Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25-წლიანი პატიმრობა “სიტყვების გამო” - როგორ იძია კრემლმა შური ვლადიმირ კარა-მურზაზე?


ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე

სანამ 17 აპრილს, პუტინის რეჟიმის ოპონენტს, ვლადიმირ კარა-მურზას 25-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, იქამდე ის ორჯერ მოწამლეს. რით გააბრაზა მან კრემლი?

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კარა-მურზას საჯარო გამოსვლები სახელმწიფოს ღალატს გაუტოლა. მთავარი “დანაშაული”: ის პუტინის ხელისუფლებას უცხოეთში ყოფნისას აკრიტიკებდა. ორჯერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, და ერთხელაც, ომის დაწყების შემდეგ.

2022 წლის 15 მარტს, აშშ-ში ვიზიტისას, მან თქვა, რომ “რუსეთი ბომბავდა საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს”. იქიდან ხუთ კვირაში, ოპოზიციონერი დააპატიმრეს. ბრალდების მტკიცებით, ის “დაემუქრა რუსეთის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ოპოზიციონერი ასევე დაადანაშაულეს რუსული ჯარის შესახებ “ყალბი ამბების” გავრცელებასა და “არასასურველ ორგანიზაციებთან” თანამშრომლობაში.

“დისიდენტებს ამდენი ხნით ბრეჟნევის დროსაც კი არ აპატიმრებდნენ. ამის შედარება მხოლოდ სტალინის მმართველობასთან შეიძლება. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია, რომ ეს არის განაჩენი სიტყვების გამო” - თქვა რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალის” დირექტორმა, იან რაჩინსკიმ.

სამაგიეროდ, კმაყოფილი დარჩა კრემლის საინფორმაციო რუპორის, ტელეკომპანია RT-ს დირექტორი, მარგარიტა სიმონიანი. კარა-მურზა “წლების განმავლობაში ღიად და აქტიურად ეხმარებოდა ვაშინგტონს, რუსეთისა და რუსებისთვის სანქციების რაც შეიძლება უფრო ეფექტურად დაწესებაში”, - დაწერა მან ტელეგრამში.

კარა-მურზას მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის პრობლემებს უქმნიდა არა რუსეთს, არამედ რუსეთის ხელისუფლებას.

"მაგნიტსკის სია"

2008 წელს, რუსმა იურისტმა, სერგეი მაგნიტსკიმ ამხილა კორუფციული სქემა, რომლის წყალობითაც საჯარო მოხელეებმა და ძალოვნებმა 230 მილიონი დოლარი მიიტაცეს. მალევე ის გადასახადების დამალვის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში მაგნისტკის აწამებდნენ და უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე. დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე ის გარდაიცვალა.

2012 წელს, აშშ-ის კონგერსმა დაამტკიცა ე.წ. მაგნიტსკის სია. ამ კანონმა ანგარიშები გაუყინა მაგნიტსკის საქმეში გარეულ 60 მაღალჩინოსანს და აუკრძალა ამერიკაში შესვლა.

ბორის ნემცოვი, 2014 წელი
ბორის ნემცოვი, 2014 წელი

იდეა რუს ოპოზიციონერს, ბორის ნემცოვს ეკუთვნოდა. კარა-მურზამ კი, რომელიც მისი თანაპარტიელი იყო, ამერიკაში “მაგნიტსკის სიის” ლობირება ითავა.

2015 წელს, ბორის ნემცოვი მოკლეს, კარა-მურზა კი მოწამლეს. სავარაუდოდ, კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად, ისიც “ნოვიჩოკის” გაზით. ცნობილია, რომ კარა-მურზასაც და ნავალნისაც მოწამვლამდე ერთი და იგივე ხალხი უთვალთვალებდა.

ოპოზიციონერი სამკურნალოდ დიდ ბრიტანეთში წავიდა, 2017 წელს კი რუსეთში დაბრუნდა. მალევე ის კვლავ მოწამლეს. ორივე საქმე გამოუძიებელი დარჩა.

ყოფილი ნავთობმაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელმაც პატიმრობაში ათი წელი გაატარა და შემდეგ დააფუძნა ორგანიზაცია “ღია რუსეთი”, მაშინ ამბობდა, რომ “მაგნიტსკის სიის” გამო კარა-მურზას “კრემლში ბევრი გაუბრაზდა”. მოსამართლე სერგეი პოდოპრიგოროვი, რომელმაც კარა-მურზა გაასამართლა, სწორედ “მაგნიტსკის სიის” წევრია.

“სასიკვდილო განაჩენი”

მოწამვლის შემდეგ ოპოზიციონერი ვეღარ გრძნობდა მარცხენა ხელს და ფეხს, შემდეგ კი ჯოხით დადიოდა. ცოლმა, ევგენია კარა-მურზამ “ბიბისის” რუსულ სამსახურს უთხრა, რომ ციხეში მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა.

“წლების მანძილზე სიმპტომებს აკონტროლებდა. ახლა კი სიმპტომები არათუ დაბრუნდა, მარჯვენა მხარეზეც გავრცელდა. იგი ვერცერთ ტერფს ვეღარ გრძნობს”, - თქვა მან. მგრძნობელობის დაკარგვას დაემატა ისიც, რომ კარა-მურზამ 11 თვეში 22 კილოგრამი დაკარგა.

წყვილს ჰყავს სამი შვილი. სამივე არასრულწლოვანია და აშშ-ში ცხოვრობს. მამა დაპატიმრების შემდეგ აღარ უნახავთ.

კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, “ეს ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენია”, - უთხრა “დოიჩე ველეს” მისმა ადვოკატმა, ვადიმ პროხოროვმა.

პატარა იმედი

“მოვა დრო, როდესაც შავს შავი დაერქმევა და თეთრს თეთრი… როდესაც ომს ომს დაუძახებენ, უზურპატორს კი უზურპატორს; და მაშინ დამნაშავეებად აღიარებენ მათ, ვინც ეს ომი გააჩაღა, და არა იმათ, ვინც მისი შეჩერება სცადა”, - თქვა ვლადიმირ კარა-მურზამ განაჩენის გამოცხადებამდე. ეს სიტყვები ადვოკატმა გაავრცელა, რადგან სასამართლო პროცესი დახურული იყო.

თუმცა ოპოზიციონერის მხარდამჭერები შიშობენ, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე არ ახდება. ერთადერთი, მცირე იმედი, მათ განაჩენით კმაყოფილმა მარგარიტა სიმონიანმა აჩუქა. “გაცვალეთ უილანი, კარა-მურზა და გერშკოვიჩი ასანჟში”, - დაწერა მან.

პოლ უილანი და ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ამერიკის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან. ჯულიან ასანჟი კი ვებგვერდ “ვიკილიქსის” დამფუძნებელია. ამერიკელი სამართალდამცველების მტკიცებით, იგი მონაწილეობდა გასაიდუმლოებული სამხედრო საბუთების მოპარვაში, რისთვისაც 175-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ვლადიმირ კარა-მურზას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. რუსეთის გარდა, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG