Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინჟინრები და “სულის ინჟინრები”


“ჩვენ დამძიმებული ვართ კულტურით” - აღნიშნა სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ 8 აპრილს, ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე და დაუმატა: “ჩვენ გვაქვს ძველი კულტურა, მაგრამ ვართ ახალგაზრდა სახელმწიფო. შესაბამისად, არსებობს ღრმა დაპირისპირება ძველ კულტურასა და ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის.”

“ძველი კულტურისთვის” უცხოა მოქალაქის, მოქალაქეთა ურთიერთკონტროლის, კანონის უზენაესობის გაგება. ამიტომ სილამაზე - ის, რასაც დოსტოევსკი სამყაროს გადარჩენის საშუალებად მიიჩნევდა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აფერხებდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას... თანაც რა? ეს სილამაზე - ასახული წიგნებში, სიმღერებში, ნახატებში - საუკუნეებია არსებობს. მაგრამ სამყაროს გადარჩენას, ბოროტებისა და სიძულვილისგან მის განთავისუფლებას, ვერა და ვერ დაადგა საშველი.

იქნებ მართლაც “ჩასარეცხები” არიან ეს ესთეტები, ადამიანთა “სულების ინჟინრები”, თუკი არაფრით უთმობენ ადგილს ნამდვილ ინჟინრებს, ქვეყნის აშენება რომ ევალებათ? იქნებ სწორედაც რომ ამ ძველი კულტურით ტკბობა განსაზღვრავს ქარიზმის, მადლის უპირატესობას შრომაზე, განათლებაზე, ინსტიტუტებზე?

არ ჰქონდათ ეს “ძველი კულტურა” ბალტიისპირელებს. მაგრამ დამოუკიდებლები არიან დღეს.

შეერთებულ შტატებზე არაფერს ვამბობ. ამერიკაზე უფრო ძველი მუხა მიდგას ეზოშიო, უთქვამთ “საკანში”... ანუ, რატომ უნდა იცხოვროს ამერიკელმა ჩემზე უკეთო?

ემზარ ჯგერენაიამაც გაიხსენა, რა იწერებოდა საქართველოში მაშინ, როცა ამერიკელი ქვეყნის აშენებას იწყებდა:

“პირველი, რაც თვალში მოგვხვდება, ესაა ამ ეპოქის ქართველების ორიენტაცია ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და არა სოციალურ ფილოსოფიაზე. ქართული აზრი უაღრესად მწირია პიროვნების თავისუფლების, სახელმწიფოს რაობის კვლევისას. თეიმურაზ მეორე, მაგალითად, ამ დროს წერს “ხილთა ქებას”: “მარწყვმა თქვა მოვალ პირველად, მე ვერ მომისწრებს ხილია...”

თეიმურაზი წერს “გაბაასებას რუსთველთან”, სადაც რუსი ქალბატონის, ბუტურლინას სილამაზით მოხიბლული პოეტი რუსთაველს მიმართავს და ამბობს: ამ რუს ქალბატონთან ნესტან-დარეჯანის სილამაზე რა მოსატანიაო... ბუტურლინას ეუბნება, რუსთაველმა ვიღაც ნესტან-დარეჯანი გამოიგონა, თქვენ რომ ენახეთ, ამას ხომ არ გააკეთებდა... ცუდ დროში მოუწია ცხოვრებაო...”

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ემზარ ჯგერენაიამ გაიხსენა გერმანელი სოციოლოგის, ჰელმუტ პლესნერის ნაშრომი, “დაგვიანებული ერი”. როგორც ანალოგია - მე-19 საუკუნის გერმანია და 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველო; პლესნერი ცდილობდა აეხსნა, როგორ მივიდა გერმანია ნაციონალ-სოციალიზმამდე. მისი აზრით, გერმანიაში არ მოხდა განმანათლებლობის იდეების საფუძვლიანი ათვისება, გერმანიაში დააგვიანა ინდუსტრიალიზაციის პროცესმა, გერმანიამ ვერ შექმნა სახელმწიფო და ყოველივე ამას უმძიმესი შედეგი მოჰყვა: ქვეყანას უცბად დაატყდა თავს ნაციონალიზმი, რომელიც ნაციზმის ფორმით გამოვლინდა.

საქართველოში ეს პროცესი შედარებით მსუბუქად წარიმართა. ჯერ იყო და მიხეილ სააკაშვილმა უთხრა ქართველებს და მთელ მსოფლიოს: არსებობენ ევროპელები, მაგრამ არსებობენ უძველესი ევროპელები - ქართველებიო... მაგრამ ოპოზიცია, როგორც ჩანს, დიდად არ აღფრთოვანებულა სააკაშვილის ამ მოსაზრებით. “ისინი ცდილობენ, მართონ ქვეყანა, რომელსაც არ იცნობენ, და, როგორც ჩანს, ვერც ვერასდროს გაუგებენ, რადგან უფესვოები და უჯიშოები არიან” - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 9 აპრილს გამართულ მიტინგზე. მერე კი დააკონკრეტა:

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ოცი წელი გაგვიგრძელდა ჩვენი ქვეყნის დალაგება, ჩვენს ისტორიასთან, სამიათასწლიან ისტორიასთან ეს ოცი წელი ერთი თვალის დახამხამებაა. დღევანდელი ჩვენი შეკრება არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ მოვაწყობთ ჩვენს ქვეყანას. არავისზე ნაკლები მემკვიდრეობა არა გვაქვს, უფრო მეტიც - ბარე ათი ერი არ იქნება მსოფლიოში, ვისაც ასეთი მემკვიდრეობა აქვს. ჩვენ მარადიულობასთან ნაზიარები ერი ვართ!”

ორივეს - ემზარ ჯგერენაიასაც და გუბაზ სანიკიძესაც - ოვაციები გაუმართეს. ემზარს - ბიოლის ფონდში შეკრებილმა ინტელექტუალებმა - ასე, სამოცმა კაცმა; გუბაზს - პარლამენტის წინ შეგროვილმა ხალხმა - სამოცი ათასმა...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG