Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აჯანყდით! იბრძოლეთ!“ - ვინ არის პარტიზანული ჯგუფი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა?


„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 მარტს უშიშროების საბჭოს წევრებთან დისტანციური კონსულტაცია გამართა მას შემდეგ, რაც რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელებმა გაავრცელეს ცნობები, სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიიდან, სადივერსიო-სადესანტო ჯგუფის შეჭრის, მძევლების აყვანის, სროლებისა და მსხვერპლის შესახებ.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ბრიანსკის რაიონის სოფელ ლიუბეჩანში ადგილობრივი ფოსტისა და სამედიცინო-სამეანო განყოფილების ფონზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც სამხედროფორმიანი პირი ამბობს, რომ წარმოადგენს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“, რომელიც ებრძვის პუტინს და არა მშვიდობიან ადამიანებს.

მას შემდეგ, რაც ამ რეიდზე პასუხისმგებლობა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო, პრეზიდენტმა პუტინმა მომხდარს უწოდა ტერაქტი და განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, „სურთ წაგვართვან ისტორიული მეხსიერება, ისტორია, ტრადიცია და ენა“.

თავის მხრივ, კიევმა უარყო რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დივერსიული ჯგუფის შეჭრასთან უკრაინის რაიმე კავშირი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ რუსეთი თვითონ აწყობს პროვოკაციას, რათა გაამართლოს უკრაინაში მიმდინარე ომი.

„შევედით, გადავიღეთ, ჩავუსაფრდით“

ხუთშაბათს დილით რუსული მედია და ტელეგრამის არხები ავრცელებდნენ საგანგაშო ცნობებს უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონის ორ სოფელში მიმდინარე ბრძოლების შესახებ. ისინი ერთ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გადასულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა შეაღწიეს სოფლებში ლიუბეჩანსა და სუშანში, სადაც ისმოდა სროლების და აფეთქებების ხმები.

მოგვიანებით გავრცელდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია „ბრიანსკის ოლქის კლიმოვსკის რაიონში საზღვრის დამრღვევი უკრაინელი ნაციონალისტების გასანადგურებლად“.

მაგრამ მანამდე ბრიანსკის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სავარაუდო დივერსანტებმა მოკლეს ავტომობილის მძღოლი და დაჭრეს 10 წლის ბიჭი.

„დღეს უკრაინის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინიდან ბრიანსკის, კლიმოვსკის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ლიუბეჩანში შეაღწია. დივერსანტებმა მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მკვიდრი და დაიჭრა ათი წლის ბავშვი“, - წერდა ტელეგრამის არხში ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი.

ბოგომაზის ინფორმაციამ სერიოზულად შეაშფოთა კრემლი, სადაც, ზოგიერთი ტელეგრამის არხის ცნობით, უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებაც გადაწყდა. მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც რუსულ მედიას უთხრა, რომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას პარასკევს მოიწვევდნენ.

ამასთან, პუტინი, პესკოვის თანახმად, ეთათბირა უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს, ფედერალური უსაფრთხოებისა და რუსეთის გვარდიის შეფებსა და ბრიანსკში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადადო სტავროპოლის მხარეში დაგეგმილი ვიზიტი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი სამხედრო უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი დენის ნიკიტინია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი სამხედრო უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი დენის ნიკიტინია.

მთელი ეს ხმაური კი მოჰყვა რუსული პარტიზანული ჯგუფის რეიდს, რომელიც თავის თავს უწოდებს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“ და ბრიანსკის ტერიტორიაზე ჩაწერილი ვიდეოთი მიმართა რუსეთის მოსახლეობას.

„მაშ ასე, მეგობრებო, აღსრულდა! რუსეთის მოხალისეთა კორპუსი გადავიდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. მტკიცებულება პირდაპირ ჩემ ზურგს უკანაა. ჩვენ არ ვებრძვით სამოქალაქოებს, არ ვხოცავთ უიარაღოებს. იქონიეთ ეს მხედველობაში. ახლა მოვიდა დრო, რომ რუსეთის ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეიგნონ, რომ ისინი არ არიან მონები! აჯანყდით! იბრძოლეთ“, - მოუწოდა რუსულ ენაზე მოსახლეობას შეიარაღებულმა პირმა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთმა ანონიმმა მებრძოლმა გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ აცნობა, რომ ბრიანსკის ოპერაციაში მონაწილეობდა 45 კაცი. „შევედით, გადავიღეთ, ჩავუსაფრდით ორი ჯავშანმანქანით. ერთი მესაზღვრე დაშავდა. არანაირი მძველები არ აგვიყვანია“, - მოჰყავს გამოცემას ანონიმი მოხალისის სიტყვები.

„შეგნებული“ და „კლასიკური“ პროვოკაცია

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, სავარაუდოდ, რუსი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული საბრძოლო ერთეულია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში შედის. უკრაინული გამოცემა Babel-ის თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ერთ-ერთი სამხედრო, რომელიც მოსახლეობას რუსულად მიმართავს, უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი დენის ნიკიტინია.

„ბაბელის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ბრიანსკის რეგიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, ბრიანსკში განვითარებულ მოვლენას რუსეთის მხრიდან „კლასიკური“ და „შეგნებული პროვოკაცია უწოდა.

„რუსეთს სურს, საკუთარი ხალხი დააშინოს, რათა გაამართლოს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღატაკე ომის ერთი წლის შემდეგ. პარტიზანული მოძრაობა რუსეთში ძლიერდება და უფრო აგრესიული ხდება“, - დასძინა პოდოლიაკმა.

ამ მოსაზრებას იზიარებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური, რომლის თანახმად, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსში“ გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით იბრძვიან პუტინის რეჟიმისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

„რუსეთის ფედერაცია დღეს არის სუბიექტი, რომლის ფარგლებშიც არსებობს დიდი რაოდენობით ეროვნებათაშორისი, ერთაშორისი, რელიგიათაშორისი, სოციალურ-პოლიტიკური და სხვა კონფლიქტი“, - მოჰყავს უკრაინულ ტელეკომპანია „ჰრომადსკოეს“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის სიტყვები.

ამ მიმართვას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვები. მან „ტერორისტები“ უწოდა „უკრაინის მოხალისეთა კორპუსს“ და ასე აღწერა ამ ჯგუფის რეიდის ერთი ეპიზოდი.

„ნახეს, რომ ეს სამოქალაქო მანქანა იყო, რომ მასში სამოქალაქო პირები და ბავშვები ისხდნენ, ცეცხლი გახსნეს... არაფერი გამოუვათ, ჩვენ მათ ბოლოს მოვუღებთ“, - მოჰყავს ინტერფაქსს პუტინის სიტყვები.

კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის არმიამ საარტილერიო ცეცხლი დაუშინა საზღვრის დამრღვევ დივერსანტებს და ისინი კვლავ ქვეყნის საზღვარს იქით გადადევნა.

რამდენიმე საათში ოფიციალურმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ „უკრაინელი დივერსანტები“ აღარ ამჟღავნებენ „აქტიურობის ნიშანწყალს“ და უკვე „შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაც კი დატოვეს“-ო.

მაგრამ რუსი პარტიზანები, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მოქმედებენ.

  • გამოცემა „ბაზის“ ინფორმაციით, 2 მარტის რეიდის შედეგად სოფელ სუშანში ელექტროქვესადგური და ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა.
  • ტელეგრამის არხი „ფრთხილად, ახალი ამბავია“ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იტყობინებოდა ამ სოფელში საარტილერიო ჭურვების აფეთქებისა და ტყვიამფრქვევიდან განხორციელებული ინტენსიური სროლების შესახებ.
  • ცალკე აღნიშვნის ღირსია მეზობელი კურსკის რეგიონის ხელისუფლების განაცხადება, რომლის თანახმად, უკრაინიდან დაბომბვის დროს სოფელ ტეტკინოში ერთი ადამიანი დაიღუპა.
  • უკრაინელი სამხედროები, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. სამაგიეროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერატიულმა დაჯგუფება „სევერმა“ მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
  • „მტერმა შესაძლოა მიმართოს პროვოკაციებს და შეეცდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას! ინფორმაციები პასუხისმგებლობით გამოიყენეთ“, - ნათქვამია ოპერატიული დაჯგუფება „სევერის“ განცხადებაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG