Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები აფხაზეთში


,,ჩეჩნეთში ჩატარებული გენერალური რეპეტიციის შემდეგ რუსეთი არჩევნებს უკვე აფხაზეთში ატარებს,”-მიაჩნია აფხაზეთის ყოფილი დეპუტაციის წარმომადგენელს გივი

ლომინაძეს და 3 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს ფარსს უწოდებს. დაგეგმილი არჩევნები მიუღებელია გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვისაც, თუმცა არჩვენებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. გალის რაიონის ,,ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე თინა ქეცბაია პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე საუბრობს. მოსახლეობა გუშინ სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის რაულ ხაჯინბას შორის გამართულ შეხვედრაზეც საუბრობს. მოგითხრობთ აფხაზეთში დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.

3 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის აქტიური მზადება აფხაზეთში ჯერ არ იგრძნობა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის რაულ ხაჯინბას სოჭში გუშინ გამართულ შეხვედრას. საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის ყოფილი დეპუტაციის წევრის გივი ლომინაძის აზრით, ეს არის პირდაპირი განაცხადი რუსეთის მხრიდან იმისა, რომ ამ რეგიონში პირველი პირის არჩევა პუტინის გადასაწყვეტია, იმისდა მიუხედავად, ცნობს თუ არა იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, პუტინმა და ხაჯინბამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლომინაძეს მიაჩნია, რომ საქართველომ თავი არ უნდა მოიტყუოს:

[გივი ლომინაძის ხმა] ,,კანდიდატი არის ერთი, ტარდება ფარსი არჩევნების - ეს არის ხაჯინბა, ვისაც უჭერს რუსეთი მხარს. ამის დემონსტრაცია იყო ის შეხვედრა და საქართველოსთვის ხაჯინბა იქნებოდა თუ ანქვაბი, ნურავინ ნუ შეცდება იმაში, რომ რაიმე დიდი მნიშვნელობა აქვს ამას.” (სტილი დაცულია)

გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობა ოფიციალურად მხოლოდ ორ კანდიდატს იცნობს. მათ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვთ ამ არჩევნებში მხარს რომელ კანდიდატს დაუჭერენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ არჩევნებით მათთვის არაფერი შეიცვლება:

{თინა ქეცბაიას ხმა] ,,დღეს არის 2 კანდიდატი - ბატონი შამბა და ბატონი ხაჯინბა. ჩემთან იყო ჯერჯერობით ლაკერბაია მხოლოდ და მან თქვა, რომ თავის ხმებს მისცემდა აბსოლუტურად ანქვაბს ან ბაღაფშს. აქ მოლაპარაკება მიდის თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ყველაზე კარგი, რეალური იყო, როგორც ჩანდა, ბაღაფში, მაგრამ ის მოხსნა აფხაზურმა მხარემ.”

პუტინის მიერ მკვეთრად მინიშნებული რაულ ხაჯინბა ერთადერთი რეალური კანდიდატია, - ამბობს სოფ. ბალაღვრის სასწავლო ნაწილის გამგე ჯანბურ ძიძამია. მისი აზრით, გალში მცხოვრები ქართველებისათვის ეს არჩევნები არაფერს შეცვლის, რადგან კენჭს სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები იყრიან:

{ჯანბურ ძიძამიას ხმა} ,,ყველა სოფელში ვინც ცხოვრობსო, ყველა მოსახლემ უნდა მიიღოსო ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ იქნება და რა ამბავი იქნება. არჩევნები, მე მგონი, არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ ვინც მანამდე მუშაობდა ძველ მთავრობაში, ისინი არიან, ხომ, ისევ ასარჩევი. ახალი არავინ არაა.”

აფხაზეთში 3 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ცსკ-ს მონაცემებით, გალის რაიონის აფხაზურ ადმინისტრაციაში ოფიციალურად რეგისტრირებული 10 000-ზე მეტი ქართველი მიიღებს მონაწილეობას. გივი ლომინაძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი ქართველები მხარს ანრი ჯერგენიას დაუჭერენ, რადგან მის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტის რუსლან ქიშმარიას კანდიდატურა ქართველებისათვის მისაღებია:

[გივი ლომინაძის ხმა] ,,ძირითადი ნაწილი ამ მოსახლეობის მხარს ანრი ჯერგენიას დაუჭერს, რამეთუ მის გვერდში მოიაზრება მერაბ ქიშმარია, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ გარკვეულმა ნაწილმა ხმა ბაღაფშს მისცეს. დანარჩენ კანდიდატებს - არც ხაჯინბას, არც ანქვაბს, თუ ის იქნა დაშვებული არჩევნებზე, არც ლაკობას და არც სხვას, ვინც არ უნდა იყოს - გალში პოზიციები არა აქვთ.”

რუსეთმა არჩევნების გენერალური რეპეტიცია ჩეჩნეთში უკვე გაიარა და აფხაზეთში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება - მიაჩნიათ გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს. ისინი ვითარების გამოსწორების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად კარგად გაწვრთნილსა და აღჭურვილ საჯარისო ნაწილებს მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG