Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს წერილობით, ერთობლივი მემორანდუმის სახით


პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები ერთმანეთს თამაშის ახალ წესებს უთანხმებენ. ოპოზიციური ფრაქციების წევრები უმრავლესობისთვის ულტიმატუმის წერილობითი ფორმით

წაყენების შესახებ შეთანხმდნენ და ერთობლივი მემორანდუმის ტექსტზე დაიწყეს მუშაობა. მემორანდუმის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების შეწყვეტა. როგორც ცნობილია, პროტესტის ამ გზას ოპოზიცია ვალერი გელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დაადგა. როდემდე არ შევლენ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის სხდომებზე, არავინ იცის - უმრავლესობის წევრები ოპოზიციის პირობების მიღებას არ აპირებენ.

პოლიტიკურ ბოიკოტში მონაწილე ოპოზიციური ფრაქციები ხელისუფლებას, ბოიკოტის შეწყვეტის სანაცვლოდ, ერთობლივ მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებას მოსთხოვენ. ფრაქციები - ”დემოკრატიული ფრონტი”, ” მემარჯვენე ოპოზიცია” და “მრეწველები” - თანხმდებიან, ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები წერილობით სწორედ ერთობლივი მემორანდუმის სახით წარუდგინონ:

[კახა კუკავას ხმა] ”ეს აუცილებლად წერილობითი სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ეს არ იქნება მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის დოკუმენტი. ეს დოკუმენტი იქნება პარლამენტს გარეთ მნიშვნელოვანი ორიენტირი და ჩვენ ვაპირებთ ამ დოკუმენტით ვიურთიერთოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან. გივი თარგამაძე ჩვენ გვაბრალებს, რომ ვართ ქურდები და ოლიგარქები. უნდა იცოდნენ საქართველოში, რას ვითხოვთ ქართველი ”კრიმინალები” და ”ქურდები” - სამართლიან არჩევნებს და კრიმინალური ბანდების დასჯას. ეს დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი ჩვენთვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. ”

ეს იყო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის კახა კუკავას კომენტარი. სწორედ ”დემოკრატიულ ფრონტში” მომზადდა საპარლამენტო ოპოზიიის ერთობლივი მემორანდუმის ტექსტი. მასში რამდენიმე მოთხოვნა იკვეთება: საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, მერების და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევითობის მიღწევა, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული მოდელის შეცვლა. მემორანდუმის ტექსტი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაიწერა. 5 აპრილს დაიწყო მემორანდუმის ტექსტის შეთანხმება ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. უმრავლესობისთვის ცნობილია ოპოზიციის მოთხოვნები. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიკა გვარამია, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას უმრავლესობასთან ულტიმატუმის ენით საუბარი არ გაუვა:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”ეს გადაწყვეტილი საკითხებია და მათთან დაკავშირებით უკვე წერტილია დასმული. ახლა გაიხსენეს ყველა მათ მიერ წაგებული დებატები და კონსულტაციები და ერთობლივ მოთხოვნად დააყენეს და თქვეს, რომ შემოვლენ, თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება. ამ ულტიმატუმზე როგორ უპასუხებს უმრავლესობა, რომელსაც იდეაში საერთოდ არ სჭირდება ეს ოპოზიცია ( გადაწყვეტილების მიღებას ვგულისხმობა).”

პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების თაობაზე ოპოზიციური ფრაქციების შეთანხმებასთან დაკავშირებით 5 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ჰქონდა ”მემარჯვენე ოპოზიციის” წევრს ფიქრია ჩიხრაძეს. ნინო ბურჯანაძე მასთან შეხვედრის ინიციატივით თავად გამოვიდა. ჩიხრაძემ ბურჯანაძეს ოპოზიციის პროტესტის მიზეზები ჩამოუთვალა. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობად შეაფასა, თუმცა შეხვედრაზე არავითარი შეთანხმება არ შემდგარა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან დათმობებს არ ელის და, როგორც ჩანს, მისი წარმომადგენლები პარლამენტის სხდომაზე არ შევლენ. ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს, სხდომების ბოიკოტირება საკმაოდ გახანგრძლივდეს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”კომიტეტის სხდომებს არ ვემიჯნებით, მაგრამ ჩვენ ვუცხადებთ ბოიკოტს ბიუროს სხდომას და პარლამენტის სხდომას, რადგან იქ ხდება ოპოზიციური აზრის ჩაწიხვლა.”
XS
SM
MD
LG