Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგწონთ გაბუტული პრეზიდენტი?


პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ბლოგის მკითხველებს და განსაკუთრებით – კომენტარების ავტორებს. დღეში რამდენჯერმე ვამოწმებ გოგის, ნიკოს და ჩემს ბლოგს: აბა, ვინმე თუ გამოგვეხმაურა; ვინც გამოგვეხმაურა, რა მოგვწერა; დაგვეთანხმა თუ, პირიქით, გაგვაკრიტიკა. რა თემაც დღეს მინდა შემოგთავაზოთ განსჯისთვის, ამ თემაზე ხმასაც არ ამოვიღებდი, მკითხველების გამოხმაურება რომ არ მაინტერესებდეს.

9 აპრილიდან მოყოლებული, საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი ქუჩაშია გამოსული მოთხოვნით, რომ გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გასაგებია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ ზოგადად ხელისუფლების და, მათ შორის, პირველი პირის მიმართ. მაგრამ აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს, ვიდრე იგი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს, უარი თქვას საზოგადოების პროტესტული ნაწილის პრეზიდენტობაზე?

ეს კითხვა პირველად მაშინ გამიჩნდა, როდესაც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საქალაქო სამსახურები არ დაასუფთავებენ მიტინგისთვის გამოყოფილ ტერიტორიას და არც რაიმე სახის დახმარებას აღმოუჩენენ მომიტინგეებს. გზადაგზა აღმოჩნდა, რომ პატრულიც უარს ამბობს დაზარალებული მომიტინგეების დახმარებაზე, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ისევ და ისევ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით.

თუნდაც მარტო ის ფაქტი, რომ მომიტინგეებს ქუჩაში არ დაუდგეს ბიოტუალეტები, პირადად ჩემთვის ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხელი აქვს აღებული თავისი მოქალაქეების ნაწილის მიმართ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე.

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა თბილისის სხვადასხვა უბანში განლაგებული საკნების და კარვების მონახულება შემომთავაზა. როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივედით, მან დამანახვა რკინის მესერს იქით ჩამწკრივებული ბიოტუალეტები, რომლებითაც სპეცდანიშნულების რაზმის ის წევრები სარგებლობენ, რომლებიც რეზიდენციას იცავენ. ერთ ხაზზე ჩამწკრივებულ ტუალეტებს ბოლო არ უჩანდა. მე ასე გავიგე (შეიძლება ვცდები), რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სიცოცხლეს და სახელმწიფოს ბედს ანდობს, იმავდროულად, არ ანდობს რეზიდენციის ტუალეტებს. საინტერესოა, ეს რეზიდენცია მართლა მხოლოდ პრეზიდენტისაა? და იმ ბიჭების სულ არ არის?

იქვე, რეზიდენციასთან, ოღონდ რკინის ღობის აქეთ, აქციის მონაწილეები დგანან. მათი ნაწილი ღამესაც ქუჩაში ათევს. მათ, რა თქმა უნდა, ბიოტუალეტები არავინ დაუდგა. მომიტინგეები მეზობლების იმედად არიან, კეთილი ხალხი იმ უბანშიც ცხოვრობს.

გამოდის, რომ არა მხოლოდ მომიტინგეები ამბობენ უარს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობაზე, არამედ თავად მიხეილ სააკაშვილსაც არ მიაჩნია საკუთარი თავი მომიტინგეების პრეზიდენტად. არა მხოლოდ მომიტინგეები აპროტესტებენ ვანო მერაბიშვილის მინისტრობას, არამედ თავად ვანო მერაბიშვილიც უარს ამბობს, იყოს მომიტინგეების მინისტრი და მათ მიმართ საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.

მართალია, აქციის მონაწილეები მთავარი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას გეგმავენ და ნაწილობრივ კიდეც ახორციელებენ, მაგრამ აძლევს თუ არა ეს გარემოება უფლებას საქართველოს პრეზიდენტს, გაებუტოს მომიტინგეებს და დასაჯოს ისინი იმით, რომ დასუფთავების, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გარეშე დატოვოს?

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, მომიტინგეებისთვის პრეზიდენტს ბარემ ღვეზელებიც ხომ არ მიეტანა, ეს ხალხი შიმშილმა რომ არ შეაწუხოსო. ასეთი სარკაზმი ბუნებრივად ჩნდება, როდესაც მოქალაქეების ნაწილი მიტინგებზე დგას და სახელმწიფო დაწესებულებებს ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს, ჟურნალისტი კი იმას ჩივის, პრეზიდენტი ამ ხალხს რატომ ტერიტორიას არ უსუფთავებს და რატომ ტუალეტებს არ უდგამსო.

სინამდვილეში, ჩემი აზრით, მომიტინგეებსაც და სხვებსაც ისეთი სახელმწიფო გვჭირდება, სადაც პრეზიდენტი მიტინგზე მისულ ადამიანებს ზუსტად ისევე მოექცევა, როგორც დღესასწაულზე ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას; გვჭირდება სახელმწიფო, სადაც თითოეული ხელისუფალი და, მით უმეტეს, პრეზიდენტი, საკუთარ თავს აუკრძალავს, საზოგადოების ნაწილი აღიაროს, მეორე ნაწილს კი გაემიჯნოს. მიხეილ სააკაშვილი ბოლო ხანს ყოველ საჯარო გამოსვლაში შეგვახსენებს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტია 2013 წლამდე. ჰოდა, სანამ იგი პრეზიდენტია, სწორედ მან უნდა იზრუნოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და, მათ შორის, იმათზეც, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პრეზიდენტად აღარ მიაჩნიათ.

განა, ასე არ არის?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG