Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურის შემოვლითი გზა - ჰამაკები და ნაზუქები აღარ იქნება?


ხაშური
ხაშური

ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც ხაშურსა და სურამს გვერდს აუვლის, აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ხალხს, ვინც გზაზე გამოტანილი ჰამაკებითა და ნაზუქებით ირჩენდა თავს, სავაჭროდ სხვა ადგილას გადასვლა მოუწევს.

ჯერ, აბა, რა ვთქვათ? ვნახოთ, როგორ იქნება ხალხი“, - ასე უპასუხა ნაზუქებით მოვაჭრემ რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რა ბედი ეწევა მის ბიზნესს შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ. მან ჩვენგან გაიგო, რომ მანქანები ძველი გზით, ფაქტობრივად, აღარ ივლის.

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ივლისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო სამუშაოები ოქტომბრამდე გადავადდა. აგვისტოს ბოლოს გზის 13-კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4-ზოლიანი გზა გაიხსნება, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით 2-ზოლიანი იქნება. დამატებითი 2 ზოლის მშენებლობის დასრულება ოქტომბერშია დაგეგმილი.

შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ რიკოთის გვირაბამდე მივა. გზა გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს.

მხოლოდ ხაშურსა და სურამში ამჟამად 30 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს და ბევრი მათგანი გზაზე გამოტანილი საქონლით ირჩენს თავს. კომერციულ საქმიანობაშია ჩართული თითქმის ყველა, ვისი სახლიც გზის პირას დგას, რადგან მაგისტრალის სიახლოვე მათ საშუალებას აძლევთ, საოჯახო ბიზნესი სახლიდან გაუსვლელად აწარმოონ და კლიენტებს 24-საათიანი მომსახურება შესთავაზონ. აქ არის არა მხოლოდ ჰამაკები და ნაზუქები, არამედ სხვადასხვა კვების ობიექტები, მაღაზიები, მცირე ბაზრობები.

ლაურა გოგოლაძე, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი, ამბობს, რომ ეს ადგილები გზაზეა დამოკიდებული. ხარაგაულში ყველაზე ნაკლებად ის სოფლები დაიცალა, რომლებიც ავტომაგისტრალს ესაზღვრებოდა. საუბარია ძირულას ხეობაზე, რომელსაც ახალი გზა სამომავლოდ ასევე განზე დატოვებს.

ზოგი სიმინდს ყიდის, ზიგი - მარწყვს. ხის ნაკეთობებით, კალათებით ვაჭრობენ. ახლა ჩაკეტილი რომ იყო ყველაფერი, ხალხს მარწყვი გაუფუჭდა, იზარალა მოსახლეობამ. ახლა გზა კი დარჩება, მაგრამ ეს ამდენი მანქანა იქ რომ აღარ გაივლის, ჩაკვდება ყველაფერი“, - ამბობს ლაურა გოგოლაძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის მიმდებაე ტერიტორიაზე იქნება ადგილები, სადაც სავაჭრო პუნქტებს გადაიტანენ და ხალხს იქ შესთავაზებენ პროდუქტების გაყიდვას.

ნაზუქებით, ჰამაკით მოვაჭრეებისთვის ავტობანის მიმდებარედ მოვაწყობთ ფართო ტერიტორიას, სადაც მათ ექნებათ საშუალება, განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ახლა ვაკეთებთ ამ ადგილს. სავარაუდოდ, ვაჭრობისთვის ხალხი არაფერს გადაიხდის“, - განაცხადა ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა.

თუმცა ეს სავაჭრო პუნქტები ადგილობრივი მოსახლეობისგან მაინც დიდი მანძილით იქნება დაშორებული, რაც მათთვის ვაჭრობას გააძნელებს.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში არსებულ გზას უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, აშენდება 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟო სისტემები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG