Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ვეტერან მეომართა შიმშილობის აქცია გრძელდება


მეათე დღეა გრძელდება აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან მეომართა შიმშილობის აქცია, რომელშიც დღეისათვის 10 კაცი ღებულობს მონაწილეობას. მასობრივი პროტესტის აღნიშნული ფორმისადმი საზოგადოებაში არსებული სრული ნიჰილიზმის მიუხედავად, აქციის შედეგებზე საუბარი უკვე შეიძლება: პირველი, აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭო ხელისუფლების აფხაზური პოლიტიკის კურსს საგანგებო დადგენილებით განუდგა და, მეორე, ეროვნული უშიშროების საბჭომ პრაქტიკულად გაიზიარა აქციის საკვანძო მოთხოვნები და მათი რეალიზებისთვის, მართალია,ნაკლებ ქმედითი, მაგრამ მაინც ოპტიმალური გზა გამოძებნა.

ამის შემდეგ, ლოგიკურად, ყურადღების ცენტრში საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესია და გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა უნდა მოექცეს. ეს, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ ერთი პირობით: მოშიმშილეები ავანსცენიდან არ ჩამოდიან - ისინი ჯერჯერობით კვლავ უვადოდ შიმშილობენ.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირას იხსნება. დღის წესრიგის რიგით რომელი საკითხი იქნება საქართველოს რომის კონვენციასთან მიერთება, პრინციპულად მნიშვნელოვანი ერთადერთი მოსაზრებითაა: აფხაზეთის საკითხის საპარლამენტო განხილვამდე შიმშილობის აქცია არ შეწყდება. ეს არის აქციის ხანგრძლივობის მინიმალური ვადა, რომელზეც 10 დღის განმავლობაში ნაშიმშილები ვეტერანი მებრძოლები ჯერ ისევ ომახიანად მიგვითითებენ.

[გიორგი გრიგოლაიას ხმა] "ჩვენ აქციას არ მივატოვებთ და შიმშილობას, სანამ პარლამენტი, საგანგებო სესია ხომ არის დანიშნული სამშაბათს, არ მიიღებს, ამ, ბატონ პრეზიდენტის განკარგულება რო იყო, განკარგულება არა, საბუთი რო გამოვიდა დღეს უშიშროებიდან, ემას რომ არ დაამტკიცებს და ბატონ პრეზიდენტს რო არ მოთხოვს ამის შესრულებას."[სტილი დაცულია]

უშიშროების საბჭოს 11 ივლისის სხდომის გადაწყვეტილებებში და იმ კომენტარებში, რომლებიც სხდომის შემდეგ გააკეთეს ოფიციალურმა პირებმა, თითქმის არაფერია ნათქვამი სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესაძლებლობებსა და ალბათობაზე. მოშიმშილეთა ერთი ნაწილი აქციის გაგრძელების საბაბს ამაშიც ხედავს: მათი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გასაგები მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა - შესაბამისად, ვეტერანები თავად აძლევენ ხელისუფლებას მოქმედების გეზს.

[ნოდარ კირცხალიას ხმა] "ჩვენმა პრეზიდენტმა ადგეს, მოაწეროს ხელი... რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები რასაც ქვია, ესენი არიან ოკუპანტები, ძალიან კარგად ვიცით. გაიყვანოს, მოაწეროს ხელი გაყვანის თაობაზე. ჩვენ ისიც ვიცით, რომ თვითონ პირადად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სოჩაში, სოჩის შეხვედრაზე შეთანხმდნენ: რომელიმე მხარე თუ დააყენებს ესე იგი საკითხს ჯარების გაყვანის თაობაზე, იმ წუთაში, ორ დღეში გავიყვანთო. მოაწეროს ხელი და გაიყვანოს."[სტილი დაცულია]

მოშიმშილეთა მოთხოვნები არც მარტო სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანაა, არც რომის სტატუტი და არც გაეროს რეზოლუციის მეშვიდე მუხლი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყების დღიდან დღემდე დაგროვილი პრობლემების ერთი აქციის მოთხოვნებში კომპლექსურად და თანაც ქაოტურად თავმოყრა ერთადერთ მიზანს თუ შეიძლება ემსახურებოდეს: ბევრი მოითხოვე, ერთი მაინც რომ შესრულდესო. სხვა მხრივ, მოშიმშილეთა მიმართ არსებული უდავო თანაგრძნობისა და სოლიდარობის მიუხედავად, ეს აქციაც რომელიღაც არააფიშირებული კამპანიის რომელიღაც ნაწილად აღიქმება. მით უმეტეს, რომ აფხაზურ საკითხში განსაკუთრებული გარდატეხის შეტანას საქართველოს პარლამენტისგან და გაეროს უშიშროების საბჭოსგან უკვე გულუბრყვილოებიც კი არ ელიან. რაც შეეხება პრეზიდენტს, რუსი სამშვიდობოების მანდატის შეჩერების გადაწყვეტილების გაჭიანურების შემთხვევაში, აქციის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადავლენ და ახალ ლოზუნგს ააფრიალებენ: გადადგეს პრეზიდენტი შევარდნაძე.
XS
SM
MD
LG