ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან ღია შეხვედრას ითხოვს. შეხვედრა პროკურატურაში 25 მაისს უნდა შედგეს. მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ვინაიდან საქმეში არასრულწლოვანები არიან ბრალდებული და სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ზაზა სარალიძესთან და მისი ოჯახის ადვოკატთან შეხვედრაც დახურულ რეჟიმში გაიმართება.
ზაზა სარალიძე, საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს და 27 მაისს 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას გეგმავს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ორ დეკემბერს - საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში ხუთი პირიც მისცა.