Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ტერორი: შიში, რომელსაც ვერავინ გადაურჩა


1990 წლის 13 აგვისტოს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გამოსცა განკარგულება




იმ მილიონობით ადამიანის რეაბილიტაციიის თაობაზე, რომლებიც იოსებ სტალინის მმართველობის დროს დააპატიმრეს ან სიკვდილით დასაჯეს. სტალინის რეპრესიულმა კამპანიამ პიკს მიაღწია 1937-38 წლებში, რომელიც ცნობილია როგორც “დიდი ტერორის” პერიოდი. მინდა გაგაცნოთ სტალინის რეპრესიების მსხვერპლი რამდენიმე ოჯახის ისტორია, რომლითაც რადიო “თავისუფლება” იწყებს რეპორტაჟების სერიას “დიდ ტერორზე.”

სტალინური პერიოდის დიდ ტერორს ვერავინ გადაურჩა – რეპრესიის ტალღა შეეხო თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს მთელ საბჭოთა კავშირში. ცნობილი მოლდაველი მწერალი ვლადიმირ ბეშლიაგა 1947 წელს 7 წლის ბავშვი იყო. იგი იხსენებს, თუ როგორი შიშის ატმოსფერო იყო იმხანად გამეფებული მის სოფელში:

[ვლადიმირ ბეშლიაგას ხმა] “იმ პერიოდში სოფელში ადამიანების მასობრივი დაპატიმრება ხდებოდა. ყოველდღე მეზობლები შიშით კითხულობდნენ: ნეტა, კიდევ ვინ წაიყვანესო ამ ღამით? ყველას პირზე ეკერა სიტყვა ე.წ. “შავი ყვავი” - ეს იყო მანქანა, რომელიც შუაღამით მოდიოდა და აპატიმრებდა ხალხს.”

მოლდავეთში ეს იყო დრო, როდესაც მოლდავურად წერა და კითხვა დანაშაულად ითვლებოდა. მოლდავური ენა სკოლებში აკრძალული იყო, მოლდავურ ენაზე შედგენილი წიგნები – კონფისკებული. გამჟღავნების შიშის მიუხედავად, ბეშლიაგას კითხვა დედამ შეასწავლა მთავრობის საწყობიდან მოპოვებული ზოოლოგიის სახელმძღვანელოთი. მწერლის თქმით, მან მთლიანად ვერ დააღწია თავი იმ შიშს, რომელშიც ბავშვობის წლები გაატარა:

[ვლადიმირ ბეშლიაგას ხმა] “შიშმა მოიცვა ყველა და არავის შეეძლო ღიად რაიმეს თქმა. ყველა შიშობდა, რომ არ დაესმინათ. ეს საშინელი შიში დღემდე სისხლში გვაქვს გამჯდარი.”

სტალინური ტერორი განსაკუთრებით მწვავედ ინტელექტუალებს შეეხოთ. 1992 წელს არქეოლოგებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის შორიახლოს მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში აღმოჩნდა ინტელიგენციისა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა 138 ცხედარი. ისინი საიდუმლოდ დახვრიტეს და დამარხეს. მარ ბაიჯიევი ცნობილი ყირგიზი დრამატურგია. მისი მამა დიდი ტერორის დროს საპყრობილეში დაიღუპა.

[მარ ბაიჯიევის ხმა] “ბრძანება იყო გაცემული დაეპატიმრებინათ, დაეხვრიტათ და ამოეძირკვათ ყველა, ვინც განათლებული იყო და ვისაც ესმოდა, რაც ხდებოდა. მარტო ატაბიითის სასაფლაო აიღეთ, რამდენი დიდი ადამიანი განისვენებს იქ! არ არსებობს სიტყვა ამის აღსაწერად, ეს იყო უსაშინელესი დრო. სანამ მამაჩვენი ციხეში იყო, ჩვენ გვავალებდნენ გვეძახა “გაუმარჯოს სტალინს! ვაშა!” საშინელი პროპაგანდა იყო იმ წლებში. მაგრამ ჩვენ რა შეგვეძლო? მამაჩემის ცხედარი კარაგანდაში, ციხის სასაფლაოზე, დაკრძალეს. მე მოვინახულე მისი სამარხი.”

დიდი ტერორის წლებში გამოასალმეს სიცოცხლეს ბელორუსი პოეტი ტოდარ კლიაშტორნი. მისი ქალიშვილი მაია კლიაშტორნაია იხსენებს, რომ 1937 წელს, როდესაც იგი ქვეყანას მოევლინა, დედ-მამა დაპატიმრებული იყო. მამის დახვრეტა დედამ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო.

[მაია კლიაშტორნაიას ხმა] “როცა შვილი შეეძინა, დედა იმედოვნებდა, რომ მამას გაათავისუფლებდნენ. ეს იმედი მას სულ ბოლოს გაუქრა, როდესაც უთხრეს, რომ მამას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მიმოწერის უფლების გარეშე. Eეს არსებითად ნიშნავდა, რომ პიროვნება ცოცხალი აღარ იყო. “

სტალინური ტერორის გამო ეროვნული უმცირესობებიც დაზარალდნენ. თუ ჩეჩნები და ინგუშები 1944 წელს გადაასახლეს, ეთნიკური კორეელების დეპორტაცია 1937 წელს დაიწყო. 17 ათასი ეთნიკური კორეელი, იაპონიის სასარგებლო შპიონაჟის ბრალდებით, შორეული აღმოსავლეთიდან აყარეს და საქონლის ვაგონებით ცენტრალური აზიის სტეპებში გადაასახლეს. გადასახლებულთა შორის იყვნენ ყირგიზი კანონმდებლის რომან შინის მშობლები.

[რომან შინის ხმა] “გადაასახლეს ისე, რომ არც უკითხავთ, - საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით. დეპორტაციაში ჩემი მშობლებიც მოყვნენ. ისინი გაასახლეს ყაზახეთის რაიონის სტეპებში თუ უზბეკეთში. ჯეროვნად უნდა აღინიშნოს დამსახურება ჩვენი ხელისუფლებისა, რომელმაც ბევრი კორეელის რეაბილიტაცია მოახდინა. თუმცა ბევრი ისე მოკვდა, რომ რეაბილიტაციას ვერ მოესწრო.”

მას შემდეგ, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა არქივები გახსნეს, რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიდის წინ. მაგრამ მილიონობით ადამიანი, ვინც ბავშვობა დიდი ტერორის შიშის ქვეშ გაატარა, ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მიიღებს კომპენსაციას საპყრობილეში ჩაყრილი, ნაწამები და დახოცილი ოჯახის წევრების გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG