Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უყურებენ საქართველოში დასავლელი ექსპერტების რჩევას, აღდგეს როკი-ცხინვალი-გორის საგზაო მაგისტრალი?


ახლახან პრაღაში დასრულდა ეუთოს, რიგით მე-13, ეკონომიკური ფორუმი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც კონფლიქტური ზონების ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის

ტრანსპორტის თაობაზე მხარეთა შორის დიალოგისთვის ხელის შეწყობა იყო. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მუშაობის შემდეგ ეუთოს ფაქტების დამდგენმა მისიამ ფორუმზე წარადგინა რეკომენდაციები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარებას - მათ შორის, გორი-ცხინვალი-როკის გვირაბის მიმართულებით ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენას - ეხება. საინტერესოა, როგორ უყურებენ საქართველოში გორი-ცხინვალი-როკის მაგისტრალის აღდგენის რეკომენდაციას.

იყო დრო, როცა სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო ურთიერთობები ყვაოდა. კონფლიქტების შედეგად, დღემდე ეს ურთიერთობები მოშლილია და მანამ, სანამ პოლიტიკოსები გზების აღდგენაზე ვერ თანხმდებიან, ხალხი ვაჭრობისა და საქონლის ტრანსპორტირებისთვის არაეფექტიანი გზებით სარგებლობს. საქართველოსთვის ამ მეტად საინტერესო პრობლემაზე იყო მსჯელობა ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ამ დღეებში პრაღაში გაიმართა და რომლის მიზანსაც ტრანსპორტის თაობაზე გრძელვადიანი დიალოგისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენდა. ფორუმის თავმჯდომარე მიესალმა პროცესს, რომელიც საქართველოს და, კონკრეტულად, აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენისთვის მიმდინარეობს. ფორუმზე ლაპარაკი იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზეც. პრაღაში რადიო ”თავისუფლების” უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ეუთოს მისიის თანამშრომელმა ბილ ჰენლონმა განმარტა, რაში მდგომარეობს გორი-ცხინვალი-როკის მიმართულებით ტრანსკავკასიური მაგისტრალის ამუშავების რეკომენდაცია, რომელიც ეუთოს ფაქტების დამდგენმა მისიამ შეიმუშავა:

{ბილ ჰენლონის ხმა] ”ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში მომუშავე ექსპერტებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე ტრანსპორტირების სფეროში შექმნილი პრობლემები. ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს იმ ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენას, რომელიც როკის უღელტეხილიდან იწყება, გადის ცხინვალზე და გორის მიმართულებით გრძელდება. ეკონომიკური განვითარებისთვის ამ გზის აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მიიჩნევა, რომ საკითხის განხილვა ხელს შეუწყობს დიალოგის განვითარებას კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.”

არსებობს ალტერნატიული გზებიცო - ამბობს საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენელი და დასძენს: ”ერთი ასეთი გზა არის საქართველოს სამხედრო გზა, თუმცა ზამთრობით, დიდთოვლობის პერიოდში, სამხედრო გზა იკეტება. ეს ფაქტორი კი ზღუდავს ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით ვაჭრობის პოტენციალს.”

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამები მალე ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე იქნება განხილული. საქართველოს მხარე აქტიურად გამოდის ოსურ მხარესთან ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივებით. ცხინვალი - როკის მიმართულებით ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენის მნიშვნელობას, ეკონომიკური თვალსაზრისით, თბილისში არავინ უარყოფს, თუმცა, როგორც ქართველებსა და აფხაზებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ექსპერტი, ლაშა ტუღუში, ამბობს:

[ლაშა ტუღუშის ხმა] ”ამ გზაზე საუბრისას ვისურვებდი, რომ ეკონომიკური მიდგომები არ იყოს ჩაკეტილი მხოლოდ რეაბილიტაციის მიმართულებით, რადგან სარეაბილიტაციო პროექტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონფლიქტის მოწესრიგებისთვის რეალური ფონი შეიქმნას. საჭიროა ვიმუშაოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც შექმნიდა საერთო ინტერესებს და მხოლოდ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ვილაპარაკოთ რეალური მოწესრიგების პროცესზე.” (სტილი დაცულია)

დონორთა კონფერენციამ რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის მხარეთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინიციატივები უნდა განიხილოს. ცნობილია, რომ ჩვენ მიერ ნახსენები მაგისტრალის აღდგენისთვის საქართველოს მხარე როკის გვირაბის ერთობლივ გაკონტროლებას ითხოვს. ”საქართველოს ხელისუფლება როკის გვირაბის დახურვის წინადადებით არ გამოდის,” - თქვა ერთ- ერთ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა: ”საუბარია აღნიშნული გვირაბის გავლით ტრანზიტის ლეგალიზებაზე. ის არ უნდა იყოს მცირე ჯგუფების ხელში, ტრანზიტისგან სარგებელი ხალხმა უნდა მიიღოს.”
XS
SM
MD
LG