Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდია ”რეპორტიორის” ჟურნალისტები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტულ დანაშაულში ამხელენ და მათ კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ


სტუდია ”რეპორტიორის” ჟურნალისტებს 8 მაისს, როცა ისინი დიდუბის პანთეონთან კადრებს იღებდნენ ფილმისათვის, სახელწოდებით ”მადლობა პატრულს”,

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან პრობლემა შეექმნათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - მათივე განმარტებით, უკანონო გადაღებებისთვის - ჟურნალისტებს ვიდეოკასეტა წაართვეს . ”რეპორტიორის” ჟურნალისტებს ვიდეოკასეტა საქმეში სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ დაუბრუნეს. მომხდართან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ ბოდიში მოიხადა. საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდანაც იქნა დათხოვნილი, მაგრამ ”რეპორტიორის” ჟურნალისტები ამას არასაკმარისად მიიჩნევენ - ისინი დამნაშავე პოლიციელების კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ.

8 მაისს, თბილისში, დიდუბის პანთეონთან, მომხდარი ინციდენტი გამო, სამსახურიდან წასვლა მოუხდა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელს : ბაკურ კორნილოვს, გოჩა კაჭკაჭიშვილს და კოტე დიღმელაშვილს. მათმა უშუალო ხელმძღვანელებმა საყვედური მიიღეს. სტუდია ”რეპორტიორის” თანამშრომლები ვახტანგ კომახიძე, ბელა ზაქაიძე, ირინა დეკანოსიძე და მათი ადვოკატი ირმა ჭკადუა ამას არასაკმარის სასჯელად მიიჩნევენ და, როგორც უკვე ვთქვით, საპატრულო პოლიციის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლების კანონის შესაბამისად დასჯას მოთხოვენ:

[ადვოკატ ირმა ჭკადუას ხმა] ”სისხლის სამართლის კოდექსში არის 147-ე მუხლი, რომლის მიხედვით, განზრახ უკანონო დაკავება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 2 წლამდე. ის ქმედება, რაც გუშინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს, ჯდება ამ მუხლში. ”

ეს სწორედ ადვოკატის განმარტებაა. როგორც უკვე ვთქვით, სტუდია ”რეპორტიორის” ჟურნალისტებს მუშაობისას პრობლემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუქმნეს - მათ ვიდეოკასეტა წაართვეს . ამას გარდა, 1 საათის მანძილზე ჟურნალისტები, ფაქტობრივად, დაკავებულები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, ირინა დეკანოსიძე, იხსენებს, თუ რა პრეტენზიები ჰქონდათ ჟურნალისტების წინააღმდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს:

[ირინა დეკანოსიძის ხმა] ”განაცხადეს, რომ, შესაძლებელია, საპატრული პოლიციის კადრები გამოვიყენოთ ჩვენს ფილმში და ბრალი დავდოთ ვინმეს იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენი ფილმია. ”

”ეს იყო აბსურდული ბრალდება,” - აღნიშნავს ჟურნალისტი და განმარტავს, რომ ”რეპორტიორის” გადამღები ჯგუფი 2004 წლის ნოემბერში მომხდარი დანაშაულის ადგილას იღებდა კადრებს მხოლოდ და მხოლოდ მიზანსცენებისთვის და ეს კადრები ვინმეს სამხილი არ შეიძლება გამხდარიყო. სტუდია ”რეპორტიორი” 16 მაისისთვის დაასრულებს მუშაობას ახალ ფილმზე, რომელშიც აღწერილი იქნება 19 წლის ამირან რობაქიძის გახმაურებული მკვლელობა. ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, გვარად ბაშალეიშვილის მიერ გასროლილ ტყვიას შეეწირა. საქმის გამოძიებამ თავიდან ბაშალეიშვილი დაზარალებულად ცნო, რადგან ის ამტკიცებდა რომ რობაქიძეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით კი , როცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რობაქიძეს პოლიციელებისთვის არ უსვრია, ჩვენება შეიცვალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავისუფლების აღკვეთა გაუფრთხილებლობით განპირობებული მკვლელობისთვის შეეფარდა, თუმცა გირავნობის წესით გათავისუფლდა. აი, ეს ისტორია იქნება აღწერილი ფილმში, სახელწოდებით ”მადლობა პატრულს” . მისი ავტორები ითხოვენ მეტი სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი იმ პირებს, რომლებმაც მათ 8 მაისს მუშაობაში ხელი შეუშალეს და წართმეული ვიდეოკასეტა საქმეში სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ დაუბრუნეს.

დიდუბის პანთეონთან მომხდარი ინციდენტის გარდა, სამართალდამცველების ცუდ მუშაობაზე კიდევ ერთი შემთხვევა მეტყველებს. თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინაში ჩხრეკის ოპერაციის ჩატარებისას პოლიციელმა დაუდევრად გასროლილი ტყვიით საკუთარი კოლეგა დაჭრა. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია რამდენიმე საათის მანძილზე უტარდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ პოლიციელის ქმედებას, ვისაც იარაღი გაუვარდა და საკუთარი კოლეგა დაჭრა, სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
XS
SM
MD
LG