Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 628-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში "მეათე სტუდიაში" გიწვევთ. რადიოჟურნალის 628-ე გამოშვებაში გიამბობთ ერთი თბილისური ოჯახის ძალისხმევაზე, სიცივეს, უგაზობასა და უდენობას გაუმკლავდეს; ვეცდებით გავარკვიოთ, რას უქადის საქართველოს გაზპრომის მხრიდან ირან-სომხეთის გაზსადსენის კონტროლი; გესაუბრებით მცირე ბიზნესის პრობლემებზე; რადიოჟურნალის მეორე ნაწილი ხელოვნებას დაეთმობა - ჯერ მოგითხრობთ ერთ ფრიად სკანდალურსა და, ამავე დროს, წარმატებულ კინოფილმზე, რომელშიც ორი ამერიკელი კოვბოის სასიყვარულო ამბავია ასახული; შემდეგ კი გამოვეხმაურებით ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის 250-ე წლისთავს; "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

ერთი თბილისური ოჯახის ძალისხმევა სიცივის დასაძლევად

დავით კაკაბაძე:
გაზისა და ელექტროენერგიის გათიშვამ და თანდართულმა დიდთოვლობამ პრობლემები ყველას შეუქმნა, გათბობის პრობლემის სასწრაფო მოგვარებაზე ზრუნვა დააწყებინა თითოეულ ოჯახს და, მით უფრო, იმ ოჯახებს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. თბილისში ისევ გაიხსენეს ლამის უკვე მივიწყებული ნავთქურები, თხევადი გაზის ბალონები და შეშის ღუმელები. სიცივესთან გამკლავებას ამა თუ იმ გზით, ცხადია, ყველა ცდილობს. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი ერთი ოჯახის მდგომარეობასა და ძალისხმევაზე მოგითხრობთ.

ალექსანდრე ელისაშვილი:
28 წლის გიორგი ვასაძე ადვოკატია. იგი პოლიტიკით დიდად არ ინტერესდება და ძირითადად თავის კლიენტებთან ურთიერთობითაა დაკავებული. ჩვეულებრივ მისი დილა საქმიანი შეხვედრებით ან სასამართლო პროცესებით იწყება. თუმცა ბოლო დღეების მანძილზე მისი ჩვეული რიტმი სრულიად შეიცვალა. ორი მცირეწლოვანი შვილის მამას დილიდან თხევადი გაზის შეძენისათვის თადარიგის დაჭერა უწევს:

[გიორგი ვასაძის ხმა] "მე დღეს ვიყავი, შევიძინე გაზი, თხევადი გაზი და დილის ცხრა საათიდან ორის ნახევრამდე ვიდექი რიგში და წარმოუდგენელი რიგებია თბილისში."

რის ვაი ვაგლახით ნაყიდ თხევად საწვავს ოჯახი საჭმლის მომზადებისათვის იყენებს. სითბო კი თხევადი გაზისაგან მინიმალურია. ვასაძეთა ოჯახში დასადგურებულ სიცივეს ყველა თაობის წარმომადგენელი ერთდროულად რამდენიმე თბილისი ტანსაცმლის ჩაცმით ებრძვის:

[გიორგი ვასაძის ხმა] "ვართ სიბნელეში და სიცივეში. ბავშვებიც. რამოდენიმე ტანსაცმელი აცვიათ ერთად. ამბობენ, რომ უკვირთ ჯერ. ორი წლის და სამი წლის არიან ჯერ არ ქონიათ ესეთი შემთხვევა ასეთი ზამთარი ჰქონოდათ. ჯერჯერობით უკვირთ და ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება ასე."

ენერგეტიკული ვითარების გამოსწორების ბუნდოვანი პერსპექტივის ფონზე შექმნილი ვითარებისთვის პასუხისმგებლად გიორგი ვასაძე პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას მიიჩნევს:

[გიორგი ვასაძის ხმა] "პირველ რიგში თავი და თავი არის ჩვენი ხელისუფლების მოუმზადებლობის და წინდაუხედავობის ბრალი. ის, რომ შესაძლებელი იყო და თეორიულად არ იყო გამორიცხული, მსგავსი კრიზისი შექმნილიყო, უნდა ეზრუნა ამაზე ხელისუფლებას და უნდა მიეღო სათანადო ზომები."

კრიზისის შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებთან დაკავშირებითაც გიორგი ვასაძეს, როგორც ადვოკატს, სერიოზული შენიშვნები აქვს. მაგალითად მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს თხევად გაზზე და დიზელის საწვავზე არასაბაზრო და სპეკულაციურ ფასებს. ხელისუფლებას ერთადერთი შეეძლო საწვავის მარაგის შექმნა და თავად მისი შედარებით იაფად გაყიდვა, ხოლო ფასის ხელოვნური რეგულირება არაა მთავრობის საქმე - თვლის გიორგი ვასაძე, რომელიც ჩვენთან საუბრის შემდეგ ისევ თხევადი გაზის რიგში ჩასადგომად გაეშურა. მას სახლში ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფი და თბილად შეფუთნული ორი და სამი წლის გვანცა და ნუციკო ელიან.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

გაზპრომის პოლიტიკა სომხეთში: გავლენა საქართველოზე

დავით კაკაბაძე:
საქართველოში არსებული ენერგოკრიზისის პარალელურად შესაძლოა, საინტერესო პროცესები განვითარდეს ქვეყნის ახლო სამეზობლოში: ამას წინათ რუსეთის გაზეთი "კომერსანტი" იუწყებოდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი მზადაა, "გაზპრომს" დაუთმოს მშენებარე ირან-სომხეთის გაზსადენის 45 პროცენტი. სამაგიეროდ, სომხეთი 2006 წელს 1000 კუბურ მეტრ გაზში ძველ ფასს, 54 დოლარს გადაიხდის და არა 110-ს, როგორც ამას "გაზპრომი" მოითხოვდა. რას უქადის საქართველოს ირან-სომხეთის გაზსადსენის კონტროლი გაზპრომის მხრიდან. ამ და გაზმომარაგების სხვა საკითხებზე დავით პაიჭაძე ესაუბრა ენერგეტიკისა და ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ თეიმურაზ გოჩიტაშვილს.

დავით პაიჭაძე:
45%-ის დათმობა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის წინადადება იყო, თუ გაზეთ "კომერსანტს" ვერწმუნებით. მანამდე გაზპრომი სომხეთისგან გაზის ახლანდელი ფასის შენარჩუნების სანაცვლოდ ითხოვდა რაზდანის თბოელექტროსადგურის მე-5 ბლოკს და რესპუბლიკის მთელ გაზგამანაწილებელ სისტემას. არადა, გაზის მთელი სექტორის ნახევარს სომხეთში გაზპრომი ისედაც ფლობს.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ გოჩიტაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, თუ რატომ მოითხოვდა გაზპრომი რაზდანის თბოელექტროსადგურს:

[თეიმურაზ გოჩიტაშვილის ხმა] "სწორედ რაზდანის თბოელექტროსადგურში გამომუშავდება თბოელექტროენერგია, რომელსაც სომხეთი აწვდის საქართველოს. პრაქტიკულად, სომხეთს ეს ელექტროენერგია არ სჭირდება იმიტომ, რომ ატომური ენერგია ჰყოფნის. ეს ერთხელ კიდევ მეტყველებს არა იმდენად გაზპრომის, რამდენადაც რუსეთის პოლიტიკაზე ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ცდილობს, ენერგეტიკა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის."

სომხეთის გავლით ირანული გაზის საქართველოსა და შემდგომ, შავი ზღვის გავლით, უკრაინასა და ევროპაში ტრანსპორტირების პროექტი, თეიმურაზ გოჩიტაშვილის თქმით, შექმნა უკრაინის ერთ-ერთმა საპროექტო ინსტიტუტმა. ინსტიტუტმა მოამზადა პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება, განსაზღვრა მისი განხორციელების ფასი - 5 მილიარდი დოლარი.

[თეიმურაზ გოჩიტაშვილის ხმა] "მაგრამ თავის დროზე ეგ მილსადენი უფრო დიდი დიამეტრით უნდა აშენებულიყო. სომხები ამტკიცებენ, რომ გაზპრომის ძალდატანებით შეამცირეს მილის დიამეტრი, რადგან გაზპრომს არ სურდა, პროექტი მის გარეშე განხორციელებულიყო. ეს არის ზოგადი ვითარება. ჯერ რაიმეს გაკონტროლებაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ თუ ხსენებული პროექტის რეალიზაცია დაიწყება, სწორედ მისი გაკონტროლება უნდა გაზპრომს."

როგორც ცნობილია, გაზით საქართველოს დღეს აზერბაიჯანი ამარაგებს. მე დავინტერესდი და ვკითხე თეიმურაზ გოჩიტაშვილს, შეუძლია თუ არა მეზობელ ქვეყანას, მეტი გაზის მიაწოდოს საქართველოს:

[თეიმურაზ გოჩიტაშვილის ხმა] "ეს იმის მაქსიმუმზე მეტია, რისი მოწოდებაც შეუძლია აზერბაიჯანს. მოლაპარაკება ასეთი იყო: მაქსიმუმ ორი მილიონი კუბური მეტრი დღეში. გვაწვდის 2,5 მილიონ კუბურ მეტრს. ამ მილსადენის მეტი დატვირთვა მიზანშეუწონელია. მეტის მოწოდებაც როპმ შეძლოს აზერბაიჯანმა, შეიძლება ეს მილსადენი გამოვიდეს მწყობრიდან და ჩვენ საერთოდ ყველაფერი დავკარგოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაზზე თავისი მოთხოვნილების 50%-ს აზერბაიჯანი რუსეთიდან იღებს, საკუთარი გაზი არ ჰყოფნის და იმპორტზე ზის."

მილი, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველ;ოში შედის, კარგა ხანია, არ მოქმედებდა. თეიმურაზ გოჩიტაშვილის თქმით, არის განშტოება იმ მილსადენისა, რომლითაც ადრე ირანი აწვდიდა გაზს რეგიონს. მას ყაზახი-საგურამოს მილსადენი ეწოდება და სულ ცოტა ხნის წინათ მოხდა მისი რეაბილიტაცია. მანამდე, წლების მანძილზე ის დაუცველი იყო კოროზიისაგან და ახლაც ძალიან სახიფათოა მასში გაზის გაშვება დიდი წნევით. ამიტომაც, რაციონალურია, თუ მილსადენს მეტად არ დატვირთავენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან მცირე მილსადენით ასე ოპერატიულად, თუნდაც შეზღუდული რაოდენობით გაზის მოწოდების განახლებას, თეიმურაც გოჩიტაშვილი აღნიშნავს:

[თეიმურაზ გოჩიტაშვილის ხმა] "თავის დროზე, დიდი ხნის წინ დაიწყო ეს მოლაპარაკება და მთავრობამ ძალიან ადეკვატური ქმედებები განახორციელა. თორემ თქვენ გახსოვთ სამი წლის წინანდელი ზამთარი: საქართველო საერთოდ ჩაბნელდა და 10 დღეს ელექტროენერგიის გარეშე იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევას ძალიან მომზადებული შევხვდით, თორემ მართლა დაგვაჩოქებდა რუსეთი, ისეთი სიტუაცია შეიქმნებოდა საქართველოში. ძალიან მზაკვრულად იქნა შერჩეული ეს დრო, თუ ის მართლაც შერჩეული იქნა."

მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, კრიზისის დასასრულს ეხება. თეიმურაზ გოჩიტაშვილის ვარაუდით, ამ ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ერთი კვირა სჭირდება და, უკეთეს შემთხვევაში, გაზის მიწოდება მომავალი ორშაბათიდან უნდა აღდგეს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

მცირე ბიზნესის პრობლემები საქართველოში

დავით კაკაბაძე:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობამ 191,8 მილიონ ადამიანს მიაღწია. ეს 2,2 მილიონით მეტია 2004 წელთან შედარებით. სამაგიეროდ, უმუშევრობამ იკლო ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რჩება და უმეტეს შემთხვევაში ხალხი თვითდასაქმებით ცდილობს ფონს გასვლას. ზოგადად კი, მცირე ბიზნესის წახალისება უმუშევრობის შემცირების საუკეთესო საშუალებად ითვლება. რა მდგომარეობაა საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით? ამ საკითხით თამარ ჩიქოვანი დაინტერესდა.

თამარ ჩიქოვანი:
"იდეა, ფული და ერთი შანსი" - ასე ეწოდება ახალ სატელევიზიო პროექტს, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავა და რომელიც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს იდეალურ პირობებს შეუქმნის წარმატებული ბიზნესის ასაწყობად - კონკურსში გამარჯვებული იდეის ავტორები რეალიტი შოუს ფორმატში, ძლიერი პარტნიორების მხარდაჭერით თეთრი ბიზნესის აწყობას ეცდებიან. ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი საწყისი თანხა, ასე ვთქვათ კრიშა და კარგი იდეა - ეკონომისტ ბონდო ზარნაძის განმარტებით, ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად აკლია დღეს მცირე ბიზნესს:

[ბონდო ზარნაძის ხმა] "თუ ბიზნესში ფული არა გაქვს - ვერაფერს ვერ დაიწყებ. დგება კრედიტის ხელმისაწვდომობის საკითხი - მიბრძანდით სადაც გინდათ. 2 ან სამი ათაის დოლარით საქმეს ვერ დაიწყებ. როდის იყო, წლიური 24 პროცენტით ბიზნესის დაწყება შესაძლებელი იყოს. თუ ყველაფერში დასავლეთს ვბაზავთ, იქ წლიური 5 – 6 პროცენტია. განვითარებული ბიზნესის ქვეყანაში. ცვენთან, სადაც ბიზნესი ახლა ყალიბდება და სუსტია - 20-24 პროცენტს ახდევინებენ წელიწადში. იამნ ხომ მოგებიდან ერთი ამდენი უნდა დაიტოვოს? სად არის 40-50 პროცენტიანი მოგება? ამიტომ იქცა საქართველო იაფფასიან გასაღების ბაზრად. იაფფასიანმა იმპორტმა წალეკა საქართველო.“

ბონდო ზარნაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მცირე ბიზნესის მიმართ პოლიტიკა ნათელია - ხელისუფლება მხოლოდ მსხვილ ბიზნესს ლობირებს, მცირე და საშუალო ბიზნესი კი შევიწროვებას განიცდიან. არადა, ბონდო ზარდაძის განცხადებით, მცირე ბიზნესს, სხვა მრავალთან ერთად, უდიდესი სოციალური ფუნქცია აკისრია:

[ბონდო ზარნაძის ხმა] "სულ სხვა ფუქნცია აკისრის მცირე ბიზნესს და ინდივიდუალურ მწარმეობას. ეს არის მასობრივი ბზინესი. მას უდიდესი სოცილუარი ფუქნცია აკისრია - მან უნდა შექმნას თვითდასაქმების მექანიზმი. რა თქმა უნდა, ფისკალური დატვირთვა აქაც არის - ბიუჯეტში შემოსაცლის შესვლის ფუნქცია, რომელიც ძირითადად დიდი ბიზნესის ფუნქციაა. მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესუ უნიკალური იმით არის, რომ მისი მცირეოდენი ფისკალური ფუქნციით, უზარმაზარი სოციალური ფუქნცია აკისრია. მან უნდა შექმნას ის თვითდასაქმების მექანიზმი, რომელიც საქართველოს ასე სჭირდება. სამოთხოდან ხომ არავინ გარბის."

მოლოდინის მიუხედავად, არც ახალმა საგადასახადო კოდექსმა გაამართა - მართალია, ეს მოლოდნი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს არც ჰქონიათ. პირიქით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მათ ისედავ მძიმე საგადასახადო ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებდა. ასეც მოხდა:

[ბონდო ზარნაძის ხმა] "საგადასახადო კოდექსი უნდა შეფასდეს იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც მას იყებენენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმია არა ის, რომ გადასახადების რაოდენობა შევალცირე, არამედ ის, თუ ჯამური საგადასახადო ვალდებულებებით ყველა გადასახალით ჩემი ყოველი 100 ლარიდან ბიუჯეტში რამდენს წარვმარტავ და მე რამდენი მრჩება. მსოფლიო პრაქტიკით, როგორც კი გადასახადი შემოსავლის 25-30 პროცენტს გადააჭარბებს, იწყება კორუფცია. უზარმაზარი კორუფცია."

ასე რომ, როგორც ჩანს, წარმატებული და თეთრი ბიზნესის წარმოება საქართველოში კვლავ ვირტუალურ სამყაროშია შესაძლებელი. შესაბამისად, მალე ქართველი მაყურებელი თვალს მიადევნებს, როგორ შეიძლება გქონდეს იდეა და ფული და აკეთო ბიზნესი. ერთი შანსი კი ყველას არ ექნება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

„კუზიანი მთა” - ფილმი ჰომოსექსუალისტ კოვბოებზე

დავით კაკაბაძე:
დროდადრო ჰოლივუდში იღებენ ხოლმე ფილმებს, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობს კინოში ჰომოსექსუალიზმის თემის ასახვაში. ერთ-ერთ ასეთ ფილმად მიიჩნევა ტაივანური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ანგ ლის "კუზიანი მთა". მასში ნაჩვენებია ორი კოვბოის სასიყვარულო ამბავი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ამერიკაში. მთავარი გმირების ურთიერთობას წინ აღუდგება იმდროინდელ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები. ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველები ამ თანამედროვე ვესტერნს დიდი მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევენ. ახალ ფილმზე მასალა ბიძინა რამიშვილმა მოამზადა.

[მუსიკა ფილმიდან „კუზიანი მთა”]

ბიძინა რამიშვილი:
ფილმის მთავარი გმირები, ჯეკი და ენისი, 1963 წელს ერთმანეთს ხვდებიან ვაიომინგის შტატის ერთ-ერთ რანჩოში. თავიდან ეს უბრალოდ მეგობრობაა. ერთ ცივ ღამეს კი გასათბობად ერთმანეთს ეხუტებიან.

როცა ზაფხული გაივლის და ერთმანეთს შორდებიან, მათი ხანმოკლე რომანი თითქოს წყდება. ისინი თავთავიანთ ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან, მოჰყავთ ცოლები, უჩნდებათ ბავშვები. მაგრამ ტრფობის ნაპერწკალი კვლავ უღვივდებათ. ფილმში ნაჩვენებია ტკივილი და იმედგაცრუება, რომლითაც არის აღსავსე კუზიან მთაზე მათი პირველი ვნებიანი შეხვედრის შემდგომი წლები.

[კოლის ხმა] „ვფიქრობ, „კუზიანი მთა” არის ფილმი, რომელიც წყალგამყოფის როლს თამაშობს ჰომოსექსუალისტებისთვის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.”

ეს გახლდათ ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაციის, "ადამიანის უფლებების კამპანიის" წარმომადგენელი მაიკლ კოლი.

„კუზიანი მთა” პირველი ფილმი არ გახლავთ, რომელიც ახლებურად აყენებს ჰომოსექსუალიზმის პრობლემატიკას.

[მუსიკა კინოფილმიდან "ფილადელფია"]

ათ წელიწადზე მეტი ხნის წინ მსგავსი ეფექტი ჰქონდა ფილმს „ფილადელფია”, რომელშიც შიდსით დაავადებული ჰომოსექსუალისტი მამაკაცის სიმპათიური სახეა დახატული. სხვა მრავალი ფილმის ჩამოთვლაც შეიძლება.

მაგრამ კინომაყურებლების აზრით, „კუზიანი მთა” იმითაა გამორჩეული, რომ იგი არ არის იმდენად ფილმი ჰომოსექსუალისტების შესახებ. უფრო მეტად ესაა სიყვარულის ამბავი, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ პროტაგონისტები მამაკაცები არიან.

ფილმის რეჟისორი, ტაივანში დაბადებული ენგ ლი მიიჩნევს, რომ ფილმში გადმოცემულ ემოციასთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კავშირის პოვნა.
„კუზიანმა მთამ” კინოკრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. „ნიუ იორკ ტაიმსის” მიმოხილვაში იგი მოხსენიებულია, როგორც „შემძვრელი და დიდებული.”

ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე პრიზის მოპოვება. მათ შორისაა ოთხი ოქროს გლობუსი. მომავალ კვირაში კი მას ოსკარების მინიჭების ცერემონიაზეც უწინასწარმეტყველებენ წარმატებას.

ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების აზრით, ეს წარმატება იმას ნიშნავს, რომ მას უფრო გაუადვილდება დაძლიოს ჰომოსექსუალიზმის თაობაზე უარყოფითი შეხედულებები. კვლავ კოლს მოუსმინეთ:

[კოლის ხმა] „ვინაიდან კრიტიკის ასეთი გამოხმაურება აქვს, ეს ფილმი დიდი რაოდენობით ადამიანებს უბიძგებს მისი ნახვისკენ და იმისკენ, რომ გულით და გონებით გაიხსნან ჰომოსექსუალისტი ადამიანებისა და ერთი სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობების მიმართ.”

ამ მოსაზრებას ეთანხმება ფილმის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა ნაწილი და სწორედ ეს აფიქრებთ მათ.

სტივენ ისააკი ფილმებს მიმოიხილავს საინტერნეტო გამოცემისთვის, რომელიც ეკუთვნის ქრისტიანულ ორგანიზაციას სახელწოდებით „ოჯახი ყურადღების ცენტრში.”

მრავალი - მაგრამ არა ყველა - ქრისტიანის მსგავსად ისააკს სჯერა, რომ ჰომოსექსუალიზმი შეუთავსებელია ქრისტიანულ მრწამსთან.

იგი არ ეთანხმება ფილმის მთავარ აზრს, რომ გმირების ტანჯვის მიზეზი არა მათი ჰომოსექსუალური საქციელია, არამედ ის, რომ საზოგადოება უკრძალავს მათ დაჰყვნენ თავიანთ ვნებას.

[ისააკის ხმა] "ფილმის ხარისხს იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ რაც უფრო კარგად არის ფილმი გაკეთებული, რაც უფრო მეტად ემოციურია არის ფილმი, მით უფრო ძლიერია იდეა, რომელსაც იგი ქადაგებს.”

„კუზიანი მთა” მხოლოდ ერთ-ერთია ამ თემატიკაზე გადაღებულ იმ ფილმთა შორის, რომლებიც ამჟამად მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მაგალითად, ოქროს გლობუსები მოიპოვა ორმა ასეთმა ფილმმა. ერთია „ტრანსამერიკა” - ფილმი მამაკაცზე, რომელიც სქესის შესაცვლელად ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს, მეორე კი - ფილმი „კაპოტე” - ჰომოსექსუალური ორიენტაციის მწერალ ტრუმან კაპოტეს ეხება.

მაიკლ კოლის აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ შეერთებულ შტატებში ჰომოსექსუალისტები, ლესბოსელები და ბისექსუალები სულ უფრო იოლად ხდიან ფარდას თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას.

ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველები იმედოვნებენ, რომ „კუზიანი მთა” კიდევ უფრო მეტი ტოლერანტობის დანერგვას შეუწყობს ხელს.

[მუსიკა ფილმიდან „კუზიანი მთა”]

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - 250

დავით კაკაბაძე:
27 იანვრის სუსხიანი საღამო იდგა, როცა თოვლში ჩაფლულ პატარა ქალაქ ზალცბურგში, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, ბიჭუნა დაიბადა - საოცარი ბავშვი, რომლის შესახებაც სულ რამდენიმე წელიწადში აი, რას წერდნენ: “უდიდესი საოცრება, რომლითაც ევროპას ან, საერთოდ კაცობრიობას შეუძლია თავი მოიწონოს, უდავოდ არის პატარა გერმანელი ბიჭუნა, ვოლფგანგ მოცარტიო”. 1756 წლის 27 იანვრის შემდეგ ანუ მას მერე, რაც ზალცბურგში მუსიკალური საოცრება - მოცარტი - მოევლინა ქვეყანას, 250 წელი შესრულდა და ამ იუბილეს დღეს მთელი მსოფლიო ზეიმობს. ზეიმს ჩვენც ვუერთდებით - სიუჟეტით, რომელიც მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.

[ლენკა პოკორნას ხმა] “მოცარტი ვუნდერკინდი იყო - 5-6 წლისა უკვე კომპოზიციებს წერდა”...

მარიამ ჭიაურელი:
...ასე იწყებს მოცარტზე საუბარს ლენკა პოკორნა, მოცარტის მუზეუმის დირექტორი პრაღაში - ქალაქში, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მოცარტის იუბილისადმი მიძღვნილ მუსიკალურ მარათონში, მთელი მსოფლიო რომ მოიცვა. მეტიც - პრაღა ერთ-ერთი ცენტრია ამ საყოველთაო მუსიკალური ზეიმისა იმის გამო, რომ მოცარტი რამდენჯერმეა ნამყოფი და იმის გამო, რომ აქ გაიმართა მისი ოპერის, “დონ ჯოვანის” - ყველა დროის ერთ-ერთი უმშვენიერესი მუსიკალური ნაწარმოების პრემიერა...

[ლენკა პოკორნას ხმა] “ის 1787 წელს, შემოდგომაზე ჩამოვიდა პრაღაში დაუსრულებელი ოპერით - “დონ ჯოვანით” და აქ, ვილა ბერტრამკაში დაამთავრა მასზე მუშაობა. პრემიერამ ისე ჩაიარა, რომ უვერტიურის რეპეტიცია ვერ მოასწრეს - მოცარტმა უვერტიურა აქ, ბოლო მომენტში დაწერა და მუსიკოსებს ნოტები ნანახი არ ჰქონდათ, როცა პრემიერის საღამოს პიუპიტრებზე დახვდათ. ეს იყო დიდი წარმატება.”

ასე დაიწერა და შესრულდა ოპერა, თან რა ოპერა...

[მუსიკა: მოცარტის ოპერა “დონ ჯოვანის” უვერტიურა]

მოცარტის შემოქმედება, სხვა თუ არაფერი, მოცულობით იწვევს განცვიფრებას: სხვადასხვა ზომის 630-მდე ნაწარმოები, მათ შორის სონატები, კონცერტები, სიმფონიები, ოპერები, მესები. “თან ყველაფერი ეს მოასწრო კაცმა, რომელიც 36 წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალაო”, - დასძენს რომან ბელორი - პრაღის სამუსიკო ფესტივალის დირექტორი.

[რომან ბელორის ხმა]

და ყველაფერი, რაც მოცარტმა დაწერა, ბელორის რწმენით, ერთ შეფასებას იმსახურებს - გენიალური. მართლაც, წეღან “დონ ჯოვანის” უვერტიურის არ იყოს - ყველაზე შთამბეჭდავი არც მოცარტის სწრაფად მუშაობის უნარია და არც მისი ქმნილებების რაოდენობა. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მისი მუსიკის განსაცვიფრებელი სილამაზეა, რომელსაც საუკუნეებია ყავლი არ გადის, საუკუნეებია გვიხბლავს...

[მუსიკა: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი]

სილამაზის განმარტებას, მისი საიდუმლოს ამოხსნას ნამდვილად ვერ შევეჭიდებით, მაგრამ ის კი შეგვიძლია მოგასმენინოთ, როგორ ცდილობდა არაერთი ცნობილი ადამიანი, სიტყვებით გადმოეცა შეგრძნება, რომელსაც მოცარტის მუსიკის მშვენიერება აღძრავს და კიდევ - მადლიერება იმის გამო, რომ ეს მუსიკა არსებობს.

“ქედს ვიხრი ყველა ოსტატის ოსტატის წინაშე” - ჯოაკინო როსინი.

“მოცარტი ნიშნავს, რომ ცხოვრებას აზრი აქვს და ამ აზრის ამოცნობა მუსიკაშია შესაძლებელი” - ჰერმან ჰესე.

“მოცარტი იმდენად სუფთა და მშვენიერია, რომ მის მუსიკაში სამყაროს შინაგან მშვენიერებას ვხედავ” - ალბერტ აინშტაინი.

“როცა მოცარტი სიცოცხლეს გამოეთხოვა, მსოფლიო განახლებული, გამდიდრებული და მისი სტუმრობით დალოცვილი დაგვიტოვა” - ლეონარდ ბერნსტაინი.

მოცარტზე საუბრისას იმდენად ხშირად ხმარობენ სიტყვებს როგორიცაა “გენიოსი”, “ვუნდერკინდი”, “ვირტუოზი”, “შედევრების” ავტორი, რომ თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში კაცს ზედმეტი პათეტიკურობის შთაბეჭდილება გაუჩნდებოდა. მაგრამ მოცარტის შემთხვევაში ვერაფერს გახდები: ეს ცნებები უბრალო ფაქტებს ასახავს. აბა, ვუნდერკინდი არ არის ბავშვი, რომელიც 6 წლისა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნის? ვირტუოზი არ არის, როცა 7 წლისას კონცერტებით ნახევარი ევროპა აქვს მოვლილი? გენიოსი არ არის კაცი, რომელსაც, მაგალითად, რექვიემი აქვს დაწერილი?

[მუსიკა: "რექვიემი"]

როცა მოცარტი, 35 წლისა, ვენაში გარდაიცვალა, ის უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იყო, ვალებში ჩაფლული. არავინ უწყის, დღეს რა ბედი ერგებოდა, მაგრამ მისი წყალობით რომ ჩვენს ეპოქაში მილიონობს შოულობენ - ამაზე ეჭვი არ არის. 2006 წელი - მოცარტის წელი - მარკეტინგის ნამდვილი აპოთეოზია, ტურისტულ ბუმს ავსტრიელი გენიოსის სამშობლოში დამატებით ასობით მილიონი ევრო შეაქვს!

მარტო ზალცბურგი, რომლის ქუჩებიც სავსეა მოცარტის მოყვარული ტურისტებით, მაღაზიები კი მოცარტის გამოსახულებიანი მაისურებით, ქოლგებით, ჭიქებით, საფერფლეებით, ტკბილეულით, ღვინით - თქვენ წარმოიდგინეთ, ძეხვითაც კი - წლევანდელი წლის მანძილზე 50 მილიონი ევროთი მეტ შემოსავალს მოელის. ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი ვენაში: მის სახელგანთქმულ კაფეებში მოცარტის სახელით დამშვენებული ტკბილეულის მირთმევა შეგიძლიათ.

[მუსიკა: ფალკოს ჰიტი “ამადეუს”]

მოკლედ, “მოცარტი” სამარკო ნიშნად აღზევდა: საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ჩინეთში ზალცბურგელი კომპოზიტორის სახელი უფრო ცნობილია, ვიდრე ჩინეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის. მოცარტის მუსიკას უკრავენ და უსმენენ თეირანში, იაპონიის ქალაქ კიოტოს მთავარ სარკინიგზო სადგურში “მოცარტის კაფეში” შესვლა შეგიძლიათ და მელოდია, ახლა რომ ისმენთ [ფონად ჟღერს “ღამის პატარა სერენადა”] - მობილური ტელეფონების ზუმერია... გუგლის საძიებელში “მოცარტს” თუ ჩაწერთ, სულ რამდენიმე წამში ის ათიათასობით ინტერნეტგვერდს მოგიძებნით.

მოცარტი გლობალური მსოფლიოს შემრიგებელი, გამაერთიანებელი სიმბოლოა. ისღა დაგვრჩენია, მას ჩვენც მოვუსმინოთ.

[მუსიკა: “ჯადოსნური ფლეიტის” უვერტიურა]

დავით კაკაბაძე:
წელს - ხშირად მოგვეცემა მოცარტის მუსიკის მოსმენის საშუალება: მისი დაბადების 250-ე წლისთავს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ მუსიკალური ფესტივალებით, კონცერტებით, ტელე- თუ რადიოგადაცემებით. ასე მოვიქეცით ჩვენც დღეს, 27 იანვარს, მოცარტის დაბადების დღესთან დაკავშირებით. "მეათე სტუდიას" და, საერთოდ, ჩვენს ამ გადაცემას დიდი ავსტრიელი კომპოზტორის მართლაც ღვთაებრივი მუსიკით ვამთავრებთ. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. ხმის ოპერატორის პულტთან მუშაობდნენ: თბილისში - ლევან გვარამაძე, ხოლო პრაღაში - ანგელინა შკურენკო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG