Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია წერილი ბატონ სოლომონს


ძვირფასო ბატონო სოლომონ, ამ ბლოგით, მინდა, პირადად თქვენ მოგმართოთ და, ცხადია, თქვენთან ერთად, ბევრ სხვა ადამიანსაც ვესაუბრები.

თქვენდამი მომართვის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ საკუთარი თავი თქვენს თანამოაზრედ მიმაჩნია; ველოდები და ყურადღებით ვკითხულობ თქვენს თითოეულ კომენტარს; მხიბლავს თქვენი განათლება, გამჭრიახობა, იუმორი და, რაც მთავარია, უკეთეს საქართველოში ცხოვრების შეუპოვარი სურვილი.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თქვენ გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები ოთხშაბათს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ; თქვენ გიამბოთ, რა ვიფიქრე, როდესაც კახა თარგამაძესთან მოსაუბრე პოლიტიკური ლიდერები დავინახე და შემდეგ მათი განმარტებები მოვისმინე. იმის სურვილიც მაქვს, სწორედ თქვენგან მოვისმინო, შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ უკეთესი საქართველოსკენ მიმავალი გზა კახა თარგამაძეზე გადიოდეს.

გუშინ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გადაცემა „გამოკითხვა“ იმ საკითხის გარკვევას მიუძღვნა, თუ რამდენად იმოქმედა ფარულმა ჩანაწერმა ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ნდობაზე. როგორც გაირკვა, გამოკითხვის მონაწილეთა 77%–ის დამოკიდებულება ლევან გაჩეჩილაძის მიმართ არ შეცვლილა (http://www.gamokitkhva.ge).

გამოგიტყდებით, ამ 77%–მა შემაფიქრიანა. ტელეკომპანია „მაესტროს“ მაყურებელი, ძირითადად, ოპოზიციის გულშემატკივარია და, კერძოდ, ლევან გაჩეჩილაძის ლიდერობის მომხრეა, რასაც მისი მაღალი რეიტინგი ადასტურებს (http://www.gamokitkhva.ge/questions.php?cat=1). სწორედ ამ ადამიანების – და არა სხვების – აზრი იყო მნიშვნელოვანი იმის გასარკვევად, თუ რა სურს საზოგადოების პროტესტულად განწყობილ ნაწილს – გინდათუარა ახალი ქარიზმატული ლიდერის შექმნა, რაგინდარა ფასად მიხეილ სააკაშვილის „ჩამოგდება“, თუ სხვა – ნამდვილად უკეთეს – საქართველოში ცხოვრება.

პირადად მე, ბატონო სოლომონ, არც ქარიზმატული ლიდერების მოყვარული ვარ, არც – მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერი და ზუსტად ვიცი, რომ თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, თანაც, ჩემს სამშობლოში.

ამიტომ შემაშფოთა „მაესტროს“ მაყურებლების იმ ნაწილის პოზიციამ, ვისთვისაც, თურმე, არაფერი შეცვლილა იმის შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის კახა თარგამაძესთან შეხვედრის ამბავი გაირკვა.

სჯერა ვინმეს, რომ თარგამაძესთან შეხვედრის მიზანი „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო? ან რა ფასი აქვს დღეს ამ ინფორმაციას? ან რატომ დამალეს ლიდერებმა თარგამაძესთან შეხვედრის ფაქტი, თუკი ამ შეხვედრაში სათაკილოს ვერაფერს ხედავდნენ?

და ისიც ვიკითხოთ, როგორ აღმოჩნდნენ საკან N5–ში ჯერ ლაშა თაბუკაშვილი, შემდეგ – მისი მეგობარი ვაჟა ლორთქიფანიძე და, ბოლოს, სულხან მოლაშვილი, რომელთა სტუმრობა და საუბრის შინაარსი სრულიად მიზანმიმართულ ვექტორზე ლაგდება კახა თარგამაძესთან „ბმაში“?

მგონი, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ კახა თარგამაძის დახმარება მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით არ შემიფარგლებოდა და ფინანსებსაც გადასწვდებოდა. ხოლო თუ ხელისუფლების შეცვლაში კახა თარგამაძე საკუთარ რესურსს ჩადებდა, ცხადია, ამ რესურსის სანაცვლოდ ჩვენ მივიღებდით არა იმ საქართველოს, რომელზეც, ბატონო სოლომონ, დარწმუნებული ვარ, თქვენ და მე ვოცნებობთ, არამედ – რაღაც სრულიად სხვას.

არადა, საქართველოში არსებითი ცვლილებებია საჭირო. არათავისუფალი ქვეყანა თავისუფალი უნდა გახდეს, ერთპარტიული პარლამენტი – მრავალი პარტიის ღია დისკუსიის ადგილად უნდა ჩამოყალიბდეს, პროკურატურაზე დამოკიდებულმა სასამართლომ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს, ხელისუფლების მიერ გაკონტროლებულმა მედიამ კეთილსინდისიერი და ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, დაჩაჩანაკებულმა ბიზნესმა ძალა უნდა მოიკრიბოს... ერთი სიტყვით, უამრავი რამ არის შესაცვლელი და, თანაც, ძირფესვიანად. ახლა კი ისე გამოდის, თითქოს, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია შესაცვლელი და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია.

ძვირფასო ბატონო სოლომონ, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ჩემთვის ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი – ერთი კარგი და ერთიც ცუდი. კარგი ის მოხდა, რომ თუკი ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე კახა თარგამაძისგან ფულის მიღებას აპირებდნენ, ეს ჩვენ – უკეთესი საქართველოს მსურველმა საზოგადოებამ – მანამ შევიტყვეთ, ვიდრე ფული ადრესატამდე მიაღწევდა. კარგია, რომ თითქმის დადასტურებულად ვიცით – ლევან გაჩეჩილაძისთვის და დავით გამყრელიძისთვის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენებაა და არა არსებითად სხვანაირი საქართველოს შენება. ჩემთვის მათი პოზიციაა მთავარი და არა კახა თარგამაძის მოტივაცია – სააკაშვილის დავალებით მოქმედებდა, პუტინის სურვილს ასრულებდა, თუ საკუთარ ოცნებებს ასხამდა ფრთას.

ცუდი კი მთელ ამ ამბავში, ჩემი აზრით, ისაა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ოპოზიციის დიდ შეცდომას, სავარაუდოდ, საკუთარ დიდ შეცდომასაც დაამატებს: როგორც ადრე იქცეოდა, ახლაც იმგვარადვე მოიქცევა – შეეცდება, ძალაუფლებით მაქსიმალურად ისარგებლოს და პოლიტიკურ ოპონენტებზე გამარჯვება ხალხზე გამარჯვებად „გააფორმოს“. სწორედ ეს მოხდა 2008 წლის 5 იანვრიდან 21 მაისამდე და ამის საფრთხე ახლაც რეალურზე მეტია.

მაგრამ, პირადად მე თუ მკითხავთ, ჯობია, არსებულმა ნდობადაკარგულმა ხელისუფლებამ დაუშვას შეცდომები და ჩვენ ვიყოთ ამ შეცდომების სამიზნე, ვიდრე ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში ისეთ შეცდომებზე დაყრდნობით, რომელთა გამოსასწორებლად კიდევ ათწლეულები დაგვჭირდება.

სულ ბოლოს იმას ვიტყვი, რომ თუ საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც გულწრფელად ფიქრობს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტებით დახუნძლული ქვეყნის შენებაზე, უმჯობესია, პირდაპირ ვთქვათ, რა გვჭირს. ჩვენ მაინც ვთქვათ, ძვირფასო ბატონო სოლომონ, მგონი, ამაზე უკეთესს ახლა ვერაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის.

მოუთმენლად ველოდები თქვენს პასუხს და, ცხადია, თქვენდამი მომართვა თანაბრად ეხება ყველას, ვინც ამ ჩემს შეწუხებულ ნაწერს წაიკითხავს.

ღრმა პატივისცემით,
ია ანთაძე

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG