Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ღია და ღირებულია უშიშროების არქივები


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივები სრულიად ხელმისაწვდომი, მაგრამ ნაკლებად შინაარსიანია. 70 წლის მანძილზე სუკის მოღვაწეობის დამადასტურებელი

დოკუმენტების უდიდესი ნაწილი განადგურებული ან რუსეთში გატანილია. მათ დაბრუნებას, ბუნებრივია, არავინ აპირებს. მით უმეტეს, რომ გატანილ ოპერატიულ არქივში აგენტების პირადი საქმეები იყო დაცული. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს კარგავს პერიოდულად აქტუალური საუბრები ლუსტრაციის აუცილებლობის შესახებ. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ საქართველოში დარჩენილი საარქივო ფონდები ნებისმიერი მსურველისათვის ღიაა.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ დროს სრულიად ხელმიუწვდომელ და უაღრესად გასაიდუმლოებულ არქივს ახლა ერთი, არცთუ მასიური, რკინის კარი იცავს. რამდენჯერმე ადგილგამოცვლილი არქივის გაყვითლებული საქაღალდეები უშიშროების სამინისტროს შენობის ერთ-ერთ საცავში თაროებსა და იატაკზეა დაწყობილი. საარქივო მასალების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ამისათვის საჭიროა უშიშროების მინისტრისადმი შესაბამისი წერილობითი თხოვნით მიმართვა. ამგვარ თხოვნებს საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე დღეში, აკმაყოფილებენ, თუმცა ოპერატიულ გამოხმაურებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სუკის ძველი არქივიდან ამჟამად მეათედიც არაა შემორჩენილი. 240 ათასი საქმიდან დღეისათვის მხოლოდ 16 ათასია დარჩენილი. მასალების დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისში ხანძარმა გაანადგურა, ნაწილი კი რუსეთის სპეცსამსახურებმა სმოლენსკში გაიტანეს. საქართველოს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მიმართეს ამ მასალათა დაბრუნების თხოვნით რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რა პასუხს მიიღებდა ქართული მხარე.

(ომარ თუშურაშვილის ხმა)

უშიშროების სამინისტროს საარქივო ფონდების განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ომარ თუშურაშვილი ადასტურებს, რომ სმოლენსკში გატანილი ე.წ. ოპერატიული არქივი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მაშინდელი საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ თბილისთან სრულიად შეუთანხმებლად და მოულოდნელად წაღებულ 800 ტომარაში, სხვა მასალებთან ერთად, აგენტთა პირადი საქმეები იყო. ანუ ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ძველი აგენტების ლუსტრაცია და აქტიური პოლიტიკური თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მათი ჩამოშორება უნდა მომხდარიყო. თუმცა ამ ადამიანთა სახელები დღეს მხოლოდ რუსეთში იციან, საქართველოში პერიოდულად აქტუალური საუბრები ლუსტრაციის აუცილებლობის შესახებ კი ემოციურ განცხადებებს არ გასცდენია.

(ომარ თუშურაშვილის ხმა)

ექსპერტთა ნაწილს ლუსტრაციაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია. ამ აზრს იზიარებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი. მისი აზრით, საქართველოში ლუსტრაცია არასწორად ესმით:

(ირაკლი ბათიაშვილის ხმა)


ლუსტრაციის აუცილებლობაზე საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ შევარდნაძის ხელისუფლების დროს. ეს თემა არც ახალ ხელისუფლებას დავიწყებია. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერთ-ერთი პირველი განცხადება უშიშროების არქივების სრული გახსნისა და საბჭოთა აგენტურის გამოვლენის აუცილებლობის შესახებ გააკეთა. ეს ინიციატივა საინფორმაციო საშუალებების მიერ სენსაციად მოინათლა. რეალურად კი მწირი არქივი მანამდეც ღია იყო. ლუსტრაცია კი ახალ ხელისუფლებას მას შემდეგ აღარ უხსენებია. სუკის გამომძიებელთა მიერ საგულდაგულოდ აკინძული საიდუმლო საქმეებისადმი საკმაოდ გულგრილი რჩება საზოგადოება. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ ყველაზე საინტერესო შეკითხვებზე პასუხები აღარ არსებობს. ისინი უშიშროების კომიტეტის შენობასთან ერთად ჩაიფერფლა, ან სამუდამოდ განთავსდა რუსული სპეცსამსახურების თაროებზე.
XS
SM
MD
LG