Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ,,აგრესიულ სამშვიდობო ინიციატივებს” განაგრძობს


ორშაბათს დაბა ჩაქვში მუშაობა დაასრულა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულმა საერთაშორისო კონფერენციამ.

მის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის მოგვარების გეგმა გააცნო და საქართველოს მთავრობას კონკრეტული მუშაობის დაწყება დაავალა. კონფერენციის მონაწილე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის ინიციატივით კმაყოფილნი არიან, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი საქართველოს პრეზიდენტის გეგმას კიდევ ერთ პიარაქციას უწოდებს.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის სამხრეთ ოსეთის ყოფილ ოლქს ფართო ავტონომიური სტატუსი ამჟამინდელი კონსტიტუციით დაუდასტუროს, თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეუქმნას, დაამტკიცოს რესტიტუციის კანონი, რეგიონის მოსახლეობას საპენსიო დავალიანება გაუსტუმროს და ოსური ენა და კულტურა შეინარჩუნოს.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაბა ჩაქვში გამოთქმულ ამ ინიციატივებში განსაკუთრებულად ახალი არაფერია, რადგან ანალოგიური შინაარსის სამშვიდობო გეგმა წლის დასაწყისში ევროსაბჭოშიც გამოაქვეყნა. ჩაქვის კონფერენციის მონაწილე ქართულ-ოსური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იბერირონის” ხელმძღვანელი მაია ცაბოშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის ინიციატივის შემდეგ საქართველოს ხელისფლებას კონკრეტული ზომებისთვის არ მიუმართავს. ამ თვალსაზრისით, ჩაქვის შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ კონკრეტული მოქმედების პერსპექტივა გამოიკვეთა, - ამბობს მაია ცაბოშვილი:

[მაია ცაბოშვილის ხმა] ,,თავისთავად ის, რომ ეს გეგმა დღეს წარმოგვიდგინა საქართველოს ხელისუფლებამ, ძალიან მნივნელოვანია. თუმცა, მე ვიქნებოდი ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი, ეს გეგმა უკვე ჩვენ რომ გვქონოდა, მაგალითად, გასული წლის დასაწყისში. მაშინ ჩვენ თავიდან ავიცილებდით იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელიც განვითარდა შარშან ზაფხულში, ცხინვალში.” (სტილი დაცულია)

თუმცა მაია ცაბოშვილს მიაჩნია, რომ შარშანდელი მოვლენების დავიწყება შესაძლებელია, თუკი საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო გეგმას რეალურად განახორციელებს. მოქმედების დაწყებას ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისადმი არსებული საპენსიო დავალიანების დათვლით აპირებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ის დარწმუნებულია, რომ ჩაქვის კონფერენციის შემდეგ საქართველოსადმი უმოქმედობის პრეტენზიები აღარ იარსებებს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,საგზაო რუკა, როგორც უწოდებენ ხოლმე ამ ბოლო დროს კონფლიქტის მოგვარების კონკრეტულ წინადადებებს, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა შეთავაზებული კონფერენციაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი - კონკრეტული გეგმაა, რა უნდა გაკეთდეს დღეს, რა უნდა გაკეთდეს ხვალ. მანამდე ხშირად გვეუბნებოდნენ ჩვენ, რომ კი ამბობთ, რომ მშვიდობიანი მოწესრიგებაა თქვენი გეგმა, მაგრამ გაქვთ თუ არა გეგმა?! ეს ყველაფერი ახლა ზუსტად არის ჩამოყალიბებული.” (სტილი დაცულია)

სწორედ პრემიერ-მინისტრია ის პიროვნება, რომელსაც პრეზიდენტმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკება დაავალა. თუკი ნოღაიდელისა და კოკოითის ამასწინანდელ ჩაშლილ შეხვედრას გავითვალისწინებთ, მათი მომავალი მოლაპარაკების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. მით უმეტეს, რომ ჩაქვის კონფერენციას, რომელსაც კოკოითის მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან, ოსური მხარე პიარაქციად აფასებს და ამბობს, რომ ახალი მისთვის არაფერია. როგორც ორშაბათს დე ფაქტო ადმინისტრაციაში გვითხრეს, პოზიცია, რომელიც ცხინვალმა სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოხატა, უცვლელია. იანვრის სამშვიდობო ინიციატივას კი ედუარდ კოკოითიმ ამგვარად უპასუხა:

[ედუარდ კოკითის ხმა] ,, ჩვენ ვემხრობით ნორმალურ, ღია და, ხაზს ვუსვამ, პატიოსან დიალოგს საქართველოსთან, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით. რეალობა კი ამგვარია: ამჟამად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის 95% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.”

ზამთარში კოკოითის მიერ გამოთქმულ ამ პოზიციას ზაფხულში, ჩაქვის კონფერენციის შემდეგ, მოსკოვში ცხინვალის წარმომადგენელმა მედოევმა ის დაუმატა, რომ ,,15 წლის წინ საქართველოდან გასული მათი მატარებელი ამჟამად რუსეთისკენ მიდის.”
ამ ტიპის არაკონსტრუქციული პოზიციის მომხრეთათვის საქართველოს პრეზიდენტს აქვს მკაცრი მოქმედების გეგმაც, რომელიც გამოიხატება დღემდე უცნობი ტერმინით ,,აგრესიული სამშვიდობო ინიციატივა”. თუმცა მის განხორციელებამდე მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რუსეთთან მოლაპარაკების გააქტიურებას ემხრობა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG