რუსეთის მედია მათ სახელებს ავრცელებს - საიდაქრამ რაჯაბალიზოდა, დალერჯონ მირზოევი, მუჰამადსობირ ფაიზოვი და ფარიდუნ შამსიდინი, და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. სასამართლოს განცხადებით კი, დახურულ მოსმენაზე სამმა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული ყველა წაყენებულ ბრალდებაში.
გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომელთა ავთენტიკურობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, და რომლებზეც ჩანს, სავარაუდოდ, რამდენიმე ეჭვმიტანილის - ტაჯიკეთის მოქალაქეების - დაკითხვა.
უფრო ადრე, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ სისხლიან თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებული 11 ეჭვმიტანილი, უცხოელები იყვნენ, მაგრამ არ დაუსახელებია მათი ვინაობა.
ტაჯიკეთის მთავრობა, რომელიც მოსკოვის ახლო მოკავშირეა, ამტკიცებს, რომ მას არ მიუღია რაიმე „ოფიციალური ინფორმაცია“ რუსეთის ხელისუფლებისგან, თავდასხმაში ტაჯიკების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ.
მუჰიდინ ქაბირი, ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების ოპოზიციური პარტიის (IRPT) ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტაჯიკეთის რამდენიმე მოქალაქემ და ტაჯიკეთ-რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა მოსკოვის საკონცერტო დარბაზის ხოცვა-ჟლეტაში, რომელსაც, სულ ცოტა, 137 ადამიანი შეეწირა.
ქაბირიმ დაადანაშაულა ტაჯიკეთის მთავრობის ავტორიტარული პოლიტიკა და ისლამის „ჩახშობა“ მისი ზოგიერთი მოქალაქის „რადიკალიზაციის“ გამო. ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტია (IRPT), რომლის წარმომადგენლები მთავრობაშიც იყვნენ, ქვეყანაში აკრძალულია.
რუსმა დეპუტატმა, ალექსანდრ ჰინშტეინმა Telegram-ზე დაწერა, რომ ტაჯიკეთის პასპორტები იპოვეს იმ მანქანაში, რომლითაც ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, გაიქცნენ, სანამ მათ რუსეთის პოლიცია დააკავებდა ბრიანსკის რეგიონში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 340 კილომეტრში.
სასტიკი დაკითხვა
რაჯაბალიზოდა, რომელსაც შემდგომ ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს, ორ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერზე გამოჩნდა. ის ორივე ჩანაწერზე აღიარებს მოსკოვის ტერაქტში მონაწილეობას. მკაფიო კადრებზე ჩანს, როგორ აჭრის მას ყურს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი.
მას თავი დოლბანდით აქვს შეხვეული და სისხლიანი მაისური აცვია. ის ამბობს, რომ სხვა თანამზრახველებთან ერთად იარაღი „სადღაც გზაზე“ დატოვა, როცა შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ. რადიო თავისუფლებას ამ კადრების ნამდვილობის დადასტურება ვერ შეძლო.
მეორე, ასევე ნამდვილობადაუდასტურებელ ვიდეოჩანაწერზე ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელბორკილები ადევს, უყვება პირს, ვინც მის დაკითხვას აწარმოებს, რომ უცნობმა პირებმა დაიქირავეს Telegram-ის საშუალებით, რომ ფულის სანაცვლოდ ესროლათ ხალხისთვის.
პირი, რომელიც რუსულად ტაჯიკური აქცენტით ლაპარაკობს და თავს წარმოადგენს ფარიდუნ შამსიდინად, ამბობს, რომ 1998 წელს დაიბადა.
მისი თქმით, დაუკავშირდა „ასისტენტი მუსლიმი ქადაგისა“, რომლის ლექციებსაც Telegram-ში უსმენდა.
შამსიდინის თანხმად, ასისტენტმა მას შესთავაზა მილიონი რუბლი (11 ათას დოლარამდე) ხალხის დახოცვისთვის, იარაღი, და მიუთითა თავდასხმის ადგილი.
ასისტენტმა მას არ მისცა არავითარი ინფორმაცია „არც სახელის, ან გვარის, ან სხვა რამის შესახებ“, თქვა მან და დასძინა, რომ თავდასხმამდე მას „ფულის ნახევარი“ გადაეცა.
რუსულენოვანი დამკითხავის და სხვათა სახეები, რომლებიც ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, ამ ვიდეოჩანაწერებზე არ ჩანს.
ჩანაწერები გავრცელდა რუსულ ვებსაიტებზე და სოციალურ ქსელებში 23 მარტს, ხოლო შემდეგ გამოჩნდა უკვე სახელმწიფო მედიაშიც.
ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ
შამსიდინი და სხვა ეჭვმიტანილები, რომლებიც დააკავეს, და რომლებიც ვიდეოზე ჩანან, არ ახსენებენ არც ისლამისტურ დაჯგუფებას „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელმაც იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა და არც „ისლამურ სახელმწიფო-ხორასანს“, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც თავდასხმის შესაძლებელ მონაწილეს.
არის კიდევ ერთი მოკლე ვიდეო, რომელზეც მესამე ეჭვმიტანილია გამოსახული - უცნობი პირი, რომელიც ტაჯიკურად ლაპარაკობს და დამკითხავებს თარჯიმნის საშუალებით უყვება, რომ იყო უმუშევარი და ეძებდა სამუშაოს. ამ დროს, Telegram-ის საშუალებით, „დაახლოებით ათი დღის წინ“ დაუმეგობრდა ვინმე აბდულოს. მისი ნაამბობით, აბდულომ შესთავაზა მანქანის ერთად ყიდვა და ტაქსისტად მუშაობა. აბდულო „ჩვენთან ერთად იყო“, თქვა მან, თუმცა არ არის ცხადი, გულისხმობდა თუ არა ის უშუალოდ თავდასხმას.
რუსეთის მედიის თანახმად, ბრიანსკში დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორისაა 19 წლის მუჰამადსობირ ფაიზოვი, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშამბედან არის.
გავრცელებული ცნობით, დაკავების წინ ფაიზოვი დაიჭრა და მას ბრიანსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, რის შემდეგად რუსეთის სამართალდამცველებმა წაიყვანეს.
რუსეთის სოციალური მედიის პლატფორმაზე, VKontakte-ზე, ორი ანგარიში უკავშირდება ფაიზოვს, რომლებიდანაც ჩანს, რომ ის ნოემბრამდე მუშაობდა საპარიკმახეროში, რუსეთის ქალაქ ივანოვოში. ასევე ჩანს ისიც, რომ მან გააფორმა სოციალური მედიის ანგარიშები Islam My Life და I Love Islam და, რომ გააზიარა პოსტები თავისი რელიგიური შეხედულებების შესახებ.
რამდენიმე სხვა, ასევე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქე, აგრეთვე მათი ვინაობა და ფოტოები გამოჩნდა რუსულ ვებსაიტებზე;
მათ შორის იყო შოჰინ საფოლზოდა, ტაჯიკეთის ფაიზობოდის რაიონის მკვიდრი. ცოტა რამ არის ცნობილი საფოლზოდას შესახებ ან იმაზე, თუ რატომ მიიღო მან, სავარაუდოდ, მონაწილეობა თავდასხმაში.
ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფად უარყო რუსეთის მედიის ცნობები ტაჯიკეთის სამი მოქალაქის - რივოჯიდინ ისმონოვის, მაჰმადრასულ ნასრიდინოვისა და რუსტამ ნაზაროვის - თავდასხმაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ 22 მარტს, თავდასხმის დროს, ორი მათგანი სახლში იმყოფებოდა, ტაჯიკეთში, ხოლო მესამე - სამსახურში, რუსეთის ქალაქ სამარაში, რომელიც მოსკოვიდან რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაშორებული.
თუმცა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია სხვა ტაჯიკების შესახებ, რომლებიც ვიდეოების მიხედვით, სავარაუდოდ, დააკავეს და დაკითხეს.
მიგრანტები ზეწოლის ქვეშ
ამ ცნობების და ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ანტიტაჯიკური და ანტიმიგრანტული განწყობა რუსეთში, რაც ისედაც ყოველთვის არსებობდა ამ ქვეყანაში, სადაც ტაჯიკეთიდან და შუა აზიის სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს.
შორეულ აღმოსავლეთში, ბლაგოვეშჩენსკში დაწვეს სასადილო, სადაც ტაჯიკი მიგრანტები მუშაობდნენ. კალუგაში, რუსეთის დასავლეთში, გავრცელდა ცნობა სამი ტაჯიკის ცემის შესახებ.
რუსეთის ქალაქებში კლიენტები აღარ სხდებიან ტაქსიში, თუ მძღოლი ტაჯიკეთიდანაა.
არის ინფორმაცია ასევე შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებზე თავდასხმის შესახებ.
ათეულობით ყირგიზი გააჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ და დაკავებული ჰყავდათ საწოლებიან ოთახებში, იტყობინებოდა რადიო თავისუფლების ყირგიზული რედაქცია. მათ თანახმად, ისინი 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ იქ სასმლისა და საჭმლის გარეშე, ქალები და ბავშვები უკან, ყირგიზეთში დააბრუნეს.