Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მომწონს ოპოზიცია


ერთ-ერთმა კომენტატორმა, ნელიმ თბილისიდან, მთხოვა, დავწერო, აქვს თუ არა ოპოზიციას რამე ისეთი, რაც არ მომწონს. იმავე თხოვნით გაცილებით ადრე მომმართა სხვა კომენტატორმაც, რომლის სახელია progressive თბილისიდან. მოგვიანებით ამ თხოვნას კიდევ ორი კომენტატორი გამოეხმაურა. ბლოგებში მართლაც არასოდეს მითქვამს, მომწონს თუ არა ის პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას უპირისპირდებიან; მომწონს თუ არა მათი ლიდერები, ან მათი სამოქმედო გეგმები, ან მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.

რატომაც არა? ვისაუბროთ ოპოზიციის პრობლემებზე და მე, ჩემი მხრივ, გიამბობთ, რა მიმაჩნია მის სუსტ მხარეებად.

დავიწყებ იმით, რომ ოპოზიცია თვისებრივად არ მომწონს. მინდა, ჩვენს საერთო სამშობლოში ოდნავ კი არ გაუმჯობესდეს ვითარება – ვთქვათ, ომი აღარ იყოს, ახალგაზრდებს პოლიცია ქუჩებში არ ხოცავდეს და იმ განცდით არ ვცხოვრობდე, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ – მინდა, მომავალმა ხელისუფლებამ სრულიად სხვანაირი ქვეყნის შენება დაიწყოს: საზოგადოების რაც შეიძლება მეტი მონაწილეობით, კანონის უზენაესობის ზედმიწევნით დაცვით, ადამიანის უფლებების სრული პატივისცემით... დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში კი არ არსებობს პარტია ან ლიდერი, რომელსაც გულმშვიდად მივანდობდი ჩემს ქვეყანას და მეც, როგორც აქტიური მოქალაქე, ხალისით ჩავერთვებოდი მის მართვაში.
არათუ იმის იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი ოპოზიცია თვისებრივად სრულიად განსხვავებულ ქვეყანას ააშენებს, არამედ, იმაზეც ხშირად მიფიქრია, სააკაშვილის მემკვიდრეობაზე უარის თქმის მიზეზით, ხომ არ დავკარგავთ შევარდნაძის შემდგომი პერიოდის მიღწევებს? თუნდაც ნაწილობრივ ხომ არ დავუბრუნდებით იმ ხანას, როდესაც ქვეყანა კორუფციისა და კონტრაბანდის ტყვეობაში ცხოვრობდა? ხომ არ ჩავეფლობით ნეპოტიზმის ჭაობში? არ მომწონს, რომ ასეთი ეჭვები მაქვს ოპოზიციის მიმართ, მით უმეტეს, რომ ეს ეჭვები ჰაერიდან მოტანილი არ არის და მათ საფუძვლებზე ბევრი მიფიქრია.

არ მომწონს, რომ ვერც ოპოზიციამ ერთიანად და ვერც პარტიებმა ცალ-ცალკე ვერ დამანახეს, როგორი იქნება მათ მიერ მართული ქვეყანა – დაწყებული კონსტიტუციური წყობით, დამთავრებული ძირითად დარგებში გასატარებელი პოლიტიკით. პარტიული ლიდერებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ ხალხს სჭირდება ოპოზიციის ერთობა და ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურები, პროგრამული ხედვები კი არავის აინტერესებს. ოპოზიციის ლიდერები მაშინაც ამას იმეორებდნენ, როდესაც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად თუ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ერთსა და იმავეს კითხულობდნენ: კარგი, ვთქვათ, მოვიშორეთ მიშა, მერე რა იქნება?

არც ის მომწონს, რომ ოპოზიციამ, ქვეყნის მართვის ხედვების გარდა, ვერც საკუთარი მოქმედების სტრატეგია დამანახა. მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, გიორგი გაჩეჩილაძეს 26 მაისს სამების ტაძარში წასვლა რომ არ შეეთავაზებინა ეროვნულ სტადიონზე თავმოყრილი ხალხისთვის, იცოდა თუ არა ოპოზიციამ, სად და რისთვის წაიყვანდა ხელისუფლების წინააღმდეგ დამუხტულ ათობით ათას ადამიანს. არც დღეს ვიცი, რას შესთავაზებს საზოგადოებას ოპოზიცია ხვალ ან ზეგ და იმაშიც ეჭვი მეპარება, თავად პარტიების ხელმძღვანელებმა თუ იციან რამე ამის შესახებ. კითხვაზე: „რა მოხდება, მიშა რომ არ გადადგეს?“ ოპოზიციის ლიდერებს ერთადერთი (ისიც, ირაციონალური) პასუხი აქვთ: „გადადგება!“.

არ მომწონს, რომ ოპოზიციამ ვერ დამანახა საკუთარი კავშირი მთელი ქვეყნის მოსახლეობასთან, ვერ დამანახა, რომ იცის, რა ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – როგორი გაჭირვებით ცხოვრობს იქაური მოსახლეობა და როგორ მიაჯაჭვა უმწეო ადამიანები პრეზიდენტმა საკუთარ საჩუქრებს: ერთ ტომარა ფქვილს, შაქარს ან სასუქს; როგორ არღვევენ მოქალაქეების უფლებებს ადგილობრივი ჩინოვნიკები; როგორ ამკაცრებს ბრძოლის მეთოდებს ხელისუფლება რეგიონული მედიის მიმართ; როგორ იხურება ბიბლიოთეკები; როგორ შედის და მკვიდრდება პოლიცია საჯარო სკოლებში. არ მომწონს, რომ ოპოზიცია არ საუბრობს კონკრეტულ შემთხვევებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, რომელებიც თბილისში ან დედაქალაქიდან შორს ცხოვრობენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია ყურადღებით კითხულობს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს, რადგან მათ ყოველდღიურ გამოსვლებში არსად ჩანს ხელისუფლებისგან შევიწროებული კონკრეტული ადამიანების დახმარების განზრახვა და სათანადო მოწადინება.

არ მომწონს, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციამ ვერ გამოიყენა სატელევიზიო ეთერში მათთვის განკუთვნილი დრო. იმის მაგივრად, რომ მთელი საქართველოსთვის მოეთხროთ, რა მეთოდებს იყენებდა ხელისუფლება კონკრეტული ადამიანების დასაშინებლად, მოსასყიდად თუ გადმოსაბირებლად, თითოეული პარტია საკუთარი თავის ქებით იყო დაკავებული. ფაქტობრივად, ოპოზიციამ ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქე მარტო და დაუცველი დატოვა სახელისუფლო მანქანის პირისპირ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ არჩევნებში იგივე არ გამეორდება.

კიდევ ბევრი რამ არ მომწონს ოპოზიციის, მაგრამ ყველაზე არსებითი, მგონი, უკვე ვთქვი.

როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან მომდინარე ეჭვების და იმედგაცრუების მიუხედავად, არ დამიკარგავს სურვილი, უკეთეს საქართველოში ვიცხოვრო. განსაკუთრებული ინტერესით ველოდები ამ ბლოგის კომენტარებს, რადგან მინდა, თქვენს კომენტარებში დავინახო უკეთესი საქართველოსკენ მიმავალი გზები.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG