Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმე: კიდევ ერთი ქულა გიორგი გახარიას ანგარიშზე? 


  • ის, რაც არ გააკეთა პროკურატურამ, შესრულდა შს სამინისტროს ხელით;
  • მიღწეულია ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია;
  • რატომ და ვინ აფარებდა ხელს მიხეილ კალანდიას - პროკურატურის "ოქროს მოწმეს"?
  • თუკი დაინახა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რატომ ვერ დაინახა „ქართულმა ოცნებამ“?
  • სიმართლის დადგენის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო - კიდევ ბევრია დასასჯელი?
  • ვის შეეშინდა ხალხის ბრაზისა და პროტესტის?

გახარიას სამინისტროს ხელით

„რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, რადგან ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება მალე“, - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 3 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლომ:

  • დავით სარალიძის მკვლელობა განზრახ ჯგუფური მკვლელობა იყო;
  • გ.ჯ. მარტო არ მოქმედებდა, ხოლო გ.ბ. ამ ეპიზოდში უდანაშაულოა.

მეორე დღეს კი, 4 ივნისს, სამართალდამცველებმა დააკავეს მიხეილ კალანდია, პროკურატურის „ოქროს მოწმე“, რომლის დაკავებასაც ზაზა სარალიძე თითქმის 18 თვის განმავლობაში ითხოვდა - ინსტანციიდან ინსტანციაში სიარულით, ხმაურიანი საპროტესტო აქციებით, კარვის გაშლითა თუ შიმშილობით.

ზაზა სარალიძე საბოლოო შედეგში დარწმუნებული არც ახლაა, გააჩნია, როგორ წარიმართებაო პროცესი, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ამბობს, რომ - „ფაქტიურად სამართალი აღდგენილია“.

მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი და კონტექსტი ასეთია:

  • ასე დიდხანს გატანჯული შვილმოკლული მამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შს სამინისტროს მიერ წარმოებული (გამოყოფილი საქმის) გამოძიების ფარგლებში აღსრულდა;
  • ხოლო თუკი კმაყოფილი იქნება ზაზა სარალიძე, კმაყოფილი დარჩება მისი გულშემატკივარიც - ხალხი, ამომრჩეველი.

გია ნოდიასთვის ცხადია, რომ 18-თვიანი დაგვიანებით ხელისუფლებამ ხალხის პროტესტის, ხალხის შიშის გამო დაიხია უკან. უფრო კონკრეტულად კი, ანალიტიკოსის თქმით, ამ ჭრილში ხალხის მოსალოდნელი მღელვარება ბიძინა ივანიშვილს აფრთხობდა:

  • ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო იყო პროკურატურის, რადგან ამ უწყებამ შარში გახვია ხელისუფლება;
  • ამიტომაც ხმაურიან საქმეში გამოსავლის ძიება დაევალა შს მინისტრს, გიორგი გახარიას, ადამიანს, რომელსაც, ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო წლებში განსაკუთრებით ენდობა;
  • გიორგი გახარია საქართველოში პრემიერ-მინისტრზე უფრო ძლიერი და გავლენიანი ფიგურაა - მასზე მაღლა მხოლოდ თავად ბიძინა ივანიშვილია;
  • გახარიამ ივანიშვილის ნდობა დაიმსახურა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის ჩაწყნარებით.

„გახარიას შეუძლია სიტუაციის განმუხტვა თავისი მოქნილობით, ხანდახან ცინიზმითა და ხანდახან დათმობით, ხანდახან შედარებითი სიმტკიცით... სახიფათო სცენარია ქუჩაში ხალხის გასვლა და ამ დროს არჩევნების ჩატარება. ეს არის ფორმულა ხელისუფლების დასამარცხებლად. ბიძინა ივანიშვილს ამის ეშინია. მას სწორედ ამიტომ სჭირდება ისეთი ხალხი ხელისუფლებაში, ვისაც სიტუაციის დაწყნარება შეუძლია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ნოდია.

როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობდა ე.წ. გამოყოფილი საქმეზე, შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზემოქმედების მუხლებით; თუმცა მათ ასევე განუმარტეს, რომ „იძიებდნენ ყველა საქმეს, რაც კი ხორავას ქუჩას უკავშირდებოდა“.

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ (აღმასრულებელმა თუ საკანონმდებლომ) თითქმის სრულად უგულებელყო პარლამენტში საგანგებოდ ხორავას ქუჩის საქმისთვის შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

არადა ამ დასკვნაში ასახული მთავარი გარემოებები აშკარად ემთხვევა როგორც სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, ასევე მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებულ პროცესებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა 4 ივნისს, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სპეკულაციებს არ უჭერდა მხარს და სამართალდამცავ ორგანოებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე.

თუკი დაინახა კომისიამ, რატომ ვერ დაინახა „ქართულმა ოცნებამ"?

„მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ.

17-კაციანმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც 9 დეპუტატი "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო, მაგალითად, დაადგინა, რომ:

  • საქმე გააყალბეს პროკურატურისა და შს სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებიც ჯერ ისევ მუშაობენ ამ უწყებებში;
  • საქმის გაყალბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა, რომელიც მიხეილ კალანდიას ბიძაა.
  • მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე 14 დღით შეწყდა თვითმხილველების დაკითხვა;
  • გამოძიებამ არ შეისწავლა ფეისბუკისა და ინსტაგრამის მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილსა და მის დეიდაშვილს, მიხეილ კალანდიას შორის;
  • არ გაიჩხრიკა სუბელიანისა და კალანდიას სახლები, არ იქნა ამოღებული კალანდიას სისხლიანი ტანსაცმელი;
  • გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესითა და მტკიცებულებათა განადგურების ხელშეწყობით, არაერთი ადამიანი მუშაობდა იმისთვის, რომ რეალური დამნაშავეები არ დასჯილიყვნენ.

კომისიის დასკვნაში ასახული მიგნებების უდიდესი ნაწილი არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობამ. გაკეთდა არაერთი კომენტარი კომისიის ოპოზიციონერ წევრთა მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაზე. მათ შორის იყო თავადაც კომისიის მიერ გამოკითხული შს მინისტრი გიორგი გახარია.

ბიძინა ივანიშვილი ზაზა სარალიძეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00

პარალელურად, ზაზა სარალიძეს „ქართული ოცნება“ ყოველმხრივ ადანაშაულებდა საკითხის პოლიტიზებაში. პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძეს „ნაციონალური მოძრაობის“კოორდინატორიც უწოდა და 2018 წლის 26 ოქტომბრის ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ზაზა სარალიძე სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნახავდა ადგილს რუსთაველის გამზირზე.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა:

  • არ არის საჭირო ქუჩა, ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული ...
  • ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად, ჯერ ეს არ ჩანს არსად...
  • ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, კომისია თუ რა, მთავარი პროკურორი გადადგა - თუმცა ამისი აუცილებლობა საერთოდ არ იყო...
  • არავითარი ხიბლი დღეს ხელისუფლებას არა აქვს, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს ამ გამოძიებაში, არსად ეს არ იკვეთება...
  • ადარებენ „გირგვლიანის საქმეს“ - იქ ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი და შემდეგ, მკვლელებს ხელს აფარებდა წლების განმავლობაში; შეიძლება ეს თემა იმას შევადაროთ?!

დასასჯელი კიდევ ბევრია?

საქმის განხილვის დღიდან პროკურატურის „ოქროს მოწმის“ სტატუსს მიხეილ კალანდია ინარჩუნებდა.

მან ჩვენებები არაერთხელ შეცვალა, მაგრამ ბოლომდე სწორედ ის რჩებოდა ბრალდების მხარის ერთადერთ იმედად იმისათვის, რომ დამტკიცებულიყო გ.ბ.-ს ბრალეულობა დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ეს პოზიცია.

ზაზა სარალიძის ადვოკატი პროკურატურაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00
გადმოწერა

„პროკურატურა მთელი ეს პერიოდი მთელი ძალით ცდილობდა, რომ პირვანდელი ბრალდება გაეტანა და არ დამდგარიყო მიხეილ კალანდიას ბრალეულობის საკითხი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ. მისი თქმით, „ხარვეზები და გაჭიანურება საქმეში ძირითადად სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოძიების საწყისი ეტაპის შემდეგ, საგამოძიებო პროცესმა პროკურატურაში გადაინაცვლა“.

საქმის გაჭიანურება იმთავითვე დიდწილად უკავშირდებოდა სწორედ მირზა სუბელიანის ზეგავლენებით საქმის გაყალბებას - მისი ცოლის ძმისშვილის, მიხეილ კალანდიას დახმარებასა და მასზე ხელის დაფარებას; თუმცა:

  • თავად მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმეზე მხოლოდ შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული;
  • სუბელიანს სასამართლომ 2019 წლის მარტში შეუფარდა პატიმრობა 1 წლითა და 1 თვით;
  • სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისში დააკავეს და თუკი მას ბრალი არ დაუმძიმდება, საპატიმროს ივლისში დატოვებს.

ზაზა სარალიძის ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ გარდა წაყენებული ბრალისა, სუბელიანის მიმართ სხვა არაერთი შეკითხვა არსებობს და გამოძიება ამ საკითხებითაც უნდა დაინტერესდეს.

„მაგალითად, გასარკვევია სამოხელეო დანაშაულის საკითხები - ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე? ცრუ ჩვენებისთვის არის დაკავებულია დ.ღ. თუმცა, იგივე ქმედებები არაერთი სხვა პირის ქმედებაში შეინიშნება და ესეც შესასწავლია“,- ამბობს ადვოკატი.

ხორავას ქუჩის საქმეზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას. ის აუცილებლად მიიჩნევს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას:

  • გამოძიება აღიარებს, რომ თავდაპირველ გამოძიებაში ნამდვილად იყო დაშვებული შეცდომები და ბრალი სწორად არ არის წარდგენილი;
  • უკვე არის დადასტურება და აღიარება იმისა, რომ გამოძიება იყო არაეფექტური და, სულ მცირე, ადგილი ჰქონდა ​სამსახურეობრივ გულგრილობას ან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს.

სავარაუდო დამნაშავეთა არაერთი გვარია ჩამოთვლილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG