი გაგებით) და იდენტურობის მუდმივი ცვლის სურვილს ჯექსონის ცხოვრებაში იქნებ სულაც არ განსაზღვრავდა უკვდავების მიღწევის იდეა, როგორც ამას დღეს ამტკიცებენ... არ არის გამორიცხული, რომ „ცივილიზაციის ამ ექსპერიმენტულ ვირთხას“, თავისი ბუნებრივი მდგომარეობის „მოპოვება“ უნდოდა; ანგელოზად, ე.ი. უსქესო, „უასაკო“ არსებად გადაქცევის სურვილი, შეიძლება, სწორედაც რომ დადასტურება იყო იმისა, რაც 2005 წელს, სკანდალური სასამართლო პროცესის დღეებში თქვა ექიმმა სტენ კაცმა: „მას არა პედოფილის, არამედ 10 წლის ბავშვის მენტალობა აქვს“.

პედოფილია თითქმის ყოველთვის და ყველგან ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. პედოფილებს, ჩვეულებრივ, ლინჩის წესით უსწორდებოდნენ - ციხის გარეთ ან ციხეში. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულის დამტკიცება უჭირდათ, პედოფილიაში უდანაშაულო ადამიანებსაც ამხელდნენ ხოლმე; შესაბამისად, ხელისუფლება, არცთუ იშვიათად, მიზანმიმართულად ამძაფრებდა საზოგადოების სიძულვილს პედოფილების მიმართ. შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც ამბავი ეგრეთ წოდებული „რუსთაველი მანიაკისა“, რომელიც შეაგდეს ციხეში, მოჭრეს ყური... მაშინდელმა სახალხო დამცველმაც კი უარი თქვა მის დაცვაზე. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ეს კაცი უდანაშაულო იყო.

მაიკლ ჯექსონსაც ვერ დაუმტკიცეს ეს დანაშაული. თუმცა სიტყვათა ეს წყობა - „მაიკლ ჯექსონი - პედოფილი“ - დიდი ხანია, დამკვიდრებულია მსოფლიოში. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჯექსონი ბავშვებთან ერთად იწვა ხოლმე ლოგინში. 2003 წლის შემდეგ, როცა ისევ ამხილეს პედოფილიაში, „მოხალისე-ბავშვებს“ ვეღარ პოულობდა და ბავშვ-მანეკენებთან ერთად იძინებდა!

მაგრამ რატომაა ეს პედოფილია?

ან რატომაა ეს არაბუნებრივი ადამიანისთვის, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა გაზრდა (არა „სიკვდილი“, არამედ სწორედაც რომ „გაზრდა“)? ჩვენ ხომ არ ვიცით, რა უძღოდა წინ ამ განცდას? რამ განაპირობა „ბავშვად“ დარჩენის ეს ვნება? უფრო მეტიც, სინამდვილეში ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არის მართლა „ბუნებრივი“ და რა - „არაბუნებრივი“? განა „არაბუნებრივი მოვლენები“ თავად ბუნების, სტიქიის მონაპოვარი არაა? იქნებ მაიკლ ჯექსონისთვის სწორედაც რომ ბუნებრივი იყო ეს სურვილები? იქნებ ეს იყო მისი „ზომა“, მისი პროპორცია, მისი ადგილი ამ სამყაროში? იქნებ კიდევ დიდხანს, ბედნიერად ეცხოვრა გამაყუჩებლებისა და ძლიერი საძილე საშუალებების გარეშე - რომ არა ეჭვიანი, ფარისეველი და, რაც მთავარია, ძალიან ხელოვნური, ძალიან არაბუნებრივი სოციუმი, ცივილიზაცია, წლების მანძილზე რომ კლავდა პოპ-მუსიკის მეფეს და ახლა რომ დასტირის... უფრო მეტიც, ფულსაც რომ აკეთებს ამ ტირილზე.

P.S.: http://www.youtube.com/watch?v=OO7wOwdTwB8

ამ ინტერვიუში მაიკლ ჯექსონი ჰყვება, როგორ ექცეოდა პოლიცია 2003 წელს, დაპატიმრების დღეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG