Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში ბინათმშენებლობის მიზნობრივ პროგრამას ამუშავებენ


“თბილისის მერიამ დედაქალაქში არსებული საბინაო პრობლემების გადასაჭრელად 10 დეკემბრამდე მიზნობრივი პროგრამა უნდა შეიმუშაოს” - ამგვარი შინაარსის

დადგენილება თბილისის საკრებულომ 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებული მოქალაქეების მოთხოვნით მიიღო. თუმცა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პროგრამაში ასევე აისახება “თბილტრანსის” მძღოლთა ოჯახების ბინებით დაკმაყოფილებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებელი კორპუსების სათანადო კონდიციამდე მისაყვანი ღონისძიებები.

2002 წლის 25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ თბილისში დაახლოებით 22 ათასი ოჯახი დააზარალა. ვინ ბინის გარეშე დარჩა, ვინ იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი გამოეცვალა, ვინ კიდევ აუტანელ პირობებში დღემდე ცხოვრობს და წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდება შემწეობას.

[ისმის ხმები] “რა ვქნა, რა გიყო, მე ხომ არ დამინგრევია. როგორ დაგეხმაროთ, არ გვყოფნის სახსრები, რომ სრულად აგიშენოთ, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ დღე და ღამე ვმუშაობთ…”

მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები დახმარებას მთავრობისგან ელიან. ამ უკანასკნელმაც თითქოსდა არაერთხელ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება, შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების ფონდი, პრობლემის გადასაჭრელად ცენტრალური ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო, მაგრამ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი ნანული ქაჩიბაია აცხადებს, ყოველივე ამას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია:

[ნანული ქაჩიბაიას ხმა] “შარშან გაზაფხუზე მოხდა ერთი სეკვესტრი (მე ძველ ხელისუფლებაზე მაქვს ლაპარაკი), მერე 2 მილიონად იქცა ეს თანხა, მერე ესეც ტრანსფერებზე გაუშვეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მისცეს და ეს თანხა გაქრა.” (სტილი დაცულია)

ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა - ამჯერად 15 მილიონი ლარი -ახალმა ხელისუფლებამაც გამოყო, მაგრამ, პრაგმატული მოსაზრებით, ის მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაციაზე იქნა მიმართული. არადა, სპეციალისტების განმარტებით, მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტად თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ორ და სამსართულიანი შენობები დაზიანდა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი მიღებული დადგენილების შინაარსს განმარტავს:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] “ჩვენ გვინდა დღევანდელი დადგენილებით კონკრეტულად მთავრობას დავავალოთ, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, რომელიც დაწყებულია, აუცილებლად გაითვალისწინოს - პროგრამულად გაითვალისწინოს - მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი, “თბილტრანსის” მძღოლების საკითხი და კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხი. ერთ წელში ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელი იქნება, მაგრამ პროგრამა უნდა დაიდოს, მათ უნდა იცოდნენ ზუსტად, რამდენ წელიწადში რისი გაკეთება შეუძლია თბილისის ბიუჯეტს.”

პრობლემის მასშტაბურობის გამო, ბიუჯეტის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება ცნობილ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს. საკრებულოს მონაცემებით, მარტო მიწისძვრით დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფას 200 მილიონამდე ლარი სჭირდება.

[გიგა ბათიაშვილის ხმა] “ახლა შეძლებს მარტო სახელმწიფო ასწიოს ასეთი ტვირთი? თუ არ იქნება გარკვეული შეღავათები საგადასახადო სისტემაში, სწორედ ქალაქის ისტორიულ ზონაში მშენებლობაზე, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ტვირთის აწევა შეძლოს ბიუჯეტმა. ვერც კერძო პირი შეძლებს და ვერც ინვესტორი. რატომ წამოვა ინვესტორი, თუ მომგებიანი არ იქნება მუშაობა?”

არადა, როგორც სამშენებლო კომპანიათა წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისში თითქმის ერთი წელია, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე არაოფიციალური მორატორიუმია გამოცხადებული. მათი თქმით, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის მექანიზმი არ გამარტივდება, საკრებულოს მიერ მიღებულ ამ დადგენილებასაც იგივე ბედი ეწევა, რაც სხვა არაერთ დოკუმენტს - მორიგ ფარატინა ქაღალდად იქცევა, ვინაიდან კერძო ინვესტიციების გარეშე საქართველოს ბიუჯეტი ასობით მილიონი ლარის დამატებითი ხარჯის გაწევას ვერ შეძლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG