Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი სიტუაცია დახვდება ერაყში ახალ ქართულ სამხედრო ქვედანაყოფს


მსოფლიოს ყველაზე ”ცხელ” წერტილში, ერაყში,

სადაც სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 4 წელი შესრულდა, საქართველოდან შაბათს მორიგი ქვედანაყოფი გაემგზავრა. მესამე მოტომსროლელი ქვეითი ბრიგადის 550 მებრძოლი ორ კვირას კუვეიტში დარჩება და გარკვეული ადაპტაციის შემდეგ, 7 აპრილს, ბაღდადში იქ მყოფ პირველ ბრიგადას შეცვლის. რა ვითარება ხვდება ქართულ ქვედანაყოფს ერაყში? როგორ მოქმედებენ ქართველი მშვიდობისდამცველები იქ? და მართალია თუ არა ზოგიერთი ქართული ტაბლოიდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაქირავებული ქართველი სამხედროები შიიტი და სუნიტი მეამბოხეების რიგებშიც გამოჩნდნენ?
ეს კითხვები დავუსვი ერაყში საგანგებო მისიით მყოფ მაიორ გიორგი შენგელიას.

21 მარტს ერაყში კოალიციური ძალების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. საქართველოს სამხედროები კოალიციის რიგებში 2003 წლის აგვისტოში გამოჩნდნენ. პირველი ქვედანაყოფი შედგებოდა 79 კაცისგან, რომელთა შორის იყვნენ მედიკოსები, გამნაღმველები და ”კომანდოს” ერთი ოცეული. დღეისათვის ქართული ქვედანაყოფი ერაყში 800 კაცს აღემატება. გარდა ამისა, ერაყის დედაქალაქში გასული წლიდან მოხალისედ იმყოფება რამდენიმე თადარიგის ოფიცერი, რომელთაც კოალიციის ხელმძღვანელობა ქირაობს სხვადასხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების დასაცავად. ერაყში მათი ხელმძღვანელია გადამდგარი მაიორი გიორგი შენგელია, რომელსაც პარასკევს ბაღდადში დავურეკე და შევეკითხე, თუ როგორია ვითარება ერაყში სამშვიდობო სამხედრო ოპერაციის 4 წლის თავზე.

[გიორგი შენგელიას ხმა] ”რა ვიცი, როგორ გითხრათ, სამხედრო თვალსაზრისით, ათასნაირი ხედვა აქვს ყველას. და ჩემი მხრიდან, მე რო გითხრა, ახლა უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე 2005 წელს იყო.”

შედარებისათვის 2005 წელი ჩემს თანამოსაუბრეს შემთხვევით არ უხსენებია. იმხანად საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპიტანი გიორგი შენგელია 2005 წლის ზაფხულში ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფ ბატალიონ ”შავნაბადას” ხელმძღვანელობდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ოფიცერი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. მიზეზებზე გიორგი შენგელიამ შეგნებულად არ ისურვა საუბარი. სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად დაახასიათა ერაყში მყოფი ყველა ის ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ერაყში მიეცათ იმის კეთების შესაძლებლობა, რაც სამშობლოში არ დაუფასდათ:

[გიორგი შენგელიას ხმა] ” უბრალოდ, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რაღაც, რისი კეთებაც უხარია, რისი კეთებაც უნდა. და ამ ხალხს, ამ ოფიცრებს, რისი კეთებაც უნდათ, იმას აკეთებენ და, მე მგონი, მიხვდები, რასაც ნიშნავს. ანუ თავის საქმეს აკეთებენ, რაც ისწავლეს და რაც ამ ხალხმა ჩადო თავის განათლებაში, აქ აკეთებენ იმის რეალიზაციას.”(სტილი დაცულია)

გიორგი შენგელია, ქართველი ოფიცერი, რომელიც კოალიციის სარდლობამ 2 წლის წინ უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა, ერაყში, ”წითელ ზონაში”, განლაგებული ამერიკული უსაფრთხოების ფირმის წარმომადგენელია. ის და მისი თანამებრძოლები ერაყში ოფიციალურად იმყოფებიან. თუმცა, ქართველი მოხალისეების გარდა, ბაღდადსა და ბაქუბაში იმყოფება ოფიციალური ქართული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქცია უფრო ფართოა და მოიცავს გზების უსაფრთხოებას და დაცვას, ტაქტიკური საკონტროლო პუნქტების მოწყობას, ქვეით და მობილურ პატრულირებას, სათვალთვალო საგუშაგოებისა და სამხედრო დაწესებულების დაცვას. გიორგი შენგელია, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფ თანამემამულეებთან, ამბობს, რომ ქართველ სამხედროებს ერაყში მოყვარეც აფასებს და მტერიც:

[გიორგი შენგელიას ხმა] ”დიდი მოწონებით სარგებლობს ქართული კონტინგენტი და მე მეამაყება კიდევაც, რომ აქ [ერაყში] ქართველი სამხედროების მიმართ დიდი პატივისცემაა მათი პროფესიონალიზმის გამო, დაჯერებულობისა, მორალური თვალსაზრისითაც და ბევრი ასპექტიდან ქართველი ჯარისკაცის ფასი ერაყში იციან, გინდა მტერი იყოს და გინდა მოყვარე.”(სტილი დაცულია)

მტერი ერაყში ოფიციალურ ქართულ კონტინგენტსაც და დაქირავებულ მოხალისეებსაც, ერაყის მთავრობასაც და კოალიციასაც ერთი ჰყავს. ეს არიან სადამ ჰუსეინის მომხრეები და რადიკალი ისლამისტი ექსტრემისტები. თუმცა ზოგიერთ ქართულ ტაბლოიდში ბოლო ხანს გამოჩნდა სკანდალური ინფორმაციები, თითქოს ქართველი მოხალისეები ერაყში შიიტი და სუნიტი პარტიზანების მხარეს იბრძოდნენ. ამ ინფორმაციას უმალვე გამოეხმაურა რუსეთის მედია, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. მაგრამ მე მაინც შევეკითხე ერაყში მყოფ ქართველ ოფიცერს, გიორგი შენგელიას, სმენია თუ არა რამე ერაყელი პარტიზანების მხარეს მებრძოლი ქართველების შესახებ.

[გიორგი შენგელიას ხმა] ”შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრა, რომ არც შიიტებთან და არც სუნიტებთან არც ერთი ქართველი არ არის. არც მუშაობს და არც, რომ იტყვიან, ”ნაიომნიკად” არის და ასე შემდეგ. ერთადერთი ქართველების, მთლიანად ერაყში, არის კონტინგენტი, ოფიციალური კონტინგენტი, და უსაფრთხოების ფირმა, ისიც ოფიციალური, რომელშიც მე ვარ. დანარჩენს აქ ქართველს ვერ ნახავთ.”(სტილი დაცულია)

ამბობს გიორგი შენგელია, ერაყში მყოფი ქართველი ოფიცერი, რომელიც ამერიკული უსაფრთხოების ფირმის წარმომადგენელია. თუმცა, შესაძლოა, წლის ბოლომდე ერაყში კიდევ უფრო მეტი ქართველი სამხედრო გამოჩნდეს, ვიდრე ამჟამად არის. მარტის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის კოალიციის რიგებში მოქმედი ქართული კონტინგენტის რაოდენობა 2000 კაცამდე გაზარდოს. თუ პრეზიდენტის იდეა განხორციელდა, მაშინ, ჯარისკაცთა რაოდენობით, საქართველო ერაყში მოქმედი კოალიციის შემადგენლობაში სიდიდით მესამე ქვეყანა აღმოჩნდება, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG