Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ არის დაცული ქართველი ავიამგზავრების უსაფრთხოება


ბოლო ორი კვირის მანძილზე, ზედიზედ ორჯერ, ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” ბოინგ 737-ის მარკის თვითმფრინავს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

პირველი ინციდენტი ორიოდე კვირის წინ მოხდა, როდესაც თბილისიდან პარიზის მიმართულებით აფრენილ თვითმფრინავს ავტოპილოტმა უმტყუნა. მეორე შემთხვევა კი ორი დღის წინ თბილისი-დუბაის რეისის შესრულებისას მოხდა, როდესაც ”ჯორჯიან ეარვეისის” ხომალდის ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და თვითმფრინავმა თეირანის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. ამ ინციდენტებმა აქტუალობა შესძინა კითხვას, თუ რამდენად დაცულია ქართული ავიაკომპანიების მგზავრთა უსაფრთხოება.

რამდენიმე თვის წინ ”ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავით მგზავრობისას, მაშინ როდესაც ბორტგამცილებელი მგზავრებისგან სკამების ვერტიკალურ მდგომარეობაში მოყვანას და უსაფრთხოების ღვედების შეკვრას მოითხოვდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი სკამი ვერტიკალურ მდგომარეობას ვერ ინარჩუნებდა და უწესოდ წინ და უკან ირყეოდა.

[ისმის ბორტგამცილებლის ხმა] ”...გისურვებთ ბედნიერ ფრენას ჩვენი ლაინერით...”

ბორტგამცილებელმა ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია და დამშვიდება მირჩია.

[კოკა სეფერთელაძის ხმა] ”ეგეთ დეტალებზე... ჩვენ ვლაპარაკობთ მგზავრთა უსაფრთხოებაზე და გარანტიას ვიძლევით მგზავრთა უსაფრთხოებაზე და ეგეთ მცირე დეტალზე ლაპარაკიც კი არ ღირს.”

მიპასუხა კოკა სეფერთელაძემ, ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელო ინციდენტად შეაფასა ორი კვირის წინანდელი შემთხვევა, როდესაც მისი კომპანიის თვითმფრინავს, ბოინგ 737-ს, ავტოპილოტმა უმტყუნა. ეს რომ მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის გიორგი მჟავანაძის კომენტარიდანაც ჩანს:

[გიორგი მჟავანაძის ხმა] ”ხელით მართვა მუშაობდა, ძრავა მუშაობდა, ყველაფერი მუშაობდა და, ესე იგი, პილოტს თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა ხელით მართვით რეისი საფრანგეთადე. გამომდინარე იქიდან, რომ ხელით მართვისას მგზავრს ექმნება გარკვეული დისკომფორტი, პილოტმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და დასვა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში.”

ამ შემთხვევის მსგავსად, პილოტებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს 14 ივნისსაც, როდესაც თბილისიდან დუბაის მიმართულებით ფრენისას ”ჯორჯიან ეარვეისის” ბოინგ 737-ის ერთ ძრავაში უწესრიგობა შენიშნეს. პილოტები, წესდების მიხედვით, ძრავის მუშაობას 3 წუთის მანძილზე დააკვირდნენ და ძრავის გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს.

[ისმის თვითმფრინავის დაფრენის ხმა]

”ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავმა, უამინდობის მიუხედავად, ავარიული დაშვება ისე განახორციელა თეირანის აეროპორტში ერთი ძრავით, რომ მგზავრთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნია. ეს ისევ ის ხომალდი აღმოჩნდა, რომელსაც ორი კვირის წინ ავტოპილოტმა უმტყუნა. იგი აპრილის თვეში ლიზინგის წესით შეიძინა ”ჯორჯიან ეარვეისმა” და, როგორც წესია, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების წინ შეერთებულ შტატებში, ”ბოინგის” ცენტრში, საფუძვლიანი შემოწმება, ეგრეთ წოდებული ”დი” კლასის ჩეკინგი, გაიარა.

ამ ახლად შემოწმებულ თვითმფრინავზე წარმოქმნილი ავარიული სიტუაციის შესასწავლად და დაზიანების შესაკეთებლად თეირანში მივლინებულია ქართველი ინჟინრების ჯგუფი.

[გიორგი მჟავანაძის ხმა] ”ამ თვითმფრინავის ძრავა ადგილზე გარემონტდება, თუ რემონტს ექვემდებარება, თუ არადა, ახალი ძრავა უნდა ჩაიტანოს ავიაკომპანიამ და დააყენოს. ამის შემდეგ იქნება გადმოყვანილი თბილისში, ამის შემდეგ კომისია კიდევ ერთხელ დაათვალიერებს თვითმფრინავს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ეს თვითმფრინავი დავუშვათ პირდაპირ ექსპლოატაციისთვის თუ დამატებითი შემოწმებები გავაკეთოთ.”(სტილი დაცულია)

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის გიორგი მჟავანაძის თქმით, მისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რათა ავიაკომპანიების საფრენ საშუალებათა სტანდარტული შემოწმების მეშვეობით მგზავრთა უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ჯერჯერობით ამის თქმა ვერ ხერხდება მგზავრთა გადაყვანის კომფორტთან დაკავშირებით.

[მგზავრის ხმა] “თვითმფრინავში შესვლისას თვალში მომხვდა ჭუჭყიანი სკამები, არ მომეწონა ცივი სადილი, ყურმილები მე არ შემხვდა....”

ქართული ავიასერვისის ხარისხით მაინცდამაინც აღტაცებულნი არც ჩემ მიერ გამოკითხული სხვა მოქალაქეები არიან.
XS
SM
MD
LG