Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარადოქსი


დღეს არავინ იცის პასუხი კითხვაზე – რითი დასრულდება 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღა? თუმცა, შესაძლებელია, სავარაუდო პასუხი მოვძებნოთ მსჯელობით სხვა კითხვაზე: რატომ ხდება, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება იცვლება მხოლოდ სახალხო საპროტესტო მოძრაობით და არა საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებული არჩევნებით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ია ანთაძე შეეცდება.

საქართველოს სამივე პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს – ისე არაფერი აერთიანებს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს ფუძემდებლის ქარიზმა. თითოეული მათგანი საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პრეზიდენტად შეარჩია, როგორც ღირსეული ლიდერი მთავარი მიზნისკენ – თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისკენ – მიმავალ გზაზე. თითოეული მათგანი საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ იქნებოდა პირველდამწყები და შეძლებდა იმას, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს – ხალხს მოუტანდა თავისუფლებას და საფუძველს ჩაუყრიდა თანამედროვე, დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოს. სწორედ ამ დაპირებით მოხიბლულმა მოსახლეობამ გამოუცხადა ურყევი ნდობა ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს და, ბოლოს, მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ მაინცდამაინც ქარიზმატულ ლიდერებს ვეძებთ, რომლებსაც მეტისმეტად მაღალი პროცენტით ვირჩევთ და შემდეგ ომებით და რევოლუციებით ვამხობთ. ამ ზედაპირული სიმართლის ღრმა შინაარსი, შესაძლოა, სულ სხვაგვარი იყოს. თუ ბოლო ოცწლიან პოლიტიკურ პროცესს დაკვირვებული თვალით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ პროცესის ღერძია არა ქარიზმატული ლიდერი, არამედ საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა თავისუფლებისკენ და თანამედროვე დასავლური სახელმწიფოს აშენებისკენ. ლიდერები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც სწორედ ამ უზენაესი მიზნისკენ სვლას ჰპირდებიან საზოგადოებას და, როცა დაპირებას ვერ ასრულებენ, პოსტს საკმაოდ მტკივნეული პროცესების ფონზე ტოვებენ. უცვლელი რჩება მიზანი – თავისუფლება და ძლიერი სახელმწიფო, ლიდერები კი არამარტო იცვლებიან, არამედ, ხალხის საპროტესტო ტალღას მიჰყვებიან.

რატომ ვერ ხერხდება, თუნდაც, წარუმატებელი პრეზიდენტების შეცვლა საკონსტიტუციო ვადებში და არჩევნების შედეგად?

ამ კითხვაზე ბევრი პასუხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ნებისმიერი კეთილსინდისიერი პასუხი თავად პრეზიდენტების საქმიანობის უარყოფით მხარეს უკავშირდება. არჩევნების ბედს როგორც ედუარდ შევარდნაძის, ისე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას წყვეტდა და წყვეტს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული და მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის საჩუქარს – ხუთლარიან დაზღვევას, ერთ ტომარა ფქვილს ან სასუქს – განუზომლად მეტად აფასებს, ვიდრე საკუთარ საარჩევნო ხმას. ამიტომ, სანამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რჩება გაჭირვებულ, არათავისუფალ, პრეზიდენტის დახმარების შემყურე ელექტორატად, მანამდე არჩევნებს ყოველთვის სახელისუფლო პარტია მოიგებს. ხოლო პრეზიდენტები, რომლებიც თავისსავე უმთავრეს დაპირებას ვერ ასრულებენ, სრულიად შეგნებულად ტოვებენ გაჭირვებასა და პოლიტიკურ ბურუსში მოსახლეობის რაც შეიძლება დიდს ნაწილს, რომელიც შემდეგ მათი ერთგული ამომრჩეველი ხდება.

სამაგიეროდ, სანამ თავისუფლება და დემოკრატიული სახელმწიფო ჯერ კიდევ მიუღწეველ, სანატრელ მიზნად რჩება, ქვეყანაში, ადრე თუ გვიან, თავს იყრის ხოლმე საზოგადოების გარკვეული ნაწილი – 100 ან 200 ათასი ადამიანი, რომელიც მძიმე, არაკონსტიტუციური ფორმებით – მაგრამ მაინც ჯიუტად ცვლის პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყანა აღთქმული გზით არ მიჰყავს. და თუ არჩევნებში ქვეყნის ბედს უმრავლესობა წყვეტს, საპროტესტო მოძრაობაში უმცირესობას აქვს უპირატესობა. ამიტომაც არის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში ხელისუფლების ცვლა ყოველთვის უმცირესობის ხელშია და არა – უმრავლესობის.

ერთი მხრივ, ქვეყანა, რომელსაც ვერ მოუხერხებია, ხელისუფლება კონსტიტუციური გზით შეცვალოს, ხშირად „არშემდგარ სახელმწიფოდ“ იწოდება. მეორე მხრივ, თუ დავაკვირდებით, რა არის პრეზიდენტების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის შინაარსი, რა რიტორიკა და სულისკვეთება ახლავს წლიდან წლამდე საპროტესტო მოძრაობას, უნდა ვაღიაროთ, რომ სამივე პრეზიდენტის წინააღმდეგ სახალხო პროტესტი ეფუძნებოდა და ეფუძნება ერთსა და იმავე დაჟინებულ მცდელობას – გზასამცდარი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს თავისუფლებისა და შემდგარი სახელმწიფოს შენების კალაპოტს.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში ბრძენმა ქართველმა, იოანე საბანისძემ, ღირებულებებისკენ ასეთ ჯიუტ ლტოლვას უწოდა „ჩვეულებისამებრ მამულისა სლვა“, ანუ ქვეყნის სიარული იმ მიმართულებით, რაც მისი ტრადიციული და უცვლელი წესიც არის და მთავარი სასიცოცხლო იდეაც.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG