„მადლობა მედიას, რომ ამ საქმეს ასე აქტიურად აშუქებდით და ჩვენს გვერდით იდექით“, - ასე დაიწყო ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ 4 ივნისის პრესკონფერენციაზე თავისი გამოსვლა და განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ხორავას საქმე ჯერ არ დასრულებულა.
„ჯერ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მაგალითად, გასარკვევია, სამოხელეო დანაშაულის საკითხები - ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე? ცრუ ჩვენებისთვის არის დაკავებულია დ.ღ. თუმცა, იგივე ქმედებები არაერთი სხვა პირის ქმედებაში შეინიშნება და ესეც შესასწავლია“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი იყო მთავარი ბიძგი პროკურატურისათვის, თუმცა ნესტან ლონდარიძე დაგვიანებულად მიიჩნევს საგამოძიებო ორგანოს ქმედებას. მისი სიტყვებით, საქმეში იყო არაერთი მტკიცებულება, რაც დავით სარალიძის მკვლელობაში კალანდიას მონაწილეობას ადასტურებდა.
„რატომ დააკავეს კალანდია დღეს და არა აქამდე? ჩვენ ყველა ეტაპზე ვიბრძოდით სამართლიანოს აღდგენისათვის. ზაზა სარალიძე იბრძოდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, მისი შვილის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას სავარაუდო მონაწილეპნა. მაგრამ პროკურატურამ აქამდე არ გადადგა ეს ნაბიჯი. პროკრატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ჩემი აზრით არასწორი ნაბიჯია“.
სარალიძის ადვოკატი ასევე მოითხოვს გამოძიება დაინტერესდეს მირზა სუბელიანის ქმედებებითაც, რადგან გარდა მისთვის წაყენებული ბრალისა, არსებობს კიდევ არაერთი შეკითხვა მის მიმართ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილი განცხადებით, დღევანდელი დღე ზაზა სარალიძისათის ძალიან ემოციური დღეა, ამიტომ ის შეფასებებს მომდევნო დღეების განმავლობაში გააკეთებს.