Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას “საქართველოს კულტურული ფასეულობების შემოტანისა და გატანის შესახებ” კანონში ტექნიკური ხასიათის შესწორებები შეაქვს


მთავრობის სხდომაზე 4 დეკემბერს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა კულტურის მინისტრის ინიციატივა “საქართველოს კულტურული ფასეულობების შემოტანისა და გატანის”

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ვიდრე აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის პარლამენტის განსჯის საგანი გახდებოდეს, მათგან მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. კულტურული ფასეულობების ქვეყნის გარეთ ექსპონირების კონტექსტში, ნაცვლად საზღვარგარეთ გატანისა, კანონში ყველგან საქართველოდან გატანა ჩაიწერა. ამ ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, როგორც ჩანს, მართლაც, აქვს პრინციპული დატვირთვა, მაგრამ არა პირველხარისხოვანი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოს მოძრავი კულტურული ფასეულობების საუკეთესო ნაწილს ჯერაც სასამართლო ყადაღა აქვს დადებული.

ზემოხსენებული კანონის შესაბამისად, საქართველოს კულტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო საქართველოს კულტურის მოძრავ ძეგლთა პასპორტიზაცია, ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნის მიზნით. ძეგლზე პასპორტის გაცემა ავტომატურად ნიშნავს მასზე სასამართლო ყადაღის მოხსნას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ ნაწილს სასამართლო ყადაღა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე დაედო. სარჩელი კი განაპირობა ამ ორიოდე წლის წინ ქართული კულტურული და საეკლესიო ექსპონატების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენისთვის მზადებამ. საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ კარგად ორგანიზებულმა სკანდალმა გამოფენა ჩაშალა. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გარდა, იზარალა თავად ქართულმა კულტურამ, კერძოდ, იმ მუზეუმებმა, რომლებიც ნიუ-იორკის ხელოვნებისა და განათლების საერთაშორისო ფონდის საგამოფენო პარტნიორებად ითვლებოდნენ.
[ლევან ჭილაშვილის ხმა] ]“ეს იყო კარგად გამიზნული აქცია, პოლიტიკური აქცია, რომელიც იგეგმებოდა მოსკოვიდან. ამით მოგვესპო საშუალება, რომ რაღაცნაირად ამოგვესუნთქა. გვპირდებოდნენ კორპუსის აშენებას, რაც მილიონი დოლარი ჯდებოდა. ჩვენ დავკარგეთ დიდი რაოდენობის ფული.”
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ლევან ჭილაშვილის ნათქვამს დავძენთ, რომ სახელმწიფოს მიერ მუზეუმთათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები მხოლოდ სახელფასო ფონდს თუ აკმაყოფილებს, ისიც არასრულად. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკულ მხარეს, ელემენტარული ნაფტალინიც კი ძვირი ფუფუნებაა მუზეუმებისთვის. აღარაფერს ვამბობთ კეთილმოწყობასა და გათბობაზე. როგორც ბატონი ლევანი ბრძანებს, ზამთარში კოლექციების საცავებში ტემპერატურა 2 გრადუსზე ჩამოდის. ტემპერატურის მკვეთრი ცვლა კი დამანგრევლად მოქმედებს უკლებლივ ყველა ტიპის ექსპონატზე, განსაკუთრებით კი, სპილენძ-ბრინჯაოზე.
გრეგ გუროვის მიერ მომზადებული გამოფენის ჩაშლის გამო ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ 832 000 დოლარი მოსთხოვეს. საქართველოს ბიუჯეტმა, რომელიც მუზეუმებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპირტსა და ნაფტალინს ვერ ყიდულობს, ამ თანხის 10 პროცენტი უკვე გადაიხადა. თუ საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნებს სპეციალური სახელმწიფო კომისიაც გაიზიარებს, ქართული მხარე, ჯარიმის სახით, კიდევ მრავალ ათასს გადაიხდის. გადახდილ ათასებთან ერთად, საბედნიეროდ, ქართული კულტურის ძეგლების საზღვარგარეთ ექსპონირების პერსპექტივაც არ იკარგება. ამას ადასტურებს მთავრობის მიბრუნება “საქართველოს კულტურული ფასეულობების შემოტანისა და გატანის” კანონთან და ამ კანონით განსაზღვრული კულტურულ ძეგლთა პასპორტიზაცია. ძველი და საეკლესიო დანიშნულების ძეგლების პასპორტიზაცია ჯერ არ დაწყებულა.
XS
SM
MD
LG