Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთაა სიების კარდაკარ გადამოწმების პროცესისთვის ემზადება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი შემოდგომის მოახლოვების მიუხედავად ჯერაც უცნობი რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტი თარიღი,

თუმცა ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პროცესი მაინც აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ამ მხრივ 23 აგვისტოს დაიწყება, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საგანგებოდ შერჩეული 27 ათასი ადამიანი კარდაკარ გადაამოწმებს თითოეული მოქალაქის მონაცემებს.

ამ იდეის ავტორია რესპუბლიკური პარტია. სხვა პარტიებმა, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამაც მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას და, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, 20 დღის მანძილზე ყველა ამომრჩველის მონაცემი სათითაოდ, ადგილზე დაზუსტდება.

საარჩევო კოდექსში შესწორებები და დამატებები, რომლებიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის კარდაკარ ჩამოვლის შედეგად გადამოწმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე მიიღო. ამ შესწორებათა თანახმად, ცსკ ვალდებულია 23 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ათასივე საარჩევო უბანზე სათითაოდ გადაამოწმოს ამომრჩეველი. ამისათვის საგანგებო 9-კაციანი ჯგუფები ჩამოყალიბდება. სულ ამ გადამოწმების პროცესში 27 ათასი ადამიანი ჩაერთვება, მათი ერთი მესამედი კონკურსის წესით შეირჩევა, ორ მესამედს კი უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებული სამი პოლიტიკური ძალა წარადგენს: ესენია ნაციონალური მოძრაობა, მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები - ახლები და ლეიბორისტული პარტია. ცსკ-ის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რესპუბლიკური პარტიის მიმართვამდეც გეგმავდა მსგავსი ღონისძიების ჩატრებას:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] "ჩვენ ვაპირებდით, რომ ჩაგვეტარებინა კარდაკარ და ეს არაერთხელ განვაცხადეთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებდით არჩევნები რომ დაინიშნებოდა, 30 დღით ადრე არჩევნებამდე. მაგრამ ვინაიდან საშუალება არის, რომ გაცილებით ადრე ჩატარდეს ეს პროცესი, ეს უკეთესია. ამ ეტაპზე უკვე სამჯერ მოხდება ჩამოვლა კარდაკარ თითოეული ამომრჩევლის და სამჯერ რომ მივლენ ადამიანთან ოჯახში, ალბათ, აღარ იქნება ის პრობლემა, რომ არ დახვდეს სახლში უბნის კომისიის წევრს და ვერ შევძლებთ მისი მონაცემების შესწორებას, ნახვას და ასე შემდეგ."

გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ ამომრჩევლების მონაცემების კარდაკარ გადამოწმების შემდეგ ერთიანი საარჩევნო ბაზა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ დღეს უკვე არსებული სია ბოლო 15 წლის მანძილზე საუკეთესოა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] "ეს არის სია, რომელიც არასდროს არ ყოფილა ასეთი დახვეწილი არცერთ არჩევნებზე, შეგვიძლია ეს განვაცხადოთ. დღეისათვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ 90-პროცენტიან სიზუსტეზე გასულები. ამას გვაჩვენებს უკვე მოხსენებითი ბარათები, რაც საოლქო კომისიებიდან შემოდის. თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უბრალოდ შერჩევის მიზნით გადამოწმდა ამომრჩევლები. 60-70 ამომრჩევლის მონაცემი იქნა გადამოწმებული და აქედან მაქსიმუმ 3-4 შეცდომა იქნა ნაპოვნი."

ცსკ-ის წინასაარჩევნო სამზადისს თვალყურს ადევნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები ამ ეტაპზე გარკვეულ, შედარებით უმნიშვნელო ხარვეზებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, დღეისათვის საარჩევნო ადმინისტრაცია საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს პრობლემებს. თამარ ჟვანია განსაკუთრებული კმაყოფილებით ცსკ-ის პოლიტიკურ ძალებთან ღია თანამშრომლობას აღნიშნავს:

[თამარ ჟვანიას ხმა] "ცეესკომ თითქმის რეგულარულ მოვლენად დასახა ესეთი გზა, რომ რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებს, მოიწვიოს ისინი შეხვედრებზე და გააცნოს რა ხდება. იგივე სიებთან დაკავშირებით, იგივე სპეც-ჯგუფებთან დაკავშირებით. ყველა იდეა და აზრი თანხმდებოდა პოლიტიკურ პარტიებთან და ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია."

ალბათ, მისასალმებელია ისიც, რომ სხვა დანარჩენი არჩევნებისაგან განსხვავებით შემოდგომისათვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ფინანსური პრობლემები არ შეექმნება. ხელისუფლება ამ არჩევნების სამზადისისა და ჩატარებისათვის ცსკ-ს დაახლოებით 17 მილიონ ლარს გამოუყოფს. ამ თანხაში შევა 23 აგვისტოდან საარჩევნო სიის კარდაკარ გადამოწმებისათვის მობილიზებული 27 ათასი ადამიანის ანაზღაურებაც.
XS
SM
MD
LG