Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბიბლიოთეკაში” დღეს ორ წიგნზე ვილაპარაკებთ. საერთო მათ ბევრი არაფერი აქვთ:


დავით პაიჭაძე, თბილისი ”ბიბლიოთეკაში” დღეს ორ წიგნზე ვილაპარაკებთ. საერთო მათ ბევრი არაფერი აქვთ: ორივე ქართულ ენაზეა თარგმნილი და ორივე გასულ კვირაში წარუდგინეს საზოგადოებას.

წიგნების დასტამბვით თითოეული მათგანის გამომცემელმა დაადასტურა, რომ ერთგული რჩება თავისი საგამომცემლო მიმართულებისა: მართლაც, გამომცემლობა ”დიოგენე” პირველად არ უშვებს კარლ გუსტავ იუნგის წიგნს, ხოლო თავისუფლების ინსტიტუტისთვის უცხო არ არის ნაშრომები მედიის პრობლემატიკაზე. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს მეორედ გამოცემულ წიგნებზე გესაუბრებით. არა, ორივე წიგნი პირველად გამოიცა ქართულად: იუნგის ”ფსიქოლოგია და ალქიმია” და კლოდ-ჟან ბერტრანის ”მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები”. დავით პაიჭაძე მათ სწორედ ამ რიგით წარმოგიდგენთ.

კარლ გუსტავ იუნგი ის ფიგურაა, რომელმაც მსოფლიო კულტურას დიდი კვალი დაატყო. კვლევისას ის კულტურის ბევრ სფეროში შეიჭრა და შეეძლო ემსჯელა არა მხოლოდ ფსიქოლოგიაზე, არამედ თეოლოგიაზე, ალქიმიაზე და ა.შ. თავის თანამედროვეებს შორის იუნგი ერთადერთია, რომელიც ”ბიტლზის” ალბომზე, Sergeant Pepers’-ის ყდაზეა გამოსახული, რითაც პოპ-კულტურამაც აღიარა მისი გავლენა - მითხრა გამომცემლობა “დიოგენეს” დამფუძნებელმა თამარ ლებანიძემ, როცა ვკითხე, გარდა იმისა, რომ თავად განათლებით ფსიქოლოგია, კიდევ რით არის მოტივირებული ”დიოგენეს” ერთგულება კარლ იუნგის ტექსტებისადმი: ფსიქოლოგია და ალქიმია გამომცემლობისთვის იუნგის უკვე მესამე წიგნია ქართულ ენაზე. თამარ ლებანიძე იმასაც იხსენებს, როგორ ჩნდება იუნგის სახე თუ გავლენა მეოცე საუკუნის ცნობილ მხატვრულ ტექსტებში, მაგალითად ჰერმან ჰესესთან ან ფრენსის სკოტ ფიტცჯერალდთან:

[ლებანიძის ხმა] ”ასე რომ, ეს ფიგურა განსაკუთრებული მოვლენაა მეოცე საუკუნეში, რომელიც ყველას შეეხო და რომლის წინაშეც, შეიძლება ითქვას, კაცობრიობა, გარკვეულწილად, ვალშია. აქვე აღვნიშნავ, რომ იუნგს ეკუთვნის ფუნდამენტური ტერმინები ფსიქოლოგიაში: არაცნობიერი, კომპლექსი, კოლექტიური არაცნობიერი, არქეტიპი და ა.შ.”(სტილი დაცულია)

კარლ იუნგი, მოგეხსენებათ, ყველაფერზე წერდა და ყველაფერზე ატარებდა სემინარებს, ამბობს ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი. იუნგი, მკაცრი გაგებით, უფრო კულტურის ისტორიკოსია, ვიდრე ფსიქოლოგი, თუ გნებავთ, ფსიქოანალიტიკოსიც კი:

[შათირიშვილის ხმა] ”ეს წიგნი მისი ერთ-ერთი შედევრია და ქართულად რომ გამოვიდა, მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით: შემოვიდა კულტურის ძალიან დიდი პლასტი ამ ალქიმიური ტრადიციის სახით, რომელსაც იუნგი ააანალიზებს დაწყებული ანტიკური პერიოდიდან და დამთავრებული გვიანი საშუალო საუკუნეებითა და რენესანსით. ეს წიგნი ავსებს ისეთ ლაქას, რომელიც ასე ერთბაშად ძნელი ამოსავსებია.”

ამ წიგნში იუნგი რელიგიის, ფსიქოლოგიისა და ალქიმიის ურთიერთმიმართებას განიხილავს, მითხრა ”ფსიქოლოგიისა და ალქიმიის” სამეცნიერო რედაქტორმა მარინა ელბაქიძემ. თუ სადმე აქტიურად ვლინდება ცნობიერიც და არაცნობიერიც, ეს სწორედ ჩამოთვლილი სფეროებია:

[ელბაქიძის ხმა] “როგორ აისახება ერთი და იგივე სიმბოლიკა, გნებავს, არქეტიპული, გნებავს სრულიად ცნობიერი, რელიგიაში, ფსიქიკაში, ყოფით ცხოვრებაში და მცდელობაში, რომელსაც ალქიმია ერქვა. ალქიმია ხომ მარტო ის არ იყო, რომ ოქრო ან სხვა ძვირფასი ლითონი მიეღოთ: ეს იყო ფილოსოფია, ცხოვრების წესი და მცდელობა, ჩასწვდომოდნენ სამყაროს საწყისებს. ამ სამყაროში მოიაზრება მატერიალური სამყაროც, მისტიკაც და ფსიქიკაც ერთად.”

ფსიქოლოგიის დოქტორი დიტო ნადირაშვილი ამჯობინებს, იუნგის ამ წიგნს მაინც არაცნობიერის ფსიქოლოგიის კვლევის კუთხით შეხედოს. ფსიქოლოგია იმთავითვე ცნობიერს იკვლევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანის ქცევას მხოლოდ ცნობიერი არ განაპირობებს:

[ნადირაშვილის ხმა] ”არაცნობიერი საშიში სფერო აღმოჩნდა: ნევროზები, ფსიქოზები, აგრესია, მკვლელობა, თვითგანადგურება ხშირად სწორედ არაცნობიერიდან მოდის. ამიტომაც მე-19 საუკუნის ბოლოდან არაცნობიერის კვლევა აქტუალური გახდა. იუნგი თავისი მიმართულების შემქმნელი იყო და ამ ტექსტში ნახავთ, რა არის ეს მიმართულება. ძირითადად, ეს იყო არქეტიპების კვლევა და გაგება იმ შინაარსებისა, რომელიც არაცნობიერიდან მოდის.”

ჩვენი რესპონდენტები, ”ფსიქოლოგიისა და ალქიმიის” რედაქტორები, წიგნზე ლაპარაკის დროს განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მთარგმნელის შრომას. მაია ბადრიძეს გერმანულიდან ქართულად თარგმნილი აქვს, მაგალითად, ისეთი რთული ტექსტი, როგორიცაა გივი მარგველაშვილის რომანი ”მუცალი”. გამომცემლობა “დიოგენეს” დამფუძნებელმა თამარ ლებანიძემ კი პირდაპირ თქვა:

[ლებანიძის ხმა] ”რომ არ ყოფილიყო ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია მაია ბადრიძეს, შეიძლება, ვერც გამებედა ამ წიგნის გამოცემა.”

ერთი ციტატა იუნგის ”ქართული” მეტყველების ნიმუშად: ”ქრისტიანი, რომელსაც წმინდა ხატების სწამს, შესაძლოა, სულის სიღრმეში განუვითარებელი და სტატიკური იყოს, რადგან ღმერთს მთლიანად ”გარეთ” განიცდის და არა სულის სიღრმეში. ყველა მისი მოტივი, იდეები, რითაც ხელმძღვანელობს და იმპულსები იბადება არა ქრისტიანული სფეროდან, არამედ წარმართული, არქაული, განუვითარებელი ფსიქედან და არაცნობიერი შინაარსიდან. ჩვენი სამყაროს გრანდიოზული მოვლენები, ადამიანთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, შთაგონებულია არა ქრისტიანული, არამედ შეუნიღბავი, შეულამაზებელი წარმართული სულისკვეთებით. ამ მოვლენებს არქაული ფსიქიკური სტრუქტურა წარმოშობს, რომელსაც ქრისტიანობა ახლოსაც არ გაჰკარებია.”

ახლა ორიოდ სიტყვა ვთქვათ მეორე წიგნზე, რომელიც ასევე გასულ კვირაში წარუდგინეს საზოგადოებას. ეს გახლავთ პარიზის უნივერსიტეტის პროფესორის კლოდ-ჟან ბერტრანის ნაშრომი ”მედიაეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები”. ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების პროფესიულმა ეთიკამ არც ისე დიდი ხანია აქტუალობა შეიძინა ქართულ მედიასაზოგადოებაში. თუმცა არც პროფესიული სტანდარტის მიღებასა და არც, მით უმეტეს, მედიასაბჭოს დაფუძნებას ერთსულოვნად არ შეხვედრიან. არადა, ორივე ეს ნაბიჯი მიმართული იყო საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობის გასაცნობიერებლად და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. ბერტრანის წიგნის რედაქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ავტორი ევროსაბჭოს მოწვევით მუშაობდა საქართველოში ხსენებული ორი პროექტის განსახორციელებლად:

[კინწურაშვილის ხმა] ”მისი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ თვითრეგულირების ინსტიტუტების დამკვიდრებასა და პროფესიული სტანდარტების შემუშავებას ქვეყანაში წინ უნდა უძღოდეს ერთგვარი საგანმანათლებლო კამპანია და საზოგადოების გათვითცნობიერება იმ უფლებათა შესახებ, რომელიც მას აქვს მედიასთან მიმართებით. ანუ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას უნდა მოელოდეს პატიოსანი, მიუკერძოებელი და ობიექტური მედიისაგან. სხვაგვარად საზოგადოებას არც გაუჩნდება სურვილი, პრეტენზია წაუყენოს მედიას და მოსთხოვოს მისი ინტერესების გათვალისწინება.”

სწორედ ამ ცოდნას აძლევს საზოგადოებას კლოდ-ჟან ბერტრანის წიგნი. თუმცა ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისა და მედიამფლობელებისთვისაც. წიგნში ნახავთ ისტორიას, თუ ასევე როგორ უჭირდა ამუშავება მედიის თვითრეგულირების მექანიზმებს სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება ანალოგიურ პრობლემას საქართველოში, მისი მიზეზის განმარტებისას თამარ კინწურაშვილი მედიის სამ ფუნქციას იხსენებს: ინფორმაციის მიწოდებას, განათლებასა და გართობას:

[კინწურაშვილის ხმა] ”მედია ხშირად ივიწყებს ამ პრობლემას და სწორედ აქ არის პრობლემა. ის არ ემსახურება საზოგადოებას. თუ ჩვენი მთავარი სამიზნე საზოგადოებაა, უნდა ვუპასუხოთ კიდეც მის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, ჩვენი მედიის მომხმარებელი ხშირად ვიწრო პოლიტიკური და ბიზნესჯგუფებია და არა საზოგადოება. აქედან გამომდინარე, მედია არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე.”(სტილი დაცულია)

მოკლედ, კლოდ-ჟან ბერტრანის წიგნი არის იმაზე, თუ როგორი მედია სჭირდება დემოკრატიული პროცესის წარმართვას ქვეყანაში და რა გზით შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთი მედია. დემოკრატიული ინსტიტუტების მოქმედება მხოლოდ ხელისუფლების საზრუნავი არ არის. საკითხი, რანაირად უნდა ჩაებას ამ პროცესში მედია და საზოგადოება, აქტუალურია საქართველოშიც. ”მედიაეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები” ამ აქტუალობას ეპასუხება. ცოტა საწყენია, რომ არცთუ კარგი ქართულით.
XS
SM
MD
LG