Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიქრისტედან ფეხბურთამდე


ჩემს ბლოგზე დადებული ერთი კომენტარის ავტორი - მარიკა, ეჭვი მაქვს, პროფესიით ფსიქოლოგია. რადგან, როგორც წესი (ხედავთ, ქალბატონო მარიკა, ”როგორც წესის” გარეშე არ განვაზოგადებ) ხელოვნებათმცოდნეებზე ფსიქოლოგები ეჭვიანობენ ხოლმე, ცდილობენ არ მიუშვან საკუთარ ტერიტორიაზე და ”შენს კანში დაეტიეო” მიუთითებენ... საერთოდ, რატომღაც მგონია, რომ ”მიმთითებლებს” შორის ამ სამყაროში მასწავლებლები და ფსიქოლოგები ჭარბობენ.

როგორც წესი, რა თქმა უნდა.

აი, დანიელმა რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმაც დაიქირავა მსოფლიოში სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსები. ბოლო ორი წელი რამდენიმე გამოიცვალა ჯერ დანიაში, მერე კანადაში, მერე შეერთებულ შტატებში. მაგრამ დეპრესია კიდევ უფრო გაუძლიერდა. ყველაზე ძვირადღირებულმა ”მიმთითებლებმაც” კი ვერ უშველეს. ბოლოს შეუკურთხა ყველას. მიუჯდა თავის კომპიუტერს და დაწერა სცენარი ფილმისთვის, რომლის გადაღება გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ტრიერის თაყვანისმცემლებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ სურათში მთავარ როლებს შარლოტა გინზბურგი და უილემ დეფო ასრულებდნენ, რომ დანიური ”დოგმის” სულისჩამდგმელის ამ ახალ სურათს, რომლის პრემიერა კანის 62-ე კინოფესტივალზე უნდა გამართულიყო, ”ანტიქრისტე” ერქვა.

”ანტიქრისტეს” სეანსის წინ მთელი საღამო რიგში ვიდექი. ღამის თერთმეტ საათზე, ძალიან დაღლილმა შევაღწიე ანდრე ბაზენის დარბაზში, სადაც საკონკურსო ფილმებს იმეორებენ ხოლმე. რატომღაც მეგონა, რომ ჩამეძინებოდა. მითუმეტეს, რომ მაინც და მაინც არ მიყვარს ლარს ფონ ტრიერი - დანიელი მიზანტროპის ფილმებს მხოლოდ პროფესია მაყურებინებს.

ყველაფერი დაიწყო ჰენდელის სახელგანთქმული არიიით ” Lascia ch'io pianga” , რომელიც პარალელური მონტაჟით გაერთიანებულ ორ ეპიზოდს მიჰყვება; ერთი სცენა - შუა ხნის ქალისა და მამაკაცის სექსუალური აქტია, გადაღებული ისე, როგორც პორნოგრაფია. მეორეში კი ვხედავთ ფანჯარაზე ამძვრალ 3 წლის ბიჭუნას, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოვარდება სწორედ მაშინ, როცა ქალისა და მამაკაცის (როგორც მოგვიანებით გაირკვევა მისი მშობლების) სასიყვარულო ექსტაზი კულმინაციას აღწევს. გახსოვთ რობერტო როსელინის გენიალური ფილმი ”ევროპა 51”? იქაც კვდება ბავშვი მაშინ, როცა მშობლებს მისთვის არ სცალიათ. იქაც გადმოვარდება და იქაც, როგორც ლარს ფონ ტრიერის ”ანტიქრისტეში” დედას დანაშაულის კომპლექსი ახრჩობს. ინგრიდ ბერგმანის გმირი მონანიების მიზნით ქველმოქმედებას იწყებს - ღარიბ-ღატაკთა უბანში გადასახლდება და მთელ ქონებას მათ ახარჯავს. ქმარს ნათესავები ფსიქიატრიულში ჩაამწყვდევენ. ფსიქოანალიტიკოსები გიჟად გამოაცხადებენ. მაგრამ იგი ბედნიერია - უფალმა აპატია, უფალმა შეუნდო ცოდვა!

ლარს ფონ ტრიერთან ამ უფალს - ”ანტიქრისტე” ცვლის. როსელინის კათოლიკურ-ფრანცისკანულ პოეტიკას - პროტესტანტული. მიუხედავად იმისა, რომ ტრიერი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ რელიგია ”დიდი იდიოტობაა” და რომ არაფერი აქვს საერთო მორწმუნეებთან, ”ანტიქრისტეს” ავტორი კვლავ ვერ თავისუფლდება სკანდინავური კინოს ორი მეტრის, კარლ თეოდორ დრეირისა და ინგმარ ბერგმანის გავლენისგან. იმ რეჟისიორების გავლენისგან, რომელთა პოეტიკა სწორედ პროტესტანტულმა კულტურამ ჩამოაყალიბა. ”ანტიქრისტე”, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის დასაწყისში გადაღებული ინგმარ ბერგმანის ფილმი, ”ცოლ-ქმრული ცხოვრების სცენებია”... ოღონდ გადაღებული ბერგმანისთვის სრულიად უცხო ჟანში - ”ჰორორში”. ქმარი-ფსიქოანალიტიკოსი ყველანაირად ცდილობს გაათავისუფლოს შარლოტა რემპლინგის გმირი თვითგვემისგან - მიჰყავს ტყეში, სადაც უნდა დათრგუნოს ”სიკვდილითა სიკვდილი”, შიშით - შიში, უფრო ძლიერი სტრესით ის სტრესი, რომელიც დედამ შვილის სიკვდილით განიცადა. ტყე - მგლებით, აგრესიული ჩიტებით, ჭიებით - წარმოდგენილია, როგორც ირაციონალური წყვდიადი, როგორც უღმერთო სამყარო, ”ანტიქრისტე”, რომელიც ქალს მხოლოდ და მხოლოდ უძლიერებს აგრესიას თავისი ფსიქოანალიტიკოსისა და მეორე ნახევრის მიმართ. იწყება სქესთა ომი - სისხლიანი სანახაობა, რომელშიც ხან ერთი და ხან მეორე მხარე იმარჯვებს... ბოლოს და ბოლოს, თავის დაცვის მიზნით, მამაკაცი... კლიტორს აჭრის აგრესიულ ქალს.

კანის კინოფესტივალის რესპექტაბელური პუბლიკა, უამრავი რამ რომ უნახავს ეკრანზე... პუბლიკა, რომელსაც დიდი ხანია, არაფერი უკვირს კინოში, კივილს იწყებს.

დიახ, ლარს ფონ ტრიერმა აყვირა დარბაზი. შეაშინა.

სეანსის დროს აგინებდნენ, წყევლიდნენ. მაგრამ დარბაზს მაინც არ ტოვებდნენ.

”დაგვაბა” - კოშმარული სიზმრით, რომელიც, ალბათ ყველას გვინახავს ერთხელ მაინც. ცივ ოფლში გაგვღვიძებია და ”წყლისთვის გაგვიტანებია”.

ტრიერმა, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსებმა ვერ უშველეს, ეს სიზმარი უკან დაგვიბრუნა. შეიძლება განიკურნა კიდეც ასე... არ ვიცი. არაა გამორიცხული ”ოქროს პალმაც” მიანიჭონ ჯოჯოხეთისთვის, რომელიც ეკრანზე გამოხატა. ვიღაცეებმა უკვე შეადარეს ”ანტიქრისტე” ბოსხის ტილოებს.

მაგრამ, საბედნიეროდ, არც ბოსხია ერთადერთი მხატვრობაში და არც ლარს ფონ ტრიერი ერთი და განუმეორებელი კინოში.

არც დეპრესიისა და ნევროზისგან განკურნების ერთადერთი გზა არსებობს. მართალია ქ-ნი მარიკა. ყველა დეპრესიულს როდი ეზარება. ზოგს ფსიქოლოგი შველის. ზოგს - კატა . ზოგს - მოგზაურობა. ზოგს - შემოქმედება (როგორც ტრიერს). ზოგსაც - ფეხბურთი.

კინორეჟისორებიც განსხვავებულები არიან. ზოგისთვის ხელოვნება საკუთარი თავის შეცნობაა, საკუთარ ”წყვდიადთან” კონტაქტი. ასეთია ლარს ფონ ტრიერი. ასეთია ტარკოვსკი, რომელსაც ტრიერმა ”ანტიქრისტე” მიუძღვნა”. მაგრამ არიან რეჟისორები, რომლებიც კრიზისიდან გამოსავალს ადამიანთა სოლიდარობაში, თანასწორობის განცდაში ხედავენ.

ასეთია ინგლისელი რეჟისორი კენ ლოუჩი, რომლის ფილმი ”ერიკის ძებნაში” ზუსტად ”ანტიქრისტეს” შემდეგ აჩვენეს კანში. ამბავი ფეხბურთის, კერძოდ მანჩესტერის გუნდის ფან-კლუბის წევრებისა, რომლებიც გაჭირვებაში ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდებიან და ასე, ერთად, ”ძალა ერთობაშიას” პრინციპით იმარჯვებენ ყველაფერზე, რაც ადამიანს ხელს უშლის იყოს ბედნიერი, იმდენად დროული აღმოჩნდა, რომ სურათის დასრულების შემდეგ კანის ფესტივალის პუბლიკამ ხანგრძლივი ოვაციები მოუწყო რეჟისორს.

იმას უსტვინეს. აგინეს და წყევლეს.

ამას ტაში დაუკრეს.

მაგრამ ორივე დიდი ხელოვანია და ორივეს აქვს შანსი გახდეს ”ოქროს პალმის” მორიგი ლაურეატი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG