Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიზოფრენია ქართულად


არასოდეს მიცხოვრია ისეთ უცნაურ საქართველოში, როგორშიც დღეს ვცხოვრობ. არადა, მიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებელ–გახლეჩილ საქართველოში, ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებულ–პროდემოკრატიულ საქართველოში და მიშა სააკაშვილის რევოლუციურ–მოდერნიზებამოწყურებულ საქართველოშიც.

ძველ ამბებს აღარ მოვყვები, დღეისას ვიტყვი: რასაც ვაკვირდები, თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს არა რეალურ გარემოში, არამედ თავის მიერ შეთხზულში, ცხოვრობს არა იმ ქვეყანაში, რომელიც მისი სხეულის მიღმაა, არამედ – იმაში, რომელიც მის გონებაშია ჩატეული.

ჩემს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ის ხდება, რისიც მე მჯერა. რისიც არ მჯერა, ის არ ხდება და ფაქტი კი არა, ვიღაცის გამოგონებაა. სხვის საქართველოშიც ასეა.

ჩვენს ბლოგს, როგორც წესი, ზრდილობიანი ადამიანები სტუმრობენ და ამიტომ ეთიკის ზღვარი ერთხელაც არ გადალახულა, თორემ თუ კომენტარებს ყურადღებით წავიკითხავთ, ვნახავთ, რამდენად განსხვავდება ის სხვადასხვა საქართველო ერთმანეთისგან, რომელშიც ჩვენი ძვირფასი კომენტატორები ცხოვრობენ. კამათი კი მხოლოდ იმის შესახებ მიმდინარეობს, ვისი საქართველოა ნამდვილი – ვთქვათ, გიორგის (ტობანიერიდან) და ნიკასი (თბილისიდან) თუ ტატასი (გერმანიიდან).

ვისაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა ახსოვს, ისიც ახსოვს, როგორ გაიყო საქართველო „ზვიადისტებად“ და „ანტიზვიადისტებად“. ამ „ისტობისთვის“ და „ანტიისტობისთვის“ ადამიანებმა ერთმანეთი დახოცეს და, ესე იგი (მეორე მხრივ თუ შევხედავთ), თავი დადეს. მაგრამ მაშინ ყველანი რეალურ საქართველოში ვცხოვრობდით და ზუსტად ვიცოდით, რაში და რატომ არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს.

დღეს სულ სხვა ვითარებაა. ღირებულებებზე ისევ ვერ ვთანხმდებით, რაც აღარავის გვიკვირს. გასაკვირი ისაა, რომ ვერ ვთანხმდებით ფაქტებზე, თანაც, ტოტალურად ვერ ვთანხმდებით. დაწყებული იმ ფაქტიდან, რომ ვერ ვთანხმდებით, აგვისტოში ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ, დამთავრებული ნებისმიერი წვრილმანით – მაგალითად, კორკოტას მიერ მოპარული ხუთი ლარით – ფაქტები ჩემს და სხვის საქართველოში სულ სხვადასხვანაირად ხდება.

მაგალითად, ჩემს საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბულგარეთიდან თურქეთში მიფრინავს დასასვენებლად; სხვის საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით კი, პრეზიდენტი ბულგარეთიდან პირდაპირ თბილისში ბრუნდება სამუშაოდ. ჩემს საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, მუხროვანში რაღაც ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება (ან არ ხდება), რასაც თან ერთვის მკაფიო „პიარ“ აქცია, პრეზიდენტის მონაწილეობით; სხვის საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით კი, მუხროვანში აღკვეთილია სამხედრო ამბოხი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთთან.

ჩემს საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია ღამღამობით მიტინგიდან წასული ადამიანების ცემის თაობაზე, ცნობილია მანქანების ნომრები, იმ პირების გვარები, რომლებიც მომიტინგეებს ურტყამენ; სხვის საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით კი, მომიტინგეები ერთმანეთს სცემენ. ჩემს საქართველოში მაღალჩინოსანი პოლიციელი აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პარკებს ესვრის ზემოდან, სხვის საქართველოში კი ახალგაზრდები წუწაობით ერთობიან.

ის, რაც ოთხშაბათს ღამით მოხდა ჩემს საქართველოში, ასევე მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც ოთხშაბათს ღამით სხვის საქართველოში მოხდა. ჩემს საქართველოში უიარაღო ადამიანს, რომელიც პოლიციის თბილისის სამმართველოს პერიმეტრზე შეიჭრა (იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ და ადვოკატის მიყვანის უფლება მიეცათ), ლამის სიკვდილამდე სცემეს და გამოუშვეს, მის თანმხლებ პირებს კი კანონით აკრძალული ტყვიებით თავები დაუსისხლიანეს. სხვის საქართველოში ადგილი ჰქონდა მომიტინგეების მხრიდან პოლიციაზე თავდასხმის მცდელობას, რომელიც სახელმწიფომ ძალის პროპორციული გამოყენებით აღკვეთა.

მსჯელობა იქით მიმყავს, რომ დღევანდელ საქართველოში მთავარი პრობლემა ღირებულებებზე დავა კი აღარ არის, არამედ – სრული უნდობლობა ოფიციალური ინფორმაციის მიმართ. ფაქტი ხდება იმის მიხედვით, მჯერა თუ არ მჯერა. რა ხდება სინამდვილეში, არავინ იცის. ჩვენი ბლოგის მკითხველები იმაშიც დავრწმუნდით, რომ შავით თეთრზე დაწერილ დოკუმენტში – არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნაში – ორმა გონიერმა ადამიანმა აბსოლუტურად განსხვავებული ფაქტები ამოიკითხა.

ჩვენი საერთო სამშობლოს დახლეჩა და რეალობიდან თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში გადანაწილება იმ საინფორმაციო პოლიტიკის შედეგია, რასაც ხელისუფლება ტელევიზიების მეშვეობით ახორციელებს. 6 მაისს, დილით, ერთმა კოლეგამ, რომელიც, მისივე თქმით, „გაუპატიურებულ ტელევიზიაში“ მუშაობს, პირადი წერილი მომწერა. წავიკითხე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი მრავალდღიანი ფიქრები გონებაში გამოკეტილ სამშობლოზე მხოლოდ ამ წერილის კომენტარია. ავტორი, რომელიც ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი აღმოჩნდა, დამთანხმდა, რომ მისი წუხილი თქვენთვის გამეზიარებინა. აი, ეს წერილიც:

„ია, როგორ ხარ???
გაგიჟებული ვარ... მოკლედ, როგორც ჟურნალისტს, მაინტერესებს მუხროვანის ამბოხის „გმირების“ კომენტარები. ჯარისკაცებთან ინტერვიუ გავიდა სადმე? რომელიმე ტელევიზიით, გაზეთით ან სააგენტოებით გავიგეთ, რა უნდოდათ??? რა ხდება, რას და როგორ აბრალებენ ადამიანებს? ეს 37 წელშიც არ ხდებოდა... ახლა რატომ ხდება? მუხროვანით მიშამ ჩაშალა დიალოგის შესაძლებლობა და ისევ გაიხანგრძლივა ბოდრუმში გულაობა. ხო თქვა, წავალო და სულ ვივლიო...

ან ეს რა მიდგომაა მედიის მიმართ? „იმედში“ რომ სცემეს ჟურნალისტებს, ვინ დააკავეს მაშინ? ყველა ჩვენ გვცემს – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ამაზე რომ ვფიქრობდი, მივხვდი, რომ ღირსები ვართ, იცი? ყველა რაღაც კომპრომისზე მივდივართ, დავიჩმორიკეთ თავები. გამოგვრჩა მოვლენები, გიორგი სანაიას მკვლელობით დაწყებული, გოჩა რამიშვილით და ჩამონგრეულ შენობაში მოყოლილი ორი ბიჭით დამთავრებული... არ მივაქციეთ ბოლომდე ყურადღება გიორგის საქმის გამოძიებას, ფეხებზე დავიკიდეთ „მეცხრე არხის“ დახურვა, „იბერიის“ ძალადობრივი დაკეტვა, „იმედის“ ამბავიც... ჩვენ არ ვართ თავისუფალი მედია და ხალხიც იმიტომ გვცემს. ჩვენი ბრალია, ბევრი რამე არის ჩვენი ბრალი... არ ვიცი, ია, ამ ქვეყანას, ვგრძნობ, რომ ან ახლა უნდა ეშველოს, ან ვეღარასოდეს ეშველება. ღამეები არ მძინავს. გიორგობას გილოცავ, სულ დამავიწყდა!!!“

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG