Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინის არმიას ადანაშაულებს სამი რეგიონის დაბომბვაში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა


ნავთობსაცავების ხანძარი ბრიანსკში. ფოტო 2022 წლის 25 აპრილს არის გადაღებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული
ნავთობსაცავების ხანძარი ბრიანსკში. ფოტო 2022 წლის 25 აპრილს არის გადაღებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული

რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ტულის რეგიონების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათი რეგიონები, სავარაუდოდ, უკრაინიდან დაიბომბა.

ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორის თქმით, რეგიონის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა შეაღწია.

"დღეს უკრაინის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინიდან კლიმოვსკის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ლიუბეჩანში შეაღწია. დივერსანტებმა მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მკვიდრი და დაიჭრა ათი წლის ბავშვი", - წერს გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დივერსიული ჯგუფის სალიკვიდაციოდ ყველა სამუშაოს ატარებენ.

რუსეთის კიდევ ერთი რეგიონის, კურსკის რაიონის სოფელ ტეტკინოს დაბომბვის შესახებ განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა და დასძინა, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაზარალებულები.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ ორი მამაკაცი დაშავდა - ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, მეორე კი საშუალო სირთულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე დროს აფეთქება მოხდა ტულის რაიონის სოფელ ბერეზოვსკში. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სოფლიდან 600 მეტრის დაშორებით აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნახევარი მეტრის სიღრმის ორმო იპოვეს. მსხვერპლი არ არის. ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, რომ შემთხვევის ადგილზე უპილოტო თვითმფრინავი აფეთქდა.

XS
SM
MD
LG