Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ეროვნულმა ვალუტამ თავისუფალი ვარდნა დაიწყო


საქართველოს მეზობელი ქვეყნის, სომხეთის, ეროვნულმა ვალუტამ, დრამმა, ერთი დღის წინ თავისუფალი ვარდნა დაიწყო.


ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცენტრალურმა ბანკმა დრამის შესყიდვა და ბაზარზე უცხოური ვალუტის გამოტანა შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებიდან ორიოდე საათში დრამის კურსი დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა. თუ მანამდე ერთი აშშ დოლარის ღირებულება 305 დრამი იყო, თავისუფალი ვარდნის შემდეგ 400-ს მიაღწია.

ამ დრომდე სომხეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ მათ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად შეეხო. ეს იმიტომ, რომ ქვეყნის შემოსავლების დიდ ნაწილს დიასპორიდან მიღებული რეგულარული ფულადი დახმარება შეადგენს.

მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა, ამ ქვეყნიდან სომხეთში ფულადი გადარიცხვები არასტაბილური გახდა. ანალოგიური ვითარება შეიმჩნევა აშშ-დან წამოსულ ფულად ნაკადებშიც.

ცენტრალური ბანკის პოლიტიკა კი, მეტწილად, უცხოეთიდან მიღებულ კაპიტალს ეფუძნებოდა, რომლის მეშვეობითაც ის ახერხებდა დრამის კურსის სტაბილიზაციას. ნაკადების შემცირებასთან ერთად, ბანკმა გადაწყვიტა, რომ დრამის კურსი გაეთავისუფლებინა.

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მხოლოდ გასული რამდენიმე თვის მანძილზე სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა 360 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან ბანკის სავალუტო მარაგები ერთ მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

რიჩარდ გირაგოსიანი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ერევნიდან, იმ საგანგაშო ტენდენციებზე საუბრობს, რაც შეიძლება მოჰყვეს ცენტრალური ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯს:

”თუ შევხედავთ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, ცენტრალურმა ბანკმა, მისცა რა ეროვნულ ვალუტას თავისუფლად ცურვის საშუალება, შეიძლება მიზანს ვერ მიაღწიოს და განვითარდეს სპეკულაციური პროცესები როგორც საბანკო დეპოზიტებთან, ისე დოლარებთან მიმართებით. იმიტომ რომ, როგორც აქ ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, ვალუტა კიდევ 30 პროცენტით გაუფასურდება."
ახლა, როდესაც სომხეთის ვალუტის კურსი თავისუფალ ცურვას განაგრძობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ სომხეთში ინფლაცია სწრაფი ტემპით გაიზრდება. ფონდი მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებასაც ვარაუდობს..

რადიო ”თავისუფლების” სომხური რედაქცია იუწყება, რომ, ვალუტის ვარდნასთან ერთად, ქვეყანაში სუპერმარკეტების მსხვილი ქსელი ორი საათით დაიხურა და მოგვიანებით პროდუქციაზე ახალი, გაზრდილი ფასებით გაიხსნა.

ამასთანავე, ერევანში პანიკა წარმოიქმნა. მოსახლეობა, ვალუტის შემდეგი დევალვაციის შიშით, დიდი სისწრაფით ყიდულობდა პირველადი მოხმარების პროდუქციას.

სომხეთის ხელისუფლებამ, გამოსავლის ეძებაში, დასახმარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა. სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო ერთი კვირის შემდეგ სომხეთისთვის 540 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საკითხს განიხილავს. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, სომხეთს საშუალება ექნება 28 თვის მანძილზე ამ თანხის ნახევარი აითვისოს.

გასულ კვირაში ერევანმა უკვე დაასრულა მუშაობა რუსეთისგან 500 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით. თუმცა არაა ცნობილი ამ სესხის სანაცვლოდ რა საფასურის გადახდა მოუწევს სომხეთს.

ერევნელი ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი ვარაუდობს, რომ რუსეთის კრედიტის ფასი მაღალი იქნება:

”დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მე დაინტერესებული ვარ, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ჩამოწერა ასმილიონიანი დავალიანება, რომელიც სომხეთს რუსეთის მიმართ ჰქონდა დაგროვილი მოხმარებული გაზის გამო. სანაცვლოდ რუსეთმა შეიძინა რამდენიმე სტრატეგიული აქტივი სომხეთში ეკონომიკის რამდენიმე ძირითად სფეროში, ენერგეტიკიდან ტელეკომუნიკაციებამდე, და რკინიგზა.”

გირაგოსიანი დასძენს, აქამდე ითვლებოდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სომხეთს ყველაზე ნაკლებად შეეხო ეკონომიკური კრიზისი, ახლა კი ის მათ შორის აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენო.
XS
SM
MD
LG