Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები: დიალოგი მთავარ გასაღებად რჩება


საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნების. მხარეებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად, ბოლო კვირების განმავლობაში ის რამდენჯერმე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად, რამდენად შესაძლებელია შექმნილი ვითარების ფონზე ნდობის აღდგენა და დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ლელა კუნჭულია პეტერ სემნების ტელეფონით დაუკავშირდა.

რადიო თავისუფლება: საუბარი ბოლოს განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ - როგორ შეაფასებდით 12 აპრილს პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას და ამ ფაქტთან დაკავშირებულ მოვლენებს?

პეტერ სემნები: უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ აშკარად კარგი ნიშანია, რომ პარლამენტმა საქმიანობა განაახლა. მიუღებელია, როცა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ორგანიზაციის მუშაობა ასე ხანგრძლივი დროით არის შეჩერებული. რაც შეეხება ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ, საკმაოდ შემაწუხებელია. უნდა ითქვას გარკვევით და, ასევე, ოპოზიციის ლიდერებმაც უნდა განუმარტონ თავიანთ მომხრეებს, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. ამავე დროს, ორივე მხარე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავიანთ ქმედებებს და ეს ხელისუფლებასაც ეხება. იმ კონტექსტში, იმ სიტუაციაში, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება, ოპოზიციის აქტივისტების დაკავებამ, ჩემი აზრით, შესაძლოა, გაართულოს (და არა პირიქით) პოლიტიკური პროცესი და დიალოგის შესაძლებლობა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით. ზოგიერთი იმ ქმედების ჩამდენი პირები, რომელთა მოწმენიც გუშინ გავხდით, უნდა დაისაჯონ, მაგრამ საჭიროა დიფერენცირება და უნდა იყოს თავშეკავება და, მე ვიტყოდი, მიმტევებლობაც ხელისუფალთა მხრიდან. საკითხი რომ განვაზოგადოთ, იყო პოლიტიკური წინააღმდეგობის ზოგიერთი აქტივისტის ცემის ფაქტები. და ასეთი ცემის ფაქტებსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სათანადო რეაქცია ხელისუფლების მხრიდან.

რადიო თავისუფლება: თქვენ აქტიურად ცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ დიალოგის პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა ეტაპზეა პროცესი ამჟამად? როგორ შეაფასებდით დიალოგის გამართვის შესაძლებლობას შექმნილი სიტუაციის ფონზე?

პეტერ სემნები: დიალოგის შანსი ახლა უკეთესია, ვიდრე ეს 2 თვის წინ იყო და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ორივე მხარემ მოსინჯა ლიმიტი, თუ რამდენად შორს შეეძლო წასვლა. ხელისუფლებამ ძალაუფლების ლიმიტი გასინჯა, ოპოზიციამ კი - ქუჩის აქციების. ახლა მათ უფრო რეალისტური ხედვა აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეს კარგია. მეორე ფაქტორი, რასაც მე გამოვყოფდი, არის ის, რომ ორივე მხარეს ჰქონდა საკმაო დრო არსებითი საკითხების გასააზრებლად და განსახილველად - ვგულისხმობ კონსტიტუციასთან, საარჩევნო კანონმდებლობასა თუ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასე რომ, ახლა ისინი არსებითად უკეთ არიან მომზადებული დიალოგისთვის. მაგრამ ახლა ორივე მხარემ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რეალური პროცესისკენ. ჯერჯერობით, მცდელობების მიუხედავად, ვერ გადაილახა მხარეთა შორის არსებული უნდობლობა. ვგულისხმობ 11 მაისის შეხვედრას პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის 4 ლიდერს შორის და, ასევე, რამდენიმე დღის წინ შემდგარ შეხვედრას პრეზიდენტსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც გამოხატეს - მაგალითად, გაერთიანების - "ალიანსი საქართველოსთვის" - ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მაგრამ მათ ვერ მიიღეს პასუხი პრეზიდენტისგან. ამაზე რას იტყოდით?

პეტერ სემნები: ვფიქრობ, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ, ყველა დონეზე, - მათ შორის, პრეზიდენტმაც, - და, მეორე მხრივ, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო შანსი დიალოგისთვის. რაც უფრო მეტი შეხვედრა შედგება, მით უფრო გაადვილდება დიალოგის ყველასათვის მისაღები სტრუქტურის შექმნა. ეს სტრუქტურა ასევე შეიძლება გულისხმობდეს მესამე მხარის დასწრებას (და არა შუამავლობას) მეთვალყურეთა სახით. მე მიღწეული შეთანხმებებისა და მათი შესრულების მეთვალყურეობას ვგულისხმობ. ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის გადასაწყვეტია, რადგანაც, მათი თანხმობის გარეშე, მესამე მხარის დასწრება უსარგებლო იქნება. ერთი მხრივ, დადებითი ნიშანია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ, ამავე დროს, საწყენია, რომ ეს არ იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შედეგი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუ იქნება ძლიერი ნდობა უცხოელი ექსპერტების რჩევების მიმართ. ასეთები არიან ევროპაში. ეს იქნებოდა გარანტია, რომ გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

რადიო თავისუფლება: რა უნდა გაკეთდეს იმ პრობლემების დასაძლევად, რასაც დღეს საქართველოს შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გარემოში ვხვდებით? არის თუ არა დიალოგი ერთადერთი გზა?

პეტერ სემნები: დიალოგი მთავარ გასაღებად რჩება. საქართველო საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ბოლო ერთი წლის მანძილზე, როგორც საგარეო, ასევე საშინაო გამოწვევების თვალსაზრისით. ამ გარემოში აუცილებელია, რომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა შეიკრიბოს და გულწრფელად ისაუბროს ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც ქვეყნის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, თუ როგორი მმართველობა უნდა იყოს ქვეყანაში. აქ მე ვგულისხმობ ისევ და ისევ კონსტიტუციასთან, არჩევნებსა და მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასე რომ, საჭიროა მეტი გულწრფელი მცდელობა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით წავიდეთ წინ იმ შედეგებთან შედარებით, რაც გასული კვირების მანძილზე გვქონდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG