Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამეტებენ თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას პოლიციელები სპეცოპერაციებისას?


პარასკევს, საღამოს, სახალხო დამცველს სოზარ სუბარს და, მასთან ერთად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს

გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი. გენერალურ პროკურორთან მათ დამნაშავეობასთან ბრძოლაში პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომების თაობაზე უნდა ემსჯელათ და კონკრეტული ფაქტების შესწავლა მოეთხოვათ. მაგრამ შეხვედრა არ შედგა. ზურაბ ადეიშვილმა ელენე თევდორაძეს განუმარტა, რომ არ იყო მზად იმ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც შეხვედრაზე უნდა წამოწეულიყო. სოზარ სუბარს და ელენე თევდორაძეს ის რამდენიმე დღეში მიიღებს. ამჯერად კი სამართალდამცველების წინააღმდეგ დაგროვილ პრეტენზიებზე გესაუბრებით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს გენერალური პროკურორისთვის უნდა გადაეცა მის ხელთ არსებული მასალები თებერვალში ქუთაისში ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამ სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა 3 ახალგაზრდა მოკლეს, მათგან ერთს 50 -ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მოკლულები, სამართალდამცველების განმარტებით, სავარაუდო ეჭვმიტანილები იყვნენ, ისევე როგორც ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში, ჩოგბურთის კორტებთან, ჩაცხრილული ახალგაზრდები. ქუთაისში მომხდართან დაკავშირებით ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა აშკარად გამოხატულ ძალის გადამეტებით გამოყენებას. ელენე თევდორაძე აღნიშნულზე საუბრისას მის ხელთ არსებულ მასალას ეყდნობა.

კიდევ ერთი ფაქტის შესახებ: ამ დღეებში ელენე თევდორაძემ სახალხო დამცველთან ერთად მოინახულა პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად მძიმედ დაავადებული რევაზ ცალანი, რომელსაც დღემდე ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობენ. რევაზ ცალანის ოჯახის წევრები ასახელებენ ეჭვმიტანილ პოლიციელებს, თუმცა ისინი პასუხისგებაში არ მიუციათ.
პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაზე ელენე თევდორაძესა და სოზარ სუბარს გენერალური პროკურორისგან ამ ფაქტებზე რეაგირება უნდა მოეთხოვათ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, შეხვედრა გადაიდო.

დამნაშავეობასთან ბრძოლაში პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომებზე საუბრისას ცალკე უნდა გამოვყოთ ამასწინანდელი შემთხვევა - 2 მაისს თბილისში ჩატარებული სპეცოპარცია, რომელსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განმარტებით, 2 ეჭვმიტანილი შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა ჩოგბურთის კორტებთან დაახლოებით დილის 10 საათზე ჩატარებული სპეცოპერაციის არსი და დეტალები. გაჩნდა შეკითხვები: თუ ეჭვმიტანილებს დაყაჩაღება ჰქონდათ დაგეგმილი, რატომ ჩაუსაფრდნენ მათ ხალხმრავალ ადგილას? რატომ იჩქარეს სამართალდამცველებმა და არ დაუცადეს მოვლენების განვითარებას, რათა აყვანა დანაშაულის ფაქტზე მომხდარიყო? არის სხვა შეკითხვებიც: თავიდან იყო განმარტება, რომ ჩოგბურთის კორტებთან სამართალდამცველები ეჭვმიტანილებს მხოლოდ ჩაუსაფრდნენ,მაგრამ ამ ფაქტის გამჟღავნების შემდეგ სამართალდამცველების წინააღმდეგ გახსნილი იქნა ცეცხლი. როცა დაისვა შეკითხვა, რატომ გახდა აუცილებელი ჩასაფრება ხალხმრავალ ადგილას, ვერსია შეიცვალა და ითქვა, რომ ხორციელდებოდა სავარაუდო ეჭვმიტანილების დევნა. სამართალდამცველების მხრიდან განმარტებების ცვლა უკვე დამაეჭვებელი ფაქტია, თუმცა ეჭვებისთვის - თანაც სერიოზული ეჭვებისთვის - სხვა მიზეზიც არსებობს. ამის თაობაზე ჩვენთან სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრამდე ისაუბრა:

[ სოზარ სუბარის ხმა] ”ჩემი თანამშრომელი იქ იყო ამ დროს სრულიად შემთხვევით და ნახა, რომ არანაირი ცეცხლი არ გახსნილა ამ ადამიანების მხრიდან. ცეცხლი გახსნა პოლიციამ. ეს მძიმე ბრალდებაა. ის შეიძლება სხვა ჩვენებებით გაბათილდეს, მაგრამ ეჭვების საფუძველი არსებობს.”

მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება, უმეტესწილად, სამართალდამცველების ჩვენებებს ეყდნობა, რადგან სხვა მოწმეები, ხშირ შემთხვევაში, არც კი არსებობენ. შესაბამისად, ძნელია გაიხსენო ფაქტი, გამოძიებას ეთქვას, რომ ამა თუ იმ სპეცოპერაციისას პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას, ანუ ძალის გადამეტებით გამოყენებას.
XS
SM
MD
LG