Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


სომხეთში არ წყდება ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები არ ცნობენ 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარქისიანის გამარჯვებას.

სამშაბათს სომხეთის უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენილია იარაღის საცავი და რომ ოპოზიცია სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ხელში ჩაგდებას გეგმავდა.

უკვე მეშვიდე დღეა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს სომხებისთვის მნიშვნელოვან სიმბოლურ ადგილზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც 1988 წელს დაიწყო ე.წ. ყარაბაღის მოძრაობა და შემდეგ დამოუკიდებლობისთვის მოძრაობაში გადაიზარდა.

დღეს კი იქ შეკრებილები პროტესტს აცხადებენ 19 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკანასკნელი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა 53 პროცენტით. მეორე ადგილზე გასული ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ პეტროსიანი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ეს შედეგი გაყალბებულია და მოითხოვენ არჩევნების ბათილად ცნობას.

წარმატების რა შანსი აქვს ოპოზიციას? ამ კითხვით მივმართეთ ჩვენი რადიოს სომხური რედაქციის დირექტორს, ჰრაირ თამრაზიანს.

[თამრაზიანის ხმა] "შანსი არსებობს. ოპოზიციამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც ათი დღის ვადაში უნდა დაადგინოს, მართლა იყო თუ არა არჩევნებზე სერიოზული დარღვევები, რომელთაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე."

ოპოზიციამ მოითხოვა რამდენიმე ასეული საარჩევნო უბნის გახსნა. გაიხსნა მხოლოდ რამდენიმე უბანი და დადასტურდა, რომ ამ უბნებში სერიოზული დარღვევებით ჩატარდა არჩევნები.

სამშაბათს სარქისიანმა ოპოზიცია თანამშრომლობისთვის მიიწვია და კოალიციური მთავრობის შექმნა შესთავაზა. მაგრამ ოპოზიციაში სკეპტიციზმი სუფევს სარქისიანთან დაკავშირებით. ჰრაირ თამრაზიანის თქმით, ოპოზიცია ფიქრობს, რომ სარქისიანი რობერტ ქოჩარიანის კურსის გამაგრძელებელი იქნება.

[თამრაზიანის ხმა] "თვითონ ის პირობას დებს, რომ ეს იქნება ახალი სომხეთი, იქნება ბევრი სიახლე, გატარდება რეფორმები. ის ხალხს ჰპირდება ეკონომიკურ ზრდას, ხელფასების მომატებას, სამუშაო ადგილების შექმნას. მაგრამ მოსახელობის ერთ ნაწილს, რომელმაც ოპოზიციის კანდიდატებს მისცა ხმა, არ სჯერა ამის. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება რობერტ ქოჩარიანის გაგრძელება. ისინი თავიანთ არგუმენეტებს ამყარებენ იმ ფაქტზე, რომ რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი ძალიან ახლო მოეგობრები არიან. ისინი ერთად მსახურობდნენ ჯერ კიდევ მთიან ყარაბაღში. მერე ერთად მონაწილეობდნენ ომში. პოსტსაბჭოთა ყარაბაღს ხელმძღვანელობდნენ. მერე ჩავიდნენ სომხეთში, სადაც დაწინაურდნენ. მოკლედ, ეს არის ორი მეგობარი, რომელიც უკვე 27 წლის მანძილზე მეგობრობს."

სამშაბათსვე სომხეთის უშიშროების ორგანოებმა გაავრცელეს ინოფრმაცია იმის თაობაზე, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელსაც აღმოაჩნდა იარაღი. ამ ინფორმაციის თანახმად, ისინი სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.

სერჟ სარქისიანისგან განსხვავებით მიმავალი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი უკვე გაღიზიანებას გამოხატავს ოპოზიციის აქციების მიმართ და ამბობს, რომ ამას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეღოს ბოლო.

ძნელი სათქმელია, რამდენად მშვიდობიანად განვითარდება მოვლენები თავისუფლების მოედანზე. თამრაზიანის აზრით, ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს:

[თამრაზიანის ხმა] "ამის შანსი არსებობს, რა თქმა უნდა. მაგრამ არ ვიცი, წავა თუ არა ამაზე ხელისუფლება, ვინაიდან მოედანზე ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი. არა მგონია, პოლიციამ ადვილად შეძლოს მათ წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების გატარება. ვფიქრობ, კარგად დაფიქრდებიან, სანამ ასეთ ფიზიკურ, ძალისმიერ აქციებზე წავიდოდნენ."

XS
SM
MD
LG