Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს მასშტაბისთვის გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნა


26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს მასშტაბისთვის გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნა.

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ჩატარებულ საზეიმო სამხედრო აღლუმში13000 ჯარისკაცი, 5000 რეზერვისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 ოფიცერი მონაწილეობდა. შედგა სამხედრო ქვეითი და საჰაერო ტექნიკის დემონსტრირება. თუმცა ხელისუფლება გაუფრთხილდა ახლად შეკეთებულ გზებს და აღლუმზე მუხლუხოიანი ტექნიკა არ გამოიყვანა. აღლუმი, მართლაც რომ, მასშტაბური იყო. ამას რუსთაველის პროსპექტზე ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მისული მოქალაქეები ერთხმად ადასტურებდნენ. დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, არმიას და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის პრეზიდენტი მიესალმა. მინდა დაწვრილებით მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

საზეიმო ღონისძიებამ რუსთაველის პროსპექტზე 3 საათს გასტანა. საქართველოს მასშტაბისთვის გრანდიოზული სამხედრო აღლუმი დღის 12 საათზე თავდაცვის ეროვნული აკადემიის მედროშეთა და გენერალურ შტაბის ასეულებმა ქართულ-ფრანგული სამხედრო ორკესტრის თანხლებით გახსნეს.

[სარდლის ხმა] ”მედროშეთა ასეული პირდაპირ, დანარჩენები მარჯვნისაკენ, ნაბიჯით იარ!. ”

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო სამხედრო აღლუმისათვის ჯარისკაცებმა სერიოზული მზადება გაიარეს. აღლუმის დაწყებას ისინი რუსთაველის პროსპექტზე თაკარა მზის ქვეშ ელოდნენ, თუმცა დაღლა არ ეტყობოდათ. განწყობილება ხალისიანი იყო, ზეიმისადმი დამოკიდებულება კი ასეთი:

[ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა] ”თავისუფლების დღეა დღევანდელი დღე საქართველოსთვის და რა ვიცი, მეტი რა ვთქვა.. წავედი, წავედი...”

კოჯრის ბატალიონის ამ ჯარისკაცმა ჩვენთან საუბრის დასრულება ვერ მოახერხა, სამხედრო აღლუმი იწყებოდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი, რომელიც, ტრადიციულად, უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, უნდა ჩაებარებინა. მოგვიანებით, ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსმა 2006 წლის სამხედრო აღლუმი უმაღლესი ქულით შეაფასა. მანამდე კი, საქართველოს არმიას და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი არმიის სახით, ჩვენ ვესალმებით ახალ საქართველოს - საქართველოს, რომლითაც უნდა იამაყოს ყოველმა ქართველმა; საქართველოს, რომელიც არასდროს დაუხრის თავს მტერს; საქართველოს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ეროვნული ინტერესების დაცვა. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თითოეული თქვენგანის მფარველი. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.”

რუსთაველის პროსპექტზე სამხედრო აღლუმის მიღებამდე წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა პატრიოტულ პოლიტიკურ ძალებს არსებული გამოწვევების წინააღმდეგ კონსოლიდაცია მოუწოდა. ”ჩვენ, ქართველები, ვჭირდებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. ვჭირდებით თავისუფლებისმოყვარე მსოფლიოს. ჩვენ ვქმნით მაგალითს თავისუფალი განვითარების,”- ასეთი იყო პრეზიდენტის მიმართვა, მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი და, მათთან ერთად, აფხაზებისა და ოსებისადმი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვსურს მშვიდობა და ჩვენი პატარა, მაგრამ ლამაზი და ძლიერი ქვეყნის ერთად შენება. ის წარმატებები, რომლებიც გვაქვს, უფრო დასაფასებელი იქნეობდა, მასში აფხაზები და ოსებიც რომ იღებდნენ მონაწილეობას.”

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტმა 16 სამხედრო პირი ”სამშობლოსადმი უმწიკვლო სამსახურისთვის” ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. აღლუმის საყურებლად რუსთაველის პროსპექტზე სასეირნოდ გამოყვანილი ბავშვებისთვის კი ჯილდო მშობლების მიერ ნაყიდი პატარა საქართველოს დროშები იყო. სამხედრო აღლუმი პატარებმაც მოიწონეს და დიდებმაც.

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] ”26 მაისი ჩემთვის არის ჩვენი თავისუფლების დღე, დამოუკიდებლობის დღე. განწყობა კარგია. არ გვეგონა, თუ ასეთი ჯარი გვყავდა.”
XS
SM
MD
LG