Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გამოიწვია კოდორის ინციდენტმა ქართველი ძალოვნების დაპირისპირება?


12 აპრილს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში რუსეთის სამხედრო დესანტის გადმოსხმასთან დაკავშირებული ინციდენტი

საქართველოს ხელისუფლებამ მეორე დღესვე ამოწურულად გამოაცხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ამბავში წერტილის დასმა არა მხოლოდ ნაადრევი, არამედ საშიშიცაა, ორი გარემოების გამო: ჯერ ერთი, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ მომავალში მსგავსი პროვოკაცია არ განმეორდება; მეორე და არსებითი მომენტია პერმანენტული დაპირისპირება ძალოვან უწყებებს შორის, რაც ყოველი პროვოკაციის შემდეგ სააშკარაოზე გამოდის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე "ერთ ხმაში" საუბრისა და შეთანხმებული მოქმედების მიუღწევლობა საქართველოს ხელისუფლების აქილევსის ქუსლია, ამიტომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ახალი პროვოკაცია სწორედ ხელისუფლების ამ სუსტ მხარეზეა გათვლილი…

შესაძლებელია, დავუშვათ, საპირისპირო ვითარებაც - რომ საქმე გვაქვს "მართვად ქაოსთან", რასაც სწორედ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით არსებული უთანხმოება ასაზრდოებს და რაც, ისევე როგორც კორუფცია, შესაძლოა, მმართველობის ფორმადაც ჩამოყალიბდა.

თანაც, რაც ძალზე საინტერესოა, ამ ორი საშიში ტენდენციის არსებობაზე ყველაზე ხმამაღლა სწორედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ. გავიხსენოთ თუნდაც შარშან, სექტემბერ-ოქტომბერში განვითარებული მოვლენები კოდორის ხეობაში, სადაც რუსლან გელაევის რაზმების გამოჩენას საბრძოლო მოქმედებების განახლება და ხეობაში სოფლების დაბომბვა მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ გელაევის რაზმების გადმოსროლა პროვოცირებული იყო ცენტრიდან და შემდეგ სწორედ სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მყოფი რუსეთის აგენტურა აწვდიდა ზუსტ კოორდინატებს რუსეთის ავიაციას, რათა დაებომბათ ხეობის სოფლები.

მაშინ შესაბამისმა სტრუქტურებმა ემზარ კვიციანის ასეთი გამოსვლა მის ემოციურ ხასიათს მიაწერეს და განცხადება უპასუხოდ დატოვეს. მაგრამ მოგვიანებით ანალოგიური მინიშნება გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ავთანდილ იოსელიანმაც, გაიმეორა: "ის, რაც შარშან მოხდა აფხაზეთში გელაევის რაზმის რეიდით, ეს იყო აშკარა პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რამაც ძალიან ავნო ჩეჩნებსაც. ვინც ეს დაგეგმა, არის საქართველოს მტერი. გამოიძიონ. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში რაღაც ხომ უნდა გამოიძიონ?"

ცხადია, არც დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის საგაზეთო გამოსვლას მოჰყოლია რაიმე გამოხმაურება. მეტიც, ცოტა ხანში სწორედ მას მოუწია ბრალდებულის როლში გამოსვლა და თავის მართლება, რომ არ გეგმავს ტერაქტის მოწყობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე.

საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ რგოლებში არსებული ეს ურთიერთუნდობლობა ძალიან კარგად გამოიყენა 12 აპრილის კოდორის ინციდენტის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა გენერალმა ევტეევმა, როდესაც ჭუბურხინჯის შეხვედრაზე განაცხადა: დესანტის გადასხმის საკითხი საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გენერალ ვალერი ჩხეიძესთან, იყო შეთანხმებულიო. რუსი გენერლის ამ განცხადებას "კუდიანებზე ნადირობის" ახალი ტალღის აგორება მოჰყვა: კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა უნდობლობა გამოუცხადა გენერალ ვალერი ჩხეიძის უწყებას; ამის პასუხად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ ევტეევის განცხადება "იყო წინასწარგამიზნული აქცია, რომელსაც მოგვიანებით საქართველოში მოქმედი რუსეთის აგენტურა ქვეყნის საზიანოდ გამოიყენებდა."

როგორც წინა შემთხვევების დროს, კონფლიქტი მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით ამოიწურა და მორიგ ბრალდებათა საქმე, გამოუძიებლად, თაროზე აღმოჩნდა შემოდებული; სამაგიეროდ, "ეჭვის ჭიამ," რლმელსაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შიგნით არსებული უთანხმოება ასაზრდოებს, კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები.

რამდენიმე დღის წინათ "დილის გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასეთი შეუთანხმებელი მუშაობის საფრთხეზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ გარკვეული მინიშნებები გააკეთა: "სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები თითოეული ჩვენგანისათვის პრიორიტეტული უნდა გახდეს. მაგალითისთვის პანკისის ხეობა ავიღოთ. არ შეიძლება ამ მხარეს გამუდმებით უარყოფით კონტექსტში ვუყუროთ და იქაური ამბები ასევე გავაშუქოთ. არის საკითხები, რომლებზეც, ალბათ, ჩვენ და ჟურნალისტებმა შეთანხმებულად უნდა ვიმუშაოთ. ინფორმაცია პანკისის შესახებ, რომელიც ამ დღეებში პრესაში გახმაურდა, ვატყობ, რომ ერთ-ერთი ჩვენი "მეგობარი ქვეყნის" წისქვილზე ასხამს წყალს."

ძნელია, არ დაეთანხმო უშიშროების საბჭოს მდივანს იმაში, რომ მასმედიის წარმომადგენლებთან ურთიერთგაგების მიღწევა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ყოველგვარი ასეთი მცდელობა უნაყოფო იქნება, თუკი ხელისუფლება ვერ შეძლებს საკუთარი რიგების კონსოლიდირებას და ვერ ისწავლის კონფლიქტურ სიტუაციებში კოორდინირებულად მუშაობას.

წინააღმდეგ შემთხვევაში "მესამე ძალებს" და "მეხუთე კოლონებს", რომელთა სახელი საქართველოში ლეგიონია, ხელისუფლების შანტაჟის და ახალ-ახალი სისხლიანი პროვოკაციების საბაბი არასოდეს გამოელევათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG