Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში შევიდა სანაპიროზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის პროექტი


მტკვრის სანაპიროზე 5 მრავალსართულიანი კორპუსის აშენების მიზნით თბილისის მერიას შპს "სითი ცენტრმა" მიმართა.
მტკვრის სანაპიროზე 5 მრავალსართულიანი კორპუსის აშენების მიზნით თბილისის მერიას შპს "სითი ცენტრმა" მიმართა.

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, ყოფილი რესტორნის "არაგვის" ტერიტორიაზე ხუთი მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენების მიზნით თბილისის მერიაში განცხადება შევიდა.

პროექტის ამსახველი ფოტომასალა თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა თავისი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა მინაწერით:

“ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთ! ახალი პროექტი ყოფილი რესტორანი "არაგვის" ტერიტორიაზე! მერიაში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა .... როგორც ჩანს, არჩევნებამდე უნდა მოესწროს თბილისის ისტორიული ზონის დასამარება!”.

ასე გამოიყურება პროექტის რენდერი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა გაავრცელა
ასე გამოიყურება პროექტის რენდერი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა გაავრცელა

48 497 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის მფლობელი კომპანია "სითი ცენტრია". პროექტის ავტორია არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე.

განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია რეკრეაციულია და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მდებარეობს. პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ესკიზებზე დაყრდნობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ხუთი მრავალსართულიანი შენობიდან ორი, ამ შენობების მეზობლად მდებარე 31-სართულიან King David-ზე მაღალია.

ტერიტორია, სადაც კერძო კომპანიამ მშენებლობის სურვილი გამოხატა, ისტორიული განაშენიანების ზონაა.
ტერიტორია, სადაც კერძო კომპანიამ მშენებლობის სურვილი გამოხატა, ისტორიული განაშენიანების ზონაა.

"სითი ცენტრის" დირექტორმა აკაკი სონღულიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პროექტი მერიაში რამდენიმე დღის წინ შეიტანა, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ არ დაუბრუნებიათ.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ რადგან ტერიტორია თბილისის ისტორიულ არეალშია, გეგმარებითი დავალების პროექტი ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.

“ამ ეტაპზე თბილისის მერიას გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული არა აქვს”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.

პროექტის მოწონების შემთხვევაში, საკრებულომ ამ ადგილას განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა დაამტკიცოს.

რა ვიცით შპს "სითი ცენტრზე"

კომპანია "სითი ცენტრი" საჯარო რეესტრში 2009 წელს დარეგისტრირდა. დირექტორი აკაკი სონღულია პარტია "ქართული ოცნების" შემწირველია. მან მმართველ პარტიას 60 000 ლარი გასული წლის 27 დეკემბერს შესწირა. 2014 წელს კი - 20 000 ლარი გადაურიცხა.

"სითი ცენტრის" 100%-იანი წილის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია "სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი" (SOFITSA HOLDINGS LIMITED).

ბიზნესმენ რომან ფიფიას კომპანიის "ლოიალ კაპიტალ გრუპის" წარმომადგენელმა bm.ge-ს 2019 წელს უთხრა, რომ "სითი ცენტრი" მათი ჰოლდინგის ნაწილი იყო. ამ დასახელების კომპანიამ მიჰყიდა ეროვნულ ბანკს ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ტერიტორია, რომელიც ცირკის შენობასა და რესტორან არაგვს შორის მდებარეობდა.

ხუთი მრავალსართულიანი შენობის პროექტის დამკვეთი, აკაკი სონღულია კი ამბობს, რომ მისი კომპანია სხვა "სითი ცენტრია" და რომან ფიფიას კომპანიებთან, ანუ ტერიტორიის წინა მფლობელებთან კავშირი არ აქვს.

თავდაპირველად, ყოფილი რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე სასტუმრო "ჰაიატის" სწორედ რომან ფიფიას კომპანია აშენებდა. მშენებლობა 2011-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 2014 წლამდე გადაიწია. არსებული ინფორმაციით, მესაკუთრეს მშენებლობის ვადის გახანგრძლივება აღარ მოუთხოვია. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი 2015 წელს გამოცემა "ვერსიასთან" ამბობდა, რომ მშენებლობა აგვისტოს ომის ცნობილი მოვლენების შემდეგ ვეღარ გააგრძელეს.

შემდეგ “ლოიალ კაპიტალ გრუპმა” ახალი პროექტი მოამზადა და მერიას დასამტკიცებლად თავიდან წარუდგინა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, მინდია გადაევი ამბობდა, რომ 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო, საცხოვრებელი ფართები და ფინანსური ცენტრი უნდა მოწყობილიყო. თბილისის მერიის მხარდაჭერა ამ პროექტმა ვერ მოიპოვა.

მასალა განახლებულია

XS
SM
MD
LG