Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა


ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველს თემურ ბასილიას სახელს უკავშირდება, ახალმა ხელისუფლებამ,

როგორც ჩანს, საბოლოოდ დაივიწყა, - მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამჯერ დაწუნებული პროგრამა, რომელიც 3 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, საბოლოოდ, უკვე შეცვლილი სახით, სავალუტო ფონდმა მოიწონა, თუმცა რევოლუციის გამო პროგრამის განხორციელება ვეღარ მოესწრო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე ახალ მთავრობას მოსთხოვეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც ჯერ კიდევ ელოდებიან. როგორ მუშავდებოდა სტრატეგიული დოკუმენტი და რა ბედი ეწია მას?

,,ეს არის პროგრამა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის ბედი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს” - ასეთი მნიშვნელობა მისცა ედუარდ შევარდნაძემ ,,ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამას” 2003 წლის 25 ივნისის მთავრობის სხდომაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის თანმიმდევრული განხორციელება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. პრეზიდენტი შევარდნაძე სიამაყით აღნიშნავდა, რომ დოკუმენტის შექმნისას საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საერთაშორისო დონორებმა. თავის დროზე პომპეზურობით დაწყებული პროგრამა, რომელიც ასეთი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ყოფილმა ხელისუფლებამ, შარშანდელი თოვლივით უკვალოდ გაქრა. ექსპერტი ნიკო ორველაშვილი “ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამას” ასე განმარტავს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,მთელი სამი წლის განმავლობაში იწერებოდა ეს პროგრამა, თავიდან გამოიყო გარკვეული გრანტი და მაშინდელმა ორგანიზატორებმა ეს ყველაფერი მიიღეს ისე, როგორც მორიგი გადასაგორებელ-გადასაბალახებელი ღონისძიება და დაწერეს ძალიან სუსტი დოკუმენტი.”

ამ დოკუმენტს ეკონომიკურმა ექსპერტებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მაშინდელმა მთავრობამ უკვე მათთან ერთად გადაწყვიტა მოემზადებინა ახალი პროგრამა, რომელიც, საბოლოოდ, 2003 წლის ოქტომბერში სავალუტო ფონდის განხილვის საგნად იქცა. თემურ ბასილიას სახელთან დაკავშირებული და დონორების მიერ სამჯერ დაწუნებული პროგრამა სავალუტო ფონდმა, ბოლოს და ბოლოს, მოიწონა. პროგრამის განხორციელებას ,,ვარდების რევოლუციამ” ხელი შეუშალა. ნოემბრისა და იანვრის მოვლენების შემდეგ დონორებმა უკვე ახალ ხელისუფლებას მოსთხოვეს გარკვეული სტრატეგიის წარმოდგენა. პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანიას დამტკიცების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დონორებს დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც უფრო საფინანსო პოლიტიკას შეეხებოდა და რომელსაც ორველაშვილი ,,ძალიან არასისტემურსა და სუსტს” უწოდებს. მთავრობის სტრატეგია ამის შემდეგ ბრიუსელშიც წარადგინეს, თუმცა მანამდე ის ახლად დანიშნულმა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ მწვავედ გააკრიტიკა. სისტემურმა დოკუმენტმა სხვა დოკუმენტების ბედი გაიზიარა.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,ის სისტემური დოკუმენტი გადაგდებულია და დონორების მოლოდინს, რომ მთავრობა, ბოლოს და ბოლოს, გაარკვევს საკუთარ სტრატეგიას, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, საზღვარი არა აქვს.”

მსგავსი სტრატეგიული პროგრამა ამჟამად აღარ არსებობს. ამ სტრატეგიას კი საფუძვლად ედო გაეროს 2000 წლის 8 სექტემბრის დეკლარაცია ,,ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესახებ”, რომლის პირველივე პუნქტი სიღარიბის დაძლევას ითვალისწინებდა. ვაშინგტონი ითხოვს გამჭვირვალე წესით შემუშავებულ პროექტს, რომელზეც პასუხისმგებლობას ეროვნული მთავრობა იკისრებს. ძველი პროგრამა ახალმა მთავრობამ მოიწონა, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა მოისურვა და, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაივიწყა. ვიდრე საქართველოს ახალი ხელისუფლება სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილებებს შეიტანს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები მაინც ელოდებიან, მანამდე ეროვნული ვალუტა დონორების მიერ ბოძებული 180 მილიონით მყარდება, რაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე აისახა და, ექსპერტების აზრით, საქართველოს ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის.
XS
SM
MD
LG