Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებას ითხოვს


ედუარდ კოკოითი ცხინვალის რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ითხოვს.

ის აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში იმის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მას შემდეგ რუსეთის შემადგენლობიდან არ გამოსულა. კოკოითი ირწმუნება, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთის რუსეთის იმპერიაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, 1774 წლით დათარიღებული, მაგრამ არ არსებობს ოსეთის რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლის დოკუმენტი. როგორ უყურებენ კოკოითის ინიციატივას მისი ცხინვალელი ოპონენტები და რას ფიქრობენ თბილისში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის მცდელობაზე, ცხინვალის რეგიონი გამოცხადდეს რუსეთის ტერიტორიად?

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა ჯერ კიდევ ამა წლის მარტში დაავალა დე ფაქტო იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მოემზადებინათ დოკუმენტები რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად. ”ერთიანი ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავის საფუძველზე შევიდა ,” - ირწმუნებოდა მაშინაც ედუარდ კოკოითი. ის ითხოვდა და ითხოვს, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინოს ეს აღმოჩენა, ამასთან ერთად ისიც, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უმეტესობას რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ, და აღიაროს ცხინვალის რეგიონი რუსეთის ტერიტორიად.

”ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს,” - თქვა თავის დროზე კოკოითის ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა და ნათქვამს დასძინა: ” კოკოითის მისამართი ეშლება - საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს ისტორიულ საკითხებს და დოკუმენტებს. მაგრამ თუ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო მაინც განიხილავს კოკოითის სარჩელს და გამოიტანს ცალმხრივ გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკური ძალისმიერი გადაწყვეტილება და მას არავითარი საერთო არ ექნება სამართალსა და სამართლიანობასთან.”

ასეა თუ ისე, კოკოითი უკან არ იხევს. ახლახან მან გააკეთა განცხადება, რომ უკვე გამზადებული აქვს დოკუმენტები, რომელთაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარ სარჩელს დაურთავს. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით კოკოითის გააქტიურებას დაერთო ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა მიხაილ კამინინმა გააკეთა განცხადება, რომლითაც აშკარად დაუპირისპირდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთალიანობის აღიარებას. ” სამხრეთ ოსეთის მოთხოვნა, ჩვენი აზრით, ეყრდნობა არანაკლებ მნიშვნელოვან და პატივსაცემ პრინციპს - თვითგამორკვევის უფლებას,”- თქვა მან. მაგრამ დავუბრუნდეთ სარჩელს, რომლის შეტანაც კოკოითიმ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა გვარამიას თქმით:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”წარმოუდგენელია, ერთი ქვეყნის სასამართლომ მეორე ქვეყნის ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება. ამავდროულად, კოკოითი და სამხრეთ ოსეთი არ მიეკუთვნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ობიექტს, თუ მაინცდამაინც მიმართავს, როგორც რუსეთის მოქალაქე, ვერ მიმართავს მოთხოვნით - სამხრეთ ოსეთი აღიარებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიად. ”

”თუ ეს მაინც მოხდება და თუ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, მას არავითარი მნიშვნელობა რა ექნება, ” - დასძენს ნათქვამს ნიკა გვარამია. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების მოთხოვნასთან დაკავშირებით ამას წინათ საინტერესო მოსაზრება გაგვიზიარა კოკოითის ცხინვალელმა ოპოზიციონერმა. აქვე განვმარტავ: ის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა.

[ ცხინვალელი ოპოზიციონერის ხმა] ” აქცენტი რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე კეთდება, ეს კი შეუძლებელია. ლაპარაკი მიდის, მაგრამ ეს არ მოხდება. რუსეთი მხოლოდ გვიყენებს. რომ სურდეს და შეეძლოს, რუსეთი აქამდე გვცნობდა. რადგან ეს არ მოხდა, მე საერთაშორისო კანონმდებლობაზე ვაკეთებ აპელირებას. ”

როგორც ჩანს, ცხინვალში ყველა არ იზიარებს ედუარდ კოკოითის ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონის რუსეთთან შეერთება შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG