Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი


ევან გერშკოვიჩი
ევან გერშკოვიჩი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ამერიკული გაზეთის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, იტყობინება „მედიაზონა“ სასამართლო დარბაზიდან. იქ 18 აპრილს განიხილებოდა ჟურნალისტის პატიმრობაზე აპელაცია.

31 წლის ამერიკელი ჟურნალისტი 29 მაისამდე დარჩება პატიმრობაში, „ლეფორტოვოს“ საგამოძიებო იზოლატორში. აპელაციის განხილვას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი, რომელმაც ახლახან მოინახულა ჟურნალისტი იზოლატორში.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელდა ცნობები ფსბ-ს მიერ ეკატერინბურგში აქტივისტ იაროსლავ შირშიკოვის დაკავების შესახებ. შირშიკოვმა 30 მარტს პირველმა განაცხადა გერშკოვიჩის დაკავების შესახებ. ფსბ-ს თანამშრომელმა განაცხადა, რომ შირშიკოვი არ დაუკავებიათ და რომ ის „გასაუბრებისთვის წაიყვანეს“.

გერშკოვიჩი ფსბ-მ 29 მარტს დააკავა ეკატერინბურგში და მას ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. WSJ გადაჭრით უარყოფს გერშკოვიჩისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მოითხოვს მის გათავისუფლებას.

გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ გერშკოვიჩი აშშ-ის დაკვეთით საიდუმლო მონაცემებს აგროვებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ. კერძოდ რომელ საწარმოზეა ლაპარაკი, გასაიდუმლოებულია. კრემლმა განაცხადა, რომ გერშკოვიჩის წინააღმდეგ მოიპოვება სამხილები, მაგრამ არ დაუზუსტებია, კერძოდ რაზეა ლაპარაკი.

გერშკოვიჩს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გერშკოვიჩის გაცვლა სურთ დასავლეთის ქვეყნებში ანალოგიური ბრალდებებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეთაგან ერთ-ერთში.

XS
SM
MD
LG