Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ულტიმატუმი ხელისუფლებას: არჩევნები ერთ თვეში


იმ დროს, როცა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას ითხოვენ, საარჩევნო ბლოკის - "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერები მორიგი, შედარებით კომპრომისული წინადადებით გამოდიან.

პარლამენტის ექს-თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა აიძულოს, ერთი თვის ვადაში ახალი - სამართლიანი და დემოკრატიული - არჩევნები ჩაატაროს. რამდენადაა შესაძლებელი დროის ამ მონაკვეთში ახალი არჩევნების როგორც დანიშვნა, ასევე მისი ჩატარება?

ზურაბ ჟვანიას მოსაზრებას - 2 ნოემბრის ფალსიფიცირებული არჩევნების სანაცვლოდ, აუცილებლად ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უდავოდ, ბევრი ადამიანი იზიარებს. ახალი არჩევნების მომხრეთა რიგებში, ალბათ, იქნებიან ხელისუფლებაში მყოფი ნაკლებად რეაქციული ჩინოვნიკებიც.

თუმცა საკითხავია, კომპრომისის მიღწევის შემთხვევაშიც კი, რამდენად რეალურია ერთ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. იურისტი დავით უსუფაშვილი ჩემთან საუბარში არჩევნების ხელახლა გამართვის ორ შესაძლო სცენარზე ამახვილებს ყურადღებას:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "ერთია, როცა არჩევნები ცნობილი იქნება არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ გზით ერთ თვეში ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება, იმიტომ რომ სასამართლომ ჯერ ამაზე უნდა იმსჯელოს და მერე თარიღი როგორ დადგინდება, ძნელი სავარაუდოა. მაგრამ არის, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ასეთი სცენარიც, რომ, თუ პროპორციული არჩევნების შედეგები გაბათილდა იმდენ უბანში, სადაც ამომრჩეველთა 10 პროცენტზე მეტი ცხოვრობს, მაშინ უნდა ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა უკვე პროპორციული სისტემით არჩევნებზე. ამ შემთხვევაში შეიძლება მოესწროს, მაგრამ ამისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებია საჭირო."(სტილი დაცულია )

იურიდიულის გარდა, ცხადია, ასევე ანგარიშგასაწევია საკითხის ეკონომიკური და ფინანსური მხარე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნოდარ ლაზარიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად ექვსი თვეა საჭირო.

[ნოდარ ლაზარიაშვილის ხმა] "მე რომ კაცმა მკითხოს, ეგ უნდა დაინიშნოს ექვსი თვით ადრე. დაფინანსება უნდა იყოს ექვსი თვით ადრე და არა ისე: არჩევნებამდე თხუთმეტი დღით ადრე რომ გამოიყოფა და მერე არჩევნების შემდეგ რომ წყდება ყველაფერი. დაფინანსებაც უნდა იყოს ექვსი თვით ადრე. დაინიშნოს ნორმალურად კომისიები, გაიარონ ატესტაცია და სწავლება. ეს გასაკეთებელია, თუ გვინდა ნორმალური არჩევნების ჩატარება. ისე, მინიმალური ვადა არის ორი თვე და იმავე შედეგს მივიღებთ, რაც ახლა გვაქვს."

ის ადამიანები, რომლებიც არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, ასევე იშველიებენ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთ არჩევნებს ვეღარ გაუძლებს. მათ გასაგონად ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა აცხადებს:

[ლადო პაპავას ხმა] "იცით? ის, ვინც დღეს მხოლოდ ეკონომიკური კუთხით აფასებს მიმდინარე პროცესებს, ან თავს იტყუებს, ან, უბრალოდ, სირაქლემას პოზიციაში დგება. უზნეო განცხადებები კეთდება წმინდა ეკონომიკური კუთხით. ქვეყანა თავზე გვენგრევა და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ, აი, იმპორტი შემცირდება და რაღაცა. გეგონება, აქამდე ეკონომიკა გამართული მუშაობდა და გადასახადებს იღებდა ეს მთავრობა."

ცხადია, მთავრობა გამართულად ვერც ადრე მუშაობდა და, მით უმეტეს, ვერ მუშაობს ახლა. თანაც, საკითხავია, რა უფრო ძვირად დაუჯდება ქვეყნის ეკონომიკას -არჩევნების ხელახლა ჩატარება, თუ ძველი და არაეფექტური ხელისუფლების, სულ ცოტა, ოთხი წლით შენარჩუნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG