Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენიელ ფრიდი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ოპტიმიზმით უყურებს


გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსა და თავდაცვის მინისტრს რობერტ გეიტს რუსეთში

ცივად უმასპინძლეს. მოსკოვში სტუმრები კოლეგებს, სერგეი ლავროვსა და ანატოლი სერდიუკოვს, შეხვდნენ. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანტისარაკეტო სისტემის განთავსების ამერიკის გეგმა დაცინვითაც კი მოიხსენია. და ყოველივე ამის შემდეგ მედია ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა. თუმცა, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის საკითხებში დენიელ ფრიდი აცხადებს, ასეთი შეშფოთებისთვის საფუძველი არ არსებობს. მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა რადიო “თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა და, შესაბამისად, საერთო ენის გამონახვაც შესაძლებელია. მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს დენიელ ფრიდიც ესწრებოდა. რას ეფუძნება სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ოპტიმიზმი?

მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს კონკრეტული, ხილული შედეგები ჯერ არ მოჰყოლია. კრემლთან ჯერჯერობით ვერ გამოინახა საერთო ენა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების გარშემო, რომელზეც რუსეთმა მორატორიუმი გამოაცხადა და რომლის საბოლოო უგულებელყოფითაც იმუქრება. მოსკოვი კვლავაც ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმას, რომლის მიხედვითაც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რადარი ჩეხეთში, ხოლო გადამტაცი პოლონეთში უნდა განთავსდეს. ამგვარი შედეგების ფონზე, ბევრი ექსპერტისთვის გასაკვირია მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების მონაწილის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპის საკითხებში, დენიელ ფრიდის ოპტიმიზმი. თუმცა მაღალი რანგის დიპლომატი ამ ეტაპზე მიღწევად მიიჩნევს იმასაც, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს დიალოგის გაგრძელებაზე. ის ფიქრობს, რომ ასეთ რეჟიმში თანდათან შეთანხმების მიღწევაც მოხერხდება.

ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის მისაღწევად დასავლეთი ყველანაირი შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს. ეს საკითხი 17 ოქტომბერს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებშიც განიხილებოდა. შეხვედრის შემდეგ დენიელ ფრიდმა პასუხი გასცა რადიო “თავისუფლების” შეკითხვას აზერბაიჯანის გაბალის სარადარო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა ვაშინგტონის გეგმის ალტერნატივად წამოაყენა. პასუხი ზოგადი ხასიათისაა:

(ფრიდის ხმა) “ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა განსახილველად ძალიან საინტერესო წინადადება წამოაყენა აზერბაიჯანის გაბალის რადართან დაკავშირებით. ჩვენი თვალთახედვით, ყველაფერი უნდა იქცეს განხილვის საგნად: პოლონეთის გადამტაციც, ჩეხეთის რადარიც, ნატოს აქტივებიც, უკვე არსებული თუ შესაძლო განსავითარებელი... , რუსეთის ანტისარაკეტო თავდაცვის უზარმაზარი სისტემაც, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ შესაძლებლობები, ძალისხმევა შევაჯეროთ და გავუმკლავდეთ ირანიდან - თუ კიდევ სხვა ქვეყნებიდან -მოსალოდნელ საფრთხეს. აი, სწორედ ეს არის ჩვენი წინადადების არსი.”

შემდეგ რადიო “თავისუფლება” ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ბედით დაინტერესდა. დენიელ ფრიდმა კი, პასუხად, მოსკოვთან არსებული არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა უთანხმოებებიც ახსენა:

(ფრიდის ხმა) “ჩვენ ვისურვებდით, გვეპოვა გზები ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების კრახის თავიდან ასაშორებლად. ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება, თუკი რუსეთის მოქმედებებს ხისტად და კატეგორიულად ვუპასუხებთ. თუმცა, ცხადია, ჩვენ ვწუხვართ ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც მოსკოვში პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ახალი წინადადებებით ჩავედით. ჩვენი აზრით, ეს არის საუკეთესო გზა წინსვლისათვის. რუსეთთან კვლავაც გვაქვს უთანხმოება გარკვეულ საკითხებში, მაგალითად: ენერგეტიკასა და დემოკრატიასთან მიმართებით, ასევე - ზოგიერთი მისი მეზობლისადმი რუსეთის დამოკიდებულების თაობაზე.”

მეზობლების ვინაობა დენიელ ფრიდს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, მათ რიცხვში ერთ-ერთი მთავარი ადგილი საქართველოს ეკუთვნის. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უთანხმოებების გარდა, აშშ-ს რუსეთთან აქვს ასევე ურთიერთობა, რომელიც ეხმარება მხარეებს ყურადღება გაამახვილონ უთანხმოებებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმსჯელონ მათ გარშემო.

მთელი რიგი საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მაინც ფიქრობს, რომ რუსეთის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებები აშკარად წარმატებული იყო. "ჩვენ არ ვეძებთ უარის თქმის გზებს... ჩვენ ვეძებთ წინსვლის გზებს", – ამბობს დენიელ ფრიდი. მისი შეფასებით, გასულ კვირაში, როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ამერიკა საკითხებს სერიოზულად აღიქვამს და ახლებური წინადადებებიც აქვს, მანაც კონსტრუქციულობით უპასუხა. ერთი სიტყვით, ვაშინგტონის განწყობა მაინც ოპტიმისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის დღესავით ნათელია: მთელ რიგ პრობლემატურ საკითხებთან მიმართებით მოსკოვს საკუთარი პოზიციების დათმობაზე არც კი უფიქრია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG