Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოს ამბები


დავდივარ ხოლმე კინოში, ოდნავ მაინც ასატანი რამე თუ გადის. ბოლოს „შეთავაზებაზე“ ვიყავი. ახლა ზოგად შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ. არა ამ „შეთავაზებაზე“ (სულელური რომანტიკული კომედიაა, ალაგ-ალაგ სასაცილო, ბევრ თავისნაირს ჯობია...) არამედ, საერთოდ, კინოში ყოფნაზე.

დასაწყისისთვის - ნეტა მალე ამუშავდეს „რუსთაველი“. სანამ დაკეტილია, „ამირანში“ გვიწევს სიარული. „რუსთაველში“ კი მეტი დარბაზია, ეს დარბაზები ბევრად უკეთესია, პოპკორნი უფრო გემრიელია და გაზიანი სასმელიც - უფრო გაზიანი. „ამირანი“ კი უკვე რამდენი ხანია რაღაცნაირად ერთ ადგილსაა მიჯაჭვული და ვეღარ ვითარდება.

კიდევ - თუ ბოლო დროს კინოში არ ყოფილხართ, არ გეცოდინებათ - ფილმების უმეტესობა ისევ რუსულ ენაზე გადის. შარშან აგვისტოს მერე ხომ ამბობდნენ - ახლა მხოლოდ ქართულად და ინგლისურად ვაჩვენებთო. ჰოდა ახლა აღარაა ეგრე. დასაბეზღებლად არ ვწერ. პირიქით - კინოში ფილმის ყურება რუსული გახმოვანებით მირჩევნია. კი, თეორიულად, პრინციპულად და ადამიანურად ჯობია ფილმს ქართულად უყურო, მაგრამ ქართულად გახმოვანებისას ხმას აფუჭებენ და კადრში რა ხდება აღარ გესმის. ანუ, იქ სკამი წაიქცა, ვთქვათ, ხმა კი არა აქვს. გახმოვანებისას დაკარგეს.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ეგ საქმე ცოტა გამოსწორდა. იმ ხმასაც ძალიან აღარ კლავენ, მაგრამ აქა-იქ საშინელებებს მაინც სჩადიან. აი, მაგალითად, ვნახე „პიქსარის“ Up, ჩვენთან „მფრინავ სახლად“ ნათარგმნი. საოცარი რამაა, ისევე, როგორც „პიქსარის“ სხვა ყველაფერი. ესეც რუსეთში ჰქონდათ ნაყიდი (ტიტრები რუსულად იყო), მაგრამ ქართულად იყო გახმოვანებული. სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ. მაგრამ ეს მანამ, ვიდრე მოლაპარაკე ძაღლი არ გამოჩნდებოდა. ორიგინალში დაგი ჰქვია. ქართულად - კოხორა. აბა, გამოიცანით ვინ ახმოვანებს. დიახ, თავად ველოსიპედიანი გამტაცებელი. ის საყვარელი ძაღლიც „მე ვარ დებილიო“ ამბობს.

არ იქნებოდა პრობლემა, ეს რომ Up-ის ნაცვლად რომელიმე „შრეკი“ ან „გამყინვარების ხანა“ ყოფილიყო. ისინი უბრალოდ სასაცილო მულტფილმებია. „პიქსარი“ კი ჩვეულებრივ ანიმაციურ ფილმებს არ იღებს - შედევრებს ქმნის და მათი აბუჩად აგდება არ შეიძლება. ესაა ჩემი კომენტარი.

გადავიდეთ დანარჩენ შთაბეჭდილებებზე. ვიდრე კინო დაიწყებოდეს, სხვა რეკლამებთან ერთად გადის მანქანის უსაფრთხოების ღვედის გაკეთების პროპაგანდაც. ინტერნეტში ვიდეო ვერ ვნახე, ვეცდები აღგიწეროთ, თუ რა ხდება ეკრანზე:

დარბაზში ლექს-სენი ზის და კინოს უყურებს. ეკრანზე ორი მანქანა ეჯახება ერთმანეთს. შეშინებული ლექს-სენი სახეზე ხელს იფარებს, შემდეგ კი გადაიჭერს სავარძელზე მოულოდნელად გაჩენილ უსაფრთხოების ქამარს და მშვიდდება. ისმის რეპი, რომელიც ღვედის გაკეთებისკენ მოგიწოდებს (ამონარიდები: „გაიკეთე ღვედი და მიხვდები / ამით ყველასთვის მისაღები იქნები“... „შენი მობილიც არ გაჩერდება / თუ ღვედი სულ თან გაქვს“... „გადალახე სირთულე ქართული / შეიკარი სანამ მოვიდა პატრული“...) ამ სიმღერის მოსმენა აქ შეგიძლიათ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს რეკლამა მთლიანად წყალში გადაყრილი ფულია. არა მგონია, ერთი ვინმე მაინც დაარწმუნოს, რომ ღვედი გაიკეთოს. აი, რატომ.

ჯერ ვთქვათ, თუ ვისზეა რეკლამა გათვლილი. რადგან ლექს-სენია მთავარი გმირი, უნდა ვივარაუდოთ, რომ თინეიჯერებზე, რომლებიც ისედაც ძალიან რთულად დასარწმუნებელი ხალხია. ეს ღვედის ამბავში, თორემ რამე ცუდის გაკეთება რომ ურჩიო, იცოცხლე, მაშინვე დარწმუნდებიან, რომ ეგრეა საჭირო.

ჰოდა, ღვედს რატომ არ იკეთებენ? ალბათ იმიტომ, რომ არავაჟკაცურია, ხომ? კაი ყმა თუ ხარ, საქარე მინა აუცილებლად შუბლით უნდა გაიტანო და რამდენიმე მეტრი იფრინო. ჰოდა, რამდენად მოანდომებს ახალგაზრდას უსაფრთხოების ქამრის გაკეთებას იმის ჩვენება, თუ როგორ შეეშინდა ლექს-სენს ეკრანზე ნანახი ავარიის?

თუ რეკლამის ავტორები თვლიან, რომ ლექს-სენი ახალგაზრდობისთვის მისაბაძი კაცია, უკეთესი არ იქნება, რომ წყნარად, ღიმილით გაიკეთოს ეს ღვედი მანქანაში და ვინძლო ვიღაც უღვედოს რამე ღვარძლიანიც უთხრას? მაინც კი არა მგონია, რომ მაგან თინეიჯერებზე იმოქმედოს, მაგრამ ნაკლებად სულელური გამოვა.

ახლა კინოს მოვუბრუნდეთ და გვეყოფა. თუ „ტრანსფორმერები 2-ზე“ წასვლას გეგმავდით, იქნებ ამერიკელი კინოკრიტიკოსის, როჯერ ებერტის რეცენზიამ გადაგაფიქრებინოთ. ის წერს: „თუ გაინტერესებს როგორი ფილმია, თან ფულის დაზოგვა გინდა, ასე ქენი: გადი სამზარეულოში. ჩართე ჩანაწერი, რომელშიც კაცების გუნდი ჯოჯოხეთის მუსიკას მღერის და სთხოვე ბავშვს ქვაბები და ტაფები ერთმანეთს არახუნოს. შემდეგ თვალი დახუჭე და წარმოსახვას მიენდე“.

PS. ფორუმებზე და „ფეისბუკზე“ წავიკითხე აღშფოთებული კომენტარები, რეპერმა ტიმატიმ აკვაპარკში დამსწრე საზოგადოება ხმამაღლა ამღერაო - Москва, я люблю тебя!.. ეს „ამღერა“ რა უბედურებაა, რუსის ჩექმით დაემუქრა თუ ტანკებით? იმან კი არ ამღერა, ამათ იმღერეს!
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG